სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროში „დევნილთა ჩასახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში დახარჯული საბიუჯეტო სახსრების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტის თანახმად, სამინისტროს 2019 წელს საბიუჯეტო განაცხადებთან დაკავშირებული, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით (98-ე და 99-ე მუხლები) მოთხოვნილი ინფორმაცია სრულად არ წარუდგენია, ხოლო 2020 წლის განაცხადი მეთოდოლოგიის (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანება „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“, დანართი №3 - ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროგრამული ბიუჯეტის ფორმატით შედგენის მეთოდოლოგია) მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ შესაბამისი კონტროლის მექანიზმების არარსებობისა და პასუხისმგებელი პირების არასათანადო ქმედებების გამო, პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის ძირითადი პრინციპები დაირღვა და საბიუჯეტო ასიგნებების არარაციონალურად ხარჯვის რისკი შეიქმნა.

ანგარიშში საუბარია პროგრამის ღონისძიებების დაგეგმვის - ობიექტების შერჩევის ნაკლოვანებებზე. სამინისტროს არ შეუსწავლია დევნილთა კომპაქტურად დასახლებულ ობიექტებზე სარემონტო სამუშაოების ჩატარების მოთხოვნები. შესაბამისად, არ დაუდგენია სამუშაოთა ის მოცულობა, რომლითაც პროგრამის მასშტაბები, მიზნები და საჭირო რესურსები განისაზღვრებოდა. არ იყო დამტკიცებული კრიტერიუმები, რომლებითაც ობიექტის პრიორიტეტულობა, სარემონტო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა დადგინდებოდა. 2019 წელს 144 174 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოები ათ ობიექტზე დაიგეგმა, ხოლო 2020 წელს 78 380 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოების ჩატარება ექვს ობიექტზე გადაწყდა.

აუდიტორი ანგარიშში აღნიშნავს, რომ სამინისტროს ხელმძღვანელის ბრძანებებით დამტკიცებული სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოების კომისიის მიერ მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების გამო, ტენდერებში დაბალკვალიფიციური პრეტენდენტების მონაწილეობის რისკები შეიქმნა. რამდენიმე ტენდერში გამარჯვებულად აღიარებულია კომპანიები, რომლებსაც, ელექტრონული ტენდერების ჩატარების დროს, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანება ერიცხებოდათ.

დარღვევებით ჩატარებული ტენდერების გარდა, დაფიქსირდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დადებული ხელშეკრულებების შეუსრულებლობაც. აუდიტის დასკვნით, სახეზეა ხელმძღვანელი პირების მხრიდან კონტროლის მექანიზმების არაქმედითუნარიანობა. არაჯეროვანმა კონტროლმა სარემონტო სამუშაოების შესრულებისა და მიღება-ჩაბარებისას დარღვევების არსებობა განაპირობა. ამის გამო, აუდიტორის დასკვნით, საბიუჯეტო სახსრები არაჯეროვნად გაიხარჯა და პროგრამით დასახული მიზნების ეფექტიანობა მიღწეული არაა.

მაგალითად: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „იმედის“ მიერ სამინისტროსთვის წარდგენილი ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის 2019 წლის 19 მარტის დასკვნის მიხედვით, კორპუსის მდგრადობის გაუმჯობესების მიზნით, აუცილებელი იყო დაზიანებული წყალგაყვანილობის სისტემის მოწესრიგება, კორპუსის ირგვლივ ბეტონის წყალხსნარით სარინელის მოწყობა და კორპუსის ფუნდამენტის რკინაბეტონის ბურღვითნატენი ხიმინჯებით გამაგრება. სამინისტროს ხელმძღვანელობამ, ალტერნატიული ექსპერტიზის გარეშე, გამაგრების პროექტი შეცვალა. კონკრეტულად კი ფუნდამენტის ნაწილის რკინაბეტონის მონოლითური ფილით გამაგრება გადაწყვიტა. ჩათვალა, რომ შენობის მდგრადობის შენარჩუნებისთვის, ეს საკმარისი იყო, თუმცა ამ გადაწყვეტილების მართებულობა ვერ დაასაბუთა. ამის გამო, კორპუსის მდგრადობასთან დაკავშირებული რისკები შეიქმნა.

ანგარიშში შეტანილია სამშენებლო სამუშაოების ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაციის არარსებობის გამო წარმოქმნილი დარღვევების მაგალითები:

ზუგდიდში, აღმაშენებლის ქ. N222-ში მდებარე შენობის სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებულია 1 კგ ანტიკოროზიული საღებავი, რომლის ღირებულებაც 7,5 ლარს შეადგენს. სინამდვილეში კი გამოყენებულია 3,46 ლ ღირებულების ანტიკოროზიული საღებავი.

ხონის სამხედრო დასახლებაში მდებარე შენობის სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში შემსყიდველმა გაითვალისწინა 1 ცალი წყალმიმღები მოთუთიავებული თუნუქის ძაბრი, რომლის სისქე 0,5 მმ-ია, ღირებულება კი - 50 ლარი. მიმწოდებელმა 30 ლარის ღირებულების წყალმიმღები მოთუთიავებული თუნუქის ძაბრი გამოიყენა.

ქობულეთში, 9 აპრილის ქუჩაზე და დაბა ჩაქვში მდებარე შენობების სარემონტო სამუშაოებისას ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებული 1 ცალი წყალმიმღები მოთუთიავებული თუნუქის 0,5 მმ-იანი 50 ლარის ღირებულების ძაბრის ნაცვლად, გამოყენებულია 10 ლარის ღირებულების წყალმიმღები მოთუთიავებული თუნუქის ძაბრი.

ფოთში, ნატო ვაჩნაძის ქუჩაზე მდებარე შენობის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში შემსყიდველს 1 კგ ბიტუმის ღირებულებად 2 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული. მიმწოდებელმა 0,1 ლარის ღირებულების ანტიკოროზიული ბიტუმი გამოიყენა.

ქუთაისში, სოხუმის ქუჩაზე მდებარე შენობის სარემონტო სამუშაოების სატენდერო ხარჯთაღრიცხვით, გათვალისწინებული იყო 1 კგ ანტიკოროზიული ზეთოვანი საღებავი, რომლის ღირებულებაც მითითებულია 12 ლარის ოდენობით. აუდიტის შეფასებით, გამოყენებულია 9-ლარიანი ანტიკოროზიული ზეთოვანი საღებავი.

რუსთავში, კოსტავასა და ბოსტანქალაქის ქუჩებზე მდებარე შენობების სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა ითვალისწინებდა 150 ლარის ღირებულების ერთ კომპლექტ თურქულ უნიტაზს, თუმცა მიმწოდებელმა 90 ლარის ღირებულების თურქული უნიტაზი გამოიყენა.

ობიექტების ადგილზე დათვალიერების შედეგად კი შემდეგი დარღვევები გამოვლინდა:

ზუგდიდში პროფესიული სასწავლებლის შენობის სახურავი შეღებილი იყო ანტიკოროზიული საღებავით არათანაბრად, ზოგიერთ ადგილას შეინიშნებოდა კოროზიული მონაკვეთები;

სოფელ ჭითაწყარის ვეტერინარული ლაბორატორიის შენობის სახურავი მოწყობილი იყო მოთუთიავებული თუნუქით, რომლის ქვეშაც ხის კოჭებზე არ შეინიშნებოდა ცეცხლდაცვისა და ანტისეპტირების სითხით დამუშავების კვალი, ფასადის მხრიდან ფანჯრების ფერდოები შელესილი იყო ნაწილობრივ;

სოფელ ჭითაწყარის ელექტროქსელის შენობის სახურავზე თუნუქის ფილები დამონტაჟებული იყო უხარისხოდ, შეიმჩნეოდა კოროზია. გაირკვა, რომ წვიმის დროს სახურავზე დგებოდა წყლის გუბეები, რის გამოც იჟანგებოდა სახურავი და წყალი ოთახებსა და დერეფანში ჩადიოდა, სახურავის ხის მასალა ნაწილობრივ იყო ახლით შეცვლილი, ხის კოჭებსა და ლარტყებზე ანტისეპტიკური მასალით დამუშავების კვალი არ შეიმჩნეოდა.

ქუთაისში, ყოფილი „აისის“ შენობის სახურავის ნაწილი შეცვლილი იყო მოთუთიავებული თუნუქის ფურცლებით. შეერთების ზოგიერთ ადგილზე შეიმჩნეოდა ძველსა და ახალჩაკერილ ფურცლებს შორის ნაკლები სიმჭიდროვე. სახურავის შეცვლილი მონაკვეთები საშემსრულებლო ნახაზზე არ დაფიქსირებულა.

ხონის სამხედრო დასახლებაში (ოთხი ოთხსართულიანი კორპუსი) №97 წყალშემკრები ძაბრები მოთუთიავებული თუნუქით არ მოწყობილა. №102 კორპუსის შენობის ფასადი ქვაცემენტის ხსნარითა და დეკორატიული შხეფით შელესილი არ იყო.

ქობულეთსა და დაბა ჩაქვში (ყოფილი სკოლის შენობა) და №1 კორპუსი დამონტაჟებული იყო ხუთი ცალი პლასტმასის წყალსაწრეტი მილი, თითოეული 13 მ სიგრძის, თუმცა შესრულებული სამუშაოების აქტში მითითებულია თექვსმეტი ცალი 13-მეტრიანი მილის მონტაჟი, №3 კორპუსში მოთუთიავებული თუნუქის წყალსაწრეტი მილი დამონტაჟებული არ იყო; ყოფილი სკოლის შენობა №7-ში წყალშემკრები ღარები ჩაკერებული იყო ძველისგან განსხვავებული თუნუქის მასალით და ზოგიერთ ადგილას კუთხეების შეერთების ადგილები უხარისხოდ იყო გადაბმული. შენობის მთელ პერიმეტრზე წყალშემკრები ღარები ნაწილობრივ იყო შეცვლილი.

ფოთში ყოფილი საბავშვო ბაღის შენობის მთელ პერიმეტრზე პარაპეტზე მოწყობილი იყო 1,3 მ სიგანის მოთუთიავებული თუნუქით დაფარული რუბეროიდის (რულონის სახის საბურულე და ჰიდროსაიზოლაციო მასალა) ფენა. გაირკვა, რომ გადაბმის ადგილებში გუბდებოდა წყალი და შენობაში ჩადიოდა. რუბეროიდის ფენა მოწყობილი იყო მთელი შენობის სახურავზე მხოლოდ ნაწილობრივ, დაახლოებით 20 კვ. მ-ზე.

ქუთაისში, ყოფილი კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის შენობაზე წყალშემკრები ღარების მართკუთხა საკიდები შენობის უკანა მხარეს უხარისხოდ იყო დამონტაჟებული, ხოლო მარცხენა მხარეს საერთოდ არ დაუმონტაჟებიათ;

ყოფილი საბავშვო ბაღის შენობის I და II კორპუსების სახურავი შეიღება არათანაბრად. აუდიტორმა გაარკვია, რომ მიმწოდებელმა სახურავი ჟანგისგან ნაწილობრივ გაწმინდა და ერთი ფენით შეღება, რის გამოც დაიჟანგა.

რუსთავში შენობის მესამე სართულზე მდებარე სველი წერტილები ხარვეზებით გარემონტდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, სამინისტროში დანერგილმა ხარვეზიანმა შიდა კონტროლის სისტემამ - აუდიტორის მიგნებების გამომწვევი მიზეზების აღმოჩენა ან/და პრევენცია, ხოლო სამინისტროს ხელმძღვანელობამ აღნიშნული სისტემების სრულყოფა და მისი ქმედითუნარიანობის კონტროლი ვერ უზრუნველყო.

ფოტო: Tabula