2021 წლის 18 დეკემბერს სოციალურ ქსელში მომხმარებელმა ენრი ონიანმა მანიპულაციური მტკიცება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირმა გადაწყვეტილება მიიღო რომ, 27-ვე წევრმა სახელმწიფომ უნდა აღიაროს ერთსქესიანი მშობლები და მათი შვილები. მსგავსი შინაარსის მტკიცება Facebook-გვერდმა „Politicano • პოლიტიკანო“ და „tvalsazrisi.ge“ გაავრცელეს.

2021 წლის 14 დეკემბერს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა საქმეზე, რომელიც ერთნაირსქესიანი წყვილის შვილისთვის დაბადების მოწმობის გაცემის საკითხს შეეხებოდა.

ბულგარეთის მოქალაქე კალინა ივანოვა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ჯეინ ჯონსი 2018 წელს ესპანეთში დაქორწინდნენ, მათი შვილი კი 2019 წელს დაიბადა. ესპანეთის სახელმწიფომ ბავშვის დაბადების მოწმობა გასცა, რომელშიც ორივე დედა ბავშვის მშობლებად იყვნენ განსაზღვრული.

იქიდან გამომდინარე, რომ ბულგარული პირადობის მოწმობისთვის საჭიროა ბულგარული დაბადების მოწმობის არსებობა, ბავშვის დედამ, კალინა ივანოვამ სოფიის მუნიციპალიტეტს მისი შვილისთვის ბულგარული დაბადების მოწმობის გაცემის მოთხოვნით მიმართა. მიმართვას თან დაურთო ესპანეთის სამოქალაქო რეესტრის ამონაწერის დამოწმებული თარგმანი ბულგარულ ენაზე, რომელიც მისი შვილის დაბადების მოწმობას ეხება.

სოფიის მუნიციპალიტეტმა კალინა ივანოვას მისი შვილის დაბადების მოწმობის გაცემაზე უარი უთხრა. გადაწყვეტილების მიზეზად მუნიციპალიტეტმა არასაკმარისი ინფორმაციის გამო, ბავშვის ბიოლოგიური დედის იდენტიფიცირების შეუძლებლობა დაასახელა. ასევე, აღნიშნა, რომ დაბადების მოწმობაში მშობლებად 2 მდედრობითი სქესის წარმომადგენლის ჩაწერა ბულგარეთის კანონმდებლობასთან შეუსაბამო იყო, რადგან ბულგარეთის კანონი ერთნაირსქესიანთა ქორწინებას კრძალავდა.

კალინა ავანოვამ სოფიის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილება სოფიის სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში გაასაჩივრა. ამ უკანასკნელმა კი, დამატებით განმარტებისთვის ევროკავშირის სასამართლოს მიმართა.

14 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ გამოქვეყნებული პრესრელიზის მიხედვით, ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ ესპანეთმა უკვე დაადგინა შვილისა და მშობლების ურთიერთობა დაბადების მოწმობით, რომელშიც მშობლებად ერთნაირსქესიანთა წყვილია მითითებული და შესაბამისად, ბულგარეთმა ბავშვზე პასპორტი ამაზე დაყრდნობით უნდა გასცეს. სასამართლოს განმარტებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის წევრმა ყველა ქვეყანამ ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინება საკუთარი ეროვნული კანონმდებლობით უნდა ცნოს, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე საკუთარი უფლებების რეალიზება უნდა შეეძლოთ.

სასამართლომ აღნიშნა, რომ ევროკავშირის ფუნქციონირების ხელშეკრულების (TFEU) 21-ე მუხლის მიხედვით, ევროკავშირის ყველა მოქალაქეს აქვს უფლება ევროკავშირის ტერიტორიაზე შეუფერხებლად ისარგებლოს მისი უფლებებითა და თავისუფლებებით. ამასთან, ევროკავშირის 2004 წლის 38-ე დირექტივის მიხედვით, წევრმა სახელმწიფოებმა თავიანთი კანონების შესაბამისად, გამოსცენ საკუთარი მოქალაქეებს პირადობის მოწმობა ან პასპორტი, რომელშიც მითითებულია მათი მოქალაქეობა.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ვალდებულება - გასცეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ბავშვზე, რომელიც არის ამ სახელმწიფოს მოქალაქე, რომელიც დაიბადა სხვა წევრ ქვეყანაში და ამ სახელმწიფომ დაბადების მოწმობაში მშობლებად დანიშნა ერთი და იგივე სქესის ორი პირი. ასევე, აღნიშნა, რომ ბავშვის მიერ TFEU-ს 21-ე მუხლით და მასთან დაკავშირებული მეორადი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების გამოყენება არ შელახავს ეროვნული იდენტობას და არ შეუქმნას საფრთხე ამ წევრი სახელმწიფოს საჯარო პოლიტიკას. დამატებით, სასამართლომ განმარტა, რომ განხილული გადაწყვეტილება არ მოითხოვს შესაბამის წევრ სახელმწიფოს მიერ, მის ეროვნულ კანონმდებლობაში აღიაროს და დააკანონოს ერთნაირსქესიანთა ქორწინება. თუმცა, ხაზი გაუსვა, რომ ბავშვის თავისუფალი გადაადგილების უფლება იმის გამო არ უნდა შეფერხდეს, რომ წევრი ქვეყნები ერთნაირსქესიანთა ქორწინებას არ ცნობენ.

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით სასამართლომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს დაავალა, რომ უზრუნველყოს ევროკავშირის მოქალაქისთვის მისი უფლებების რეალიზება, თუმცა იქვე განმარტა, რომ ეს არ ნიშნავს ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების აუცილებლობას. ამასთან, ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნების შიდა რეგულირების საკითხს წარმოადგენს. ამაზე მეტყველებს თავად ის ფაქტიც, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება 27 წევრი სახელმწიფოდან, 16 სახელმწიფოშია დაშვებული.

----------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.