სოციალურ ქსელ Facebook-ში ვირუსულად ვრცელდება თავდახრილი მტრედის ვიდეო, სათაურებით: „ეკლესიის ზარების ხმაზე მტრედი თაყვანისცემას იწყებს“, „როდესაც ზარის რეკვის ხმა ესმის, თავს ასე ხრის.’’ (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5, ბმული 6, ბმული 7, ბმული 8, ბმული 9, ბმული 10, ბმული 11).
სინამდვილეში, მტრედის ვიდეო არა ორიგინალი, არამედ მონტაჟის შედეგია. Google-ის ხელსაწყოს, Image Search- ის, გამოყენებით, დგინდება, რომ სოციალურ ქსელში აღნიშნული ვიდეო ყველაზე ადრე 2021 წლის 9 დეკემბერს იძებნება, სათაურით - „Praying Pigeon Viral #trending #viral #shorts #pigeon #praying“, თუმცა ვიდეოში არანაირი ხმა არ ისმის.
მოგვიანებით, 9, 13, 14 და 16 დეკემბერს YouTube-სა და TikTok-ზე ანალოგიური ვიდეო გავრცელდა, თუმცა სხვადასხვა ვერსიებით (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4). უმეტეს მათგანს მუსლიმანური ლოცვის ხმა ადევს:
აღსანიშნავია, რომ თავდახრილი მტრედის გამოსახულება და მისი ლოცვებთან დაკავშირება სოციალურ ქსელში სხვა ფორმითაც პოპულარულია. მაგალითად, Pinterest-სა და Twitter-ზე 2019 წლიდანვე იძებნება ფოტოები, რომლებზეც მტრედი და მუსლიმანური ტექსტები იმავე შინაარსის გადმოსაცემადაა გამოხატული:
დიდი ალბათობით, აღნიშნულ ფოტოებსა და ვიდეოებზე გამოხატული მტრედები ვირუსული ინფექციით - პარამიქსოვირუსით - არიან დაავადებულნი. ავსტრალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანახმად, მტრედებში კისრის ამგვარ მდგომარეობას აღნიშნული ვირუსი იწვევს. გავრცელებულ ვიდეოში ასევე კარგად ჩანს, რომ მტრედი დასუსტებულია და მწერებიც ეხვევიან:
ამრიგად, მტკიცება, თითქოს მტრედი ეკლესიის ზარების ხმაზე თაყვანისცემას იწყებს და თავს ხრის, ყალბია. ზარების ხმა ვიდეომონტაჟის საშუალებითაა დამატებული, ხოლო სოციალურ ქსელში აღნიშნული ვიდეო სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლების მიერ სხვადასხვა ხმოვანი ვერსიებითაა გავრცელებული.
-------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.