19 დეკემბერს Facebook-გვერდმა კონსერვატიური გვერდი სოციალურ ქსელში თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატის, რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუს ფოტო გამოაქვეყნა შემდეგი წარწერით: „მრცხვენია საქართველოს პრეზიდენტმა ქართული ჩემზე უარესად იცის“. ფოტომასალა ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს აღნიშნული განცხადება ოგბუნუჯუმ ტელეკომპანია 1TV.ge-ისთან გააკეთა.

ციტატა, რომელიც სოციალურ ქსელში ტელეკომპანია 1TV.ge-ის ვიზუალით ვრცელდება, რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუს არ ეკუთვნის. აღნიშნული ციტატაა 1TV.ge-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ან Facebook-გვერდზე არ გვხვდება. მსგავსი განცხადება არ მოიპოვება არც რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუს Facebook-გვერდზე ან სხვა მედიასაშუალებების ოფიციალურ ვებგვერდებზე. შესაბამისად, ფოტოზე მოცემული ციტატა გამოგონილია.

რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუს აღნიშნული ფოტო თანდართული წარწერის გარეშე ტელეკომპანია 1TV.ge-ის ოფიციალურ გვერდზე 22 სექტემბერს გამოქვეყნდა. ფოტომასალა 21 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გამართული თბილისის მერობის კანდიდატების დებატებიდანაა. აღნიშნული დებატების დროს რიჩარდ არინზე ოგბუნუჯუს მოცემული განცხადება არ გაუკეთებია.

1TV.ge

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.