სოციალურ ქსელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომების შესახებ გავრცელებული მორიგი მანიპულაციური მტკიცების მიხედვით, კვიპროსის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, იმ ადამიანებზე, რომელთაც კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტი ან სხვა ახალი მუტირებული ვარიანტი დაუდასტურდებათ, საცხოვრებელი ადგილის იძულებითი შეზღუდვა გავრცელდება: „...დაიწყება მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია, მოსახლეობის მოთავსება ბანაკებში“, ვკითხულობთ Facebook-პოსტში, რომელშიც ინფორმაცია დამახინჯებულადაა წარმოდგენილი.

იხ. Facebook-პოსტი

კვიპროსის მთავრობამ კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტის გავრცელების საწინააღმდეგოდ ახალი ზომები მართლაც შემოიღო. კერძოდ, ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიხედვით, 15 დეკემბრიდან ქვეყანაში ომიკრონით ინფიცირებული ადამიანები მკურნალობას სახელმწიფოს მიერ მითითებულ დაწესებულებაში გააგრძელებენ. თუმცა, სოციალურ ქსელში განსაკუთრებულ ამბად წარმოჩენილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსის ახალი სწრაფად გავრცელებადი ომიკრონის ვარიანტის დადასტურების შემთხვევაში, კვიპროსში ინფიცირებული ადამიანების საზოგადოებისგან დროებით იზოლირება მოხდება, სულაც არ წარმოადგენს კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის პროცესში სიახლეს.

პანდემიის მიმდინარეობისას, ქვეყნები მუდმივად მიმართავენ რეგულაციას, რომელიც, ვირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით, COVID-19-ით ინფიცირებული და ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი ადამიანების თვით/იზოლაციას გულისხმობს. მაგალითად, პანდემიის საწყის ეტაპზე, როდესაც საქართველოში კორონავირუსის ვუჰანის შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები ფიქსირდებოდა, ვირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, ინფიცირებული პირები ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავდათ. მოგვიანებით კი, როდესაც კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი გაიზარდა აღნიშნული მიდგომა შეიცვალა. ამჟამად, ინფიცირებული პირის დაავადების მიმდინარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის და თვითიზოლაციის პირობების შეფასების შემდგომ, ექიმის გადაწყვეტილებით, პაციენტის მკურნალობა საავადმყოფოში, კოვიდსასტუმროში ან სახლში მიმდინარეობს.

მეცნიერები ჯერ კიდევ იკვლევენ ომიკრონს, მათ შორის იმას, თუ ახალი შტამის შემთხვევაში - რამდენად დაცული იქნებიან სრულად ვაქცინირებული ადამიანები ინფიცირებისგან, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისგან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, არსებულმა ვაქცინებმა „ომიკრონით“ დაავადებული პაციენტები დაავადების მძიმე ფორმით მიმდინარეობისგან უნდა დაიცვას. წინასწარი ლაბორატორიული კვლევები აჩვენებს, რომ Pfizer ვაქცინის სამი დოზა (სრულად ვაქცინაცია + ბუსტერი) ომიკრონის ვარიანტს ანეიტრალებს.

ამდენად, კვიპროსში ომიკრონით (ან კორონავირუსის ჯერ უცნობი ვარიანტით) ინფიცირებული პირების ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოყოფილ დაწესებულებებში მოთავსება, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვითა და ადამიანთა სიცოცხლეზე ზრუნვითაა განპირობებული, ხოლო მსგავსი გადაწყვეტილების „ფაშიზმთან“ ან „მოსახლეობის ბანაკებში იძულებით მოთავსებასთან“ კავშირი, შეთქმულების თეორიაა, რომელიც ფაქტებს არ ეფუძნება.

---------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.