ნოემბერში სოციალური ქსელის სხვადასხვა მომხმარებლის მიერ (პოსტი 1, პოსტი 2, პოსტი 3) ინფორმაცია გავრცელდა, რომ იაპონია კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად COVID-19-ის ვაქცინებს აღარ იყენებს და ივერმექტინით მკურნალობის ეტაპზე გადავიდა. ამავე პოსტების მიხედვით, „მოდერნასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებში გაურკვეველი ნაწილები აღმოაჩინეს, ხოლო მას შემდეგ რაც ვაქცინების გამოყენება შემცირდა და ივერმექტინით მკურნალობის პროცესი დაიწყო, ქვეყანაში კორონავირუსის პანდემია დასრულდა. რეალურად, პოსტებში გავრცელებული ინფორმაცია მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად და ყალბ ამბავს წარმოადგენს.
იაპონიაში ვაქცინაციის შეწყვეტისა და ივერმექტინით მკურნალობის საკითხით სხვადასხვა საერთაშორისო ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმა (Factcheck.org, USA Today, Fullfact, Reuters Factcheck, AFP Factcheck) დაინტერესდა. ყველა მათგანის მიერ აღნიშნული მტკიცებები შეფასდა, როგორც ყალბი ამბავი.
მტკიცება: იაპონიამ ვაქცინაცია ყველაზე გვიან დაიწყო და პირველმა დაასრულა
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
მტკიცება, რომ იაპონიაში ნოემბრის თვისთვის ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა, სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნული ამბავი, სოციალურ ქსელებში 17 ოქტომბერს Hal Turner Radio Show-ს მეშვეობით გაჟღერდა, რაც PolitiFact-ის მიერ მალევე შეფასდა, როგორც ყალბი ამბავი, რადგან ამ განცხადებიდან მეორე დღეს, იაპონიაში დაახლოებით 600 000 ვაქცინის დოზის ადმინისტრირება მოხდა.
რეალურად, მტკიცება, რომ იაპონიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები არ გამოიყენება, ტყუილია. ნოემბრის თვეშიც და დღესაც იაპონიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სამი ვაქცინით - „ფაიზერი“, „მოდერნა“ და „ასტრაზენეკა“, ხორციელდება. აგვისტოში ვირუსის ყოველდღიური შემთხვევების პიკური მაჩვენებლები (20 000-ზე მეტი), ნოემბრის დასაწყისისთვის ნამდვილად დაეცა, რაც ჯანდაცვის ექსპერტების თქმით სხვადასხვა ფაქტორით შეიძლება იყოს განპირობებული: ვაქცინაციით, პირბადის ტარებით, ტესტირებითა და სიფრთხილის ზომებზე გაზრდილი ყურადღებით.
რაც შეეხება ზოგადად იმუნიზაციის პროცესს, იაპონიაში ვაქცინაციის პროცესი აშშ-თან და დიდ ბრიტანეთთან შედარებით საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობდა - 65 წელზე უფროსი ადამიანების ვაქცინაცია აპრილის შუა რიცხვებში დაიწყო, ხოლო 65 წლამდე ადამიანების ვაქცინაცია 21 ივნისიდან. მიუხედავად ამისა, იაპონიაში უკვე ოქტომბრის ბოლოსთვის მოსახლეობის 71% სრულად ვაქცინირებული იყო.
მტკიცება: „მოდერნასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებში უცხო ნაწილაკები იპოვეს და მათი გამოყენება შეაჩერეს
ვერდიქტი: ნახევრად სიმართლე
მტკიცება, რომ იაპონიაში „მოდერნასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებში უცხო ნაწილაკები აღმოაჩინეს, ნახევრად სიმართლეა. რეალურად, იაპონიამ ვაქცინაში უცხო ნივთიერებების აღმოჩენის მიზეზით, „მოდერნას“ დაახლოებით 1,63 მილიონი დოზის ადმინისტრირება ნამდვილად შეაჩერა, თუმცა „ფაიზერის“ ვაქცინასთან დაკავშირებით მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
იაპონიის მარეგულირებელი ორგანოების ინფორმაციით, წუნდებული ვაქცინები ესპანეთის ერთ-ერთ ქარხანაში იყო ნაწარმოები. კომპანია Moderna-მ და იაპონურმა ფარმაცევტულმა კომპანია Takeda-მ მომხდარზე მოკვლევა დაიწყეს. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ წარმოების პროცესში დანადგარის არასწორი განლაგების გამო ხახუნის შედეგად ვაქცინაში უჟანგავი ფოლადის ნაწილაკები მოხვდა. როგორც კომპანიებმა განაცხადეს, ამ ზომის ნაწილაკების კუნთში მოხვედრას შესაძლოა მხოლოდ ადგილობრივი რეაქცია გამოეწვია, თუმცა არა რაიმე მწვავე რეაქცია, ინფექცია და სხვა გვერდითი მოვლენები. ამდენად, მსგავს შემთხვევას ადამიანის ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხის მიყენება არ შეეძლო.
ამდენად, წარმოების პროცესში დაშვებული შეცდომის გამო მოდერნას წუნდებული ვაქცინები იაპონიამ ხმარებიდან ამოიღო და მოდერნას ვაქცინის ადმინისტრირება შესაბამისად დროებით შეჩერდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანას სხვა კოვიდვაქცინების გამოყენება არ შეუწყვეტია. იაპონიაში არათუ ვაქცინების გამოყენება შეწყდა, არამედ „ფაიზერის“ დამატებითი ე.წ. ბუსტერ დოზების გამოყენების რეკომენდაციაც გაიცა (დეკემბრიდან სამედიცინო პერსონალისა და 18 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის).
მტკიცება: იაპონიაში კორონავირუსის პანდემია ივერმექტინმა დაასრულა
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
პოსტებში მოყვანილი მტკიცება, რომ თითქოს იაპონიაში კორონავირუსის პანდემიის დასრულება ივერმექტინის მეშვეობით მოხდა, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, პრეპარატი ივერმექტინი COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატების იმ ჩამონათვალში, რომელიც იაპონიის ფარმაცევტული და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტოს (PMDA) მიერ არის შედგენილი, საერთოდ არ შედის. „ივერმექტინზე კლინიკური ცდები კვლავ მიმდინარეობს, თუმცა ის SARS-CoV-2 ინფექციით (COVID-19) გამოწვეული დაავადების სამკურნალოდ დამტკიცებული არ არის“, - განაცხადა PMDA- ის პრესსპიკერმა AFP Factcheck-თან საუბარში.
შეცდომაში შემყვანი მტკიცებები ივერმექტინით მკურნალობასთან დაკავშირებით, ტოკიოს სამედიცინო ასოციაციის თავმჯდომარის, ჰარუო ოზაკის პრესკონფერენციიდან მომდინარეობს. მან აგვისტოში ჩატარებულ კონფერენციაზე COVID-19-ით დაავადებული ადამიანების ივერმექტინით მკურნალობას გაუწია რეკომენდაცია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ტოკიოს სამედიცინო ასოციაცია სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და მას მხოლოდ რეკომენდაციების და შეთავაზებების გაკეთება შეუძლია, თუმცა მთავრობის მიღებულ გადაწყვეტილებებზე გავლენა არ აქვს. იაპონიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით კი, ივერმექტინზე დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო, ამდენად პრეპარატი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული.
------------------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.