ცნობილი ანტივაქსერი და ჰომეოპათი თინა თოფურია COVID-19-ის ვაქცინებთან დაკავშირებით მორიგ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს. 2021 წლის 14 დეკემბერს Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ პირებს „იმუნიტეტის ეროზია“ უვითარდებათ. ასეთი ადამიანები ინფექციების მიმართ დროდადრო უფრო მოწყვლადები ხდებიან. რაც შეეხება აუცრელებს, ვინც კორონავირუსი გადაიტანა, უფრო ძლიერი და მდგრადი ბუნებრივი იმუნიტეტი უვითარდებათ. აღნიშნული მტკიცებების წყაროდ სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებია მითითებული.
თინა თოფურიას პოსტში მოყვანილი მტკიცებები ყალბია. აღნიშნული ინფორმაცია პირველად უცხოურ წყაროებში გავრცელდა. სინამდვილეში, ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით არ მტკიცდება, რომ ვაქცინაცია „იმუნიტეტის ეროზიას“ იწვევს. შედეგების ამგვარი ინტერპრეტაცია ვებსაიტზე - America's Frontline Doctors - გამოქვეყნდა, სადაც კორონავირუსის შესახებ მცდარი ინფორმაცია აქამდეც გავრცელებულა (ბმული 1, ბმული 2).
„ლანცეტის“ თანახმად, კვლევამ (კვლევა სხვა მეცნიერების მიერ არ განხილულა) მხოლოდ ის აჩვენა, რომ ვაქცინების შედეგად გამომუშავებული დაცვა დროთა განმავლობაში მცირდება. მასში არსადაა აღნიშნული, რომ ვაქცინაცია „იმუნიტეტის ეროზიას“ იწვევს. კვლევის ერთ-ერთი ავტორი, პიტერ ნორდსტორმი, America's Frontline Doctors-ზე გამოქვეყნებულ სტატიას დეზინფორმაციას უწოდებს: „ყალბია მტკიცება, რომ ვაქცინაცია იმუნურ ეროზიას ან შეძენილ იმუნოდეფიციტს იწვევს. თუკი მსგავსი რამ საერთოდ არსებობს, ჩვენი კვლევა ან ჩემთვის ცნობილი მონაცემები, ამას არ ადასტურებს“.
ამავე შინაარსის კომენტარი გააკეთა მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის ასისტენტ-პროფესორმა, პაბლო პენელოსა-მაკმასტერმა: „Covid-19-ის ვაქცინები არ იწვევს იმუნური სისტემის დაქვეითებას. ეს ისეთივე დეზინფორმაციაა, როგორც იმის მტკიცება, რომ დედამიწა ბრტყელია. აღნიშნული ვაქცინები მსოფლიოს მასშტაბით უკვე მილიონობით ადამიანმა მიიღო. მონაცემები კი აჩვენებს, რომ ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტურია, იმ ადამიანებშიც კი, რომელთაც თანმხლები დაავადებები და სუსტი იმუნური სისტემა გააჩნიათ“.
რაც შეეხება მტკიცებას, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ გამომუშავებული იმუნიტეტი უფრო ძლიერია, ვიდრე ვაქცინით, მცდარია. CDC-ის კვლევამ აჩვენა, რომ ჰოსპიტალიზაციისას ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი არავაქცინირებულ და ადრე ინფიცირებულ პაციენტებში უფრო მაღალი იყო, ვიდრე სრულად ვაქცინირებულ პაციენტებში. აღნიშნული დეზინფორმაციის შესახებ ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.
კიდევ ერთი დეზინფორმაცია, რასაც თინა თოფურია ავრცელებს, ვაქცინირებულ პირებში მიოკარდიტის განვითარებას ეხება. პოსტის თანახმად, ადამიანებს აცრის შემდგომ ხშირად მიოკარდიტები ემართებათ. სინამდვილეში, ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, 1 მილიონ ვაქცინირებულ ადამიანზე 1-2 მიოკარდიტის შემთხვევაა დაფიქსირებული. ამასთანავე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ი-რნმ ვაქცინებსა და გულის დაავადებების ძალიან იშვიათ შემთხვევებს შორის შესაძლო კავშირია დადგენილი. ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიებში (ბმული 1, ბმული 2).
-----------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.