მერაბ ცინციბაძე: „1 700 000 იყო ჯანდაცვაზე [ქობულეთის ბიუჯეტში] 2021 წელს, ახლა არის 1 500 000 ლარი. სად გვაქვს მატება?“
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მერაბ ცინციბაძის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უკვე დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისთვის 2 862 930 ლარია გამოყოფილი. აქედან 1 561 050 ლარი საკუთრივ ჯანდაცვის ქვეპროგრამებზე დაიხარჯება, ხოლო სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით მერია 1 301 880 ლარის დახარჯვას გეგმავს. 2021 წლის ბიუჯეტის საბოლოო გეგმის თანახმად, ჯანდაცვის ქვეპროგრამებისთვის 1 724 036 ლარი იყო გათვალისწინებული, რაც მომავალი წლის ანალოგიურ პარამეტრზე 162 986 ლარით მეტია.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან ჯანდაცვის მიმართულებით სულ ექვსი ქვეპროგრამა ფინანსდებოდა. მომავალ წელს კი ერთი მათგანის, კერძოდ, COVID-19-ით ინფიცირებულთა ოჯახების დახმარების ქვეპროგრამის დაფინანსებისთვის საჭირო თანხა გათვალისწინებული აღარაა. თუმცა დაემატა იშვიათ დაავადებათა მქონე პირთა დახმარების ღონისძიება. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მიმართულებით მერია ნაკლები ფულის დახარჯვას გეგმავს, ა(ა)იპ ქობულეთის ჯანდაცვისა და სერვისების ცენტრს დაფინანსება გაუზარდა.
ვინაიდან პოლიტიკოსი მერაბ ცინციბაძე 2022 წლის ბიუჯეტის გეგმით გათვალისწინებულ მაჩვენებელს 2021 წლის ბიუჯეტის საბოლოო გეგმის ანალოგიურ მაჩვენებელთან ადარებს, მისი განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი: ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მერაბ ცინციბაძემ განაცხადა: „1 700 000 იყო ჯანდაცვაზე [ქობულეთის ბიუჯეტში] 2021 წელს, ახლა არის 1 500 000 ლარი“. განცხადების კონტექსტი გულისხმობს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ჯანდაცვის ქვეპროგრამების დაფინანსებისთვის ნაკლები თანხა გამოყო.
„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
როგორც ირკვევა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისთვის, 2022 წლის ბიუჯეტში 2 862 930 ლარი გაითვალისწინა. მუნიციპალიტეტის 2021 წლის საბოლოო გეგმის თანახმად, ანალოგიური პარამეტრი 2 264 766 ლარი იყო, ხოლო საწყისი პარამეტრი 1 942 570 ლარს შეადგენდა. გამოდის, რომ 2022 წელს აღნიშნული პროგრამის დაფინანსებისთვის მერიამ, საწყის პარამეტრთან შედარებით - 920 360 ლარით, ხოლო საბოლოო გეგმასთან შედარებით, 598 164 ლარით მეტი გაითვალისწინა. პროგრამის ჯამური დაფინანსებიდან 1 561 050 ლარი კონკრეტულად ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამებზე მოდის, რაც გასული წლის ანალოგიური მაჩვენებლის საბოლოო გეგმაზე (1 724 036 ლარი) 162 986 ლარით ნაკლებია, ხოლო საწყის პარამეტრს (1 445 240 ლარი) 115 810 ლარით აღემატება.
ცხრილი 1. ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების დაფინანსება (ლარი), ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით
წყარო: ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ცხრილი 1-დან ჩანს, რომ მერიამ ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების დაფინანსება 2021 წლის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილების შედეგად გაზარდა. მათ შორის, გაიზარდა ა(ა)იპ ქობულეთის ჯანდაცვისა და სერვისების ცენტრის დაფინანსებაც. აღნიშნული ორგანიზაციის შტატში ხუთი ადამიანი მუშაობს. მათი შრომის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებულია ჯამში 31 800 ლარი.
ა(ა)იპ ჯანდაცვისა და სერვისების ცენტრის მთავარი მიმართულებებია: პირველადი ჯანდაცვის ხელშეწყობა, რაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული თორმეტი პირველადი ჯანდაცვის ცენტრის კომუნალურ ხარჯებსა და მედპერსონალის სატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფას გულისხმობს; ადგილზე ექიმამდელი სამედიცინო დახმარების ორგანიზება და პირველადი დახმარების მედიკამენტებით უზრუნველყოფა; მოწყვლადი კატეგორიის ბენეფიციარების სოციალური მხარდაჭერა, რომელიც ითვალისწინებს 0-დან 150 000-ს ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მძიმე და ღრმა შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირთა უზრუნველყოფას მოვლის საშუალებებით, მგრძნობელობის დაქვეითების მქონე მძიმე და ღრმა შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფას და სოციალურად დაუცველ, 0-დან 150 000-ს ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებში შვილის დაბადებისას, ერთი წლის ასაკამდე ბავშვის უზრუნველყოფას მოვლის საშუალებებით ან/და ბავშვთა კვებით.
2021 წლის საბოლოო გეგმასთან შედარებით, ოდნავ შემცირებულია სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარების ქვეპროგრამის დაფინანსებაც. თუმცა ამ მიზნით გათვალისწინებული თანხის მოცულობა მერიამ 2021 წლის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილების შედეგად, მანამდე უკვე გაზარდა.
არსებული მდგომარეობით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის ქვეპროგრამებისთვის ნაკლები დაფინანსება დაიგეგმა, მაგრამ გამორიცხული არაა, ეს ხარჯი გაიზარდოს, როგორც 2021 წლის შემთხვევაში მოხდა. თუმცა, ვინაიდან მერაბ ცინციბაძე ერთმანეთთან 2022 წლის ბიუჯეტის გეგმასა და 2021 წლის საბოლოო გეგმას ადარებს, მისი განცხადება არის სიმართლე.