28 ნოემბერს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ღვინის საერთაშორისო გამოფენა Raw Wine Berlin 2021 ჩატარდა, რომელშიც 20-მდე ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, მარნები მონაწილეობდნენ. 29 ნოემბერს ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ღონისძიებისთვის განკუთვნილი ქართული ღვინის ნიმუშების ღონისძიებაზე ჩატანა, რაზეც პასუხისმგებელი ღვინის ეროვნული სააგენტო იყო, ვერ მოესწრო. სააგენტომ ოფიციალური განცხადება მხოლოდ ინფორმაციის გავრცელებიდან მეორე დღეს გააკეთა და განმარტა, რომ „გამოფენაზე ქართული ღვინის წარდგენა, გერმანიაში ტრანსპორტირების შემდეგ, გერმანული მხარის მიერ დეტალური ინსპექტირებისა და უქმე დღეების გამო ვერ მოხერხდა“.

2 დეკემბერს ღვინის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ გამოეხმაურა აღნიშნულ საკითხს და საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ინტერნეტგამოცემაში „The Morning Claret“ გამოქვეყნებული საიმონ ვულფის სტატიიდან ამონარიდებით სცადა საკუთარი სიმართლის მტკიცება. „ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, რა წერია სინამდვილეში აღნიშნულ სტატიაში და რამდენად გამომდინარეობს მისგან პოსტში მოყვანილი მტკიცებები.

სააგენტოს პოსტის პუნქტი I: „სტატიაში საუბარია, რომ ქართულმა პრესამ და სოციალურმა მედია საშუალებებმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს და ტვირთის დაგვიანებაში ბრალი ღვინის ეროვნულ სააგენტოს დასდეს“.

სინამდვილეში სტატიაში არსად ვხვდებით მითითებას, რომ მედიებმა ღვინის ეროვნული სააგენტო ტვირთის დაგვიანებაში უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს. მედია საშუალებები სტატიაში სულ სამჯერ არის ნახსენები (2-ჯერ ზოგადად მედიად და ერთხელ სახელობითად „მთავარი არხი“).

პირველად მედია საშუალებები სტატიის გამხსნელ აბზაცშია ნახსენები. ავტორის თანახმად, პრობლემის არსებობის გასაჯაროებისთანავე მედია საშუალებებმა სწრაფადვე დაადანაშაულეს ღვინის სააგენტო, რომლის პასუხისმგებლობაც იყო ღვინის ფესტივალზე ჩატანა. სხვა სახის მტკიცება ან მსჯელობა ამ ნაწილში არ გვხვდება. აბზაცის ბოლო წინადადებაში კი ავტორი კითხვას სვამს თუ რა მოხდა სინამდვილეში, რითაც იქმნება მოლოდინი რომ ამ კითხვას პასუხი სტატიამ უნდა გასცეს. შესაბამისად, ამ ნაწილში ავტორი არ უთითებს, რომ მედიამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა უშუალოდ ტვირთის დაგვიანების მიზეზებთან დაკავშირებით.

გამხსნელ აბზაცში დასმულ კითხვაზე პასუხის თვალსაზრისით, რა გამომდინარეობს მთლიანად სტატიის შინაარსიდან? უშუალოდ ტვირთის დაგვიანებაში ღვინის სააგენტოს როლზე ავტორი ცალსახა დასკვნას (საკუთარი ტექსტით) არცერთ შემთხვევაში არ გვთავაზობს და ამ საკითხზე მხოლოდ რესპოდენტთა შეფასებები მოჰყავს [1]. სტატიის ბოლო, დასკვნით, აბზაცში კი შეფასებას, რომ ტვირთის დაგვიანებაში ბრალი სააგენტოს არ მიუძღვის, სტატიის ავტორი ასევე არ აკეთებს და სააგენტოს როლს ზოგადი და ბუნდოვანი ფრაზით - ღვინის სააგენტომ ყველაფერი გააკეთა, რათა დახმარებოდა გამოფენაზე მყოფ ქართველ მეღვინეებს - აფასებს. თუმცა აღნიშნული მტკიცებაც კი სტატიის შინაარსიდან არ გამომდინარეობს, ცალკე აღებულ ფრაზას წარმოადგენს და არც ავტორის მიერ არის ახსნილი, რაში გამოიხატა ეს დახმარება ან როგორ მივიდა ამ დასკვნამდე. მეტიც, სტატიაში პირდაპირ არის მითითებული საწინააღმდეგო დასკვნის განმაპირობებელი არაერთი არგუმენტი. კერძოდ:

• ადგილობრივ იმპორტიორ ზოლტან კოვაჩზე დაყრდნობით, სტატიაში მოცემულია ინფორმაცია, რომ 150 ბოთლ ქართულ ღვინოს, რაც ღვინის ეროვნულმა სააგენტომ გააგზავნა გამოფენაზე, სტენდებამდე არც მიუღწევია და ღვინის ფესტივალზე მწარმოებლებმა საკუთარი ხელჩანთებით ჩატანილი ღვინო წარადგინეს, ცალკეულ შემთხვევაში კი - მეღვინეებს სადეგუსტაციოდ გამოსაყენებელი ღვინო ადგილობრივმა იმპორტიორმა მიაწოდა საკუთარი მარაგებიდან.

• სტატიაშივეა მოყვანილი ერთ-ერთი მეღვინის გიორგი ნათენაძის მტკიცებაც, რომ მან შექმნილი პრობლემის შესახებ მხოლოდ ფრენამდე 6 საათით ადრე შეიტყო.

• სტატიის ერთ-ერთ აბზაცში მითითებულია, რომ გიორგი ნათენაძე და სხვა მეღვინეები შექმნილ პრობლემაში ბრალს ღვინის ეროვნულ სააგენტოს სდებენ.

• სტატიაშივე ვხვდებით მითითებას, რომ ღვინოები გაიგზავნა დაგვიანებით და „ინსაიდერის“ ინფორმაციით, გერმანიის საბაჟო სამსახურს არაფერი უჩვეულო არ გაუკეთებია.

• სტატიაშივე ვხვდებით მითითებას, რომ გამოცემამ ასევე გაარკვია, რომ საბაჟო სამსახურის ყურადღება მიიპყრო ღვინოებმა მარკირების გარეშე, რამაც შემოწმების უფრო ინტენსიური ფორმის ჩატარების გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისად, პროცესის დროში გახანგრძლივება განაპირობა.

საბოლოო ჯამში ავტორის მიერ მოძიებული და სტატიაში გადმოცემული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სააგენტომ ღვინოების ჩატანა ვერ უზრუნველყო და მეღვინეებმა საკუთარი ძალებით შეძლეს შექმნილი ვითარებიდან მეტ-ნაკლებად „გამოძრომა“. პრობლემის შექმნა კი გამოიწვია საბაჟო პროცედურებისათვის არასათანადოდ მომზადებულმა ტვირთმა და დაგვიანებით გაგზავნამ, რამაც ხარვეზების გამოსწორების დრო არ დატოვა. აღნიშნულის ფონზე, როგორ მივიდა სტატიის ავტორი დასკვნამდე, რომ ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ყველაფერი გააკეთა მეღვინეთა დასახმარებლად, სრულიად გაუგებარია [2]. შესაბამისად, არც მთლიანად სტატიიდან არ გამომდინარეობს რომ ტვირთის დაგვიანებაში ღვინის სააგენტოს დადანაშაულებით მედიასაშუალებებმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს.

მეორე შემთხვევაში, ავტორი ტყუილად აფასებს „მთავარი არხის“ სათაურს „ღვინის ფესტივალი ქართული ღვინის გარეშე“. თუმცა სათაური დამახინჯებულად მოჰყავს და მას არასრულად ციტირებს [3], რითაც ინფორმაციის კონტექსტს სრულად ცვლის. შემდგომ მსჯელობაში კი აფასებს დამახინჯებული სათაურის სიზუსტეს, რაც შინაარსობრივი აბსურდია. სათაურში არსებული მტკიცების კორექტულობის შეფასების მიზნით ავტორი განიხილავს უშუალოდ იმ ფაქტს, ჩატარდა, თუ - არა ღვინის ფესტივალი ქართული ღვინის გარეშე და ყურადღების მიღმა ტოვებს სათაურში არსებულ მეორე საკითხს, თუ რა როლი ჰქონდა ტვირთის დაგვიანებაში სააგენტოს.

ფოტო 1. მთავარი არხის სათაური სტატიაში მითითებული ბმულიდან

წყარო: მთავარი არხის TMC-ში დალინკული სტატია.

მთავარი არხის ინფორმაციის სიმცდარის დასტურად ინტერნეტგამოცემას მოჰყავს ფაქტი, რომ ფესტივალზე ქართული ღვინო მაინც იყო წარმოდგენილი, მეღვინეების მიერ პირადი ხელბარგით ჩატანილი ან/და ცალკეული ადგილობრივი იმპორტიორის მიერ საკუთარი მარაგიდან მიწოდებული ნიმუშების სახით, მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს მიერ გაგზავნილი ნიმუშების სტენდებამდე მიტანა ვერ მოხერხდა. შესაბამისად, ავტორი სიცრუედ აფასებს უშუალოდ ფაქტს, რომ ფესტივალი ქართული ღვინის გარეშე ჩატარდა და ამ ნაწილში არც მსჯელობს (არც უარყოფს, არც ადასტურებს) ტვირთის დაგვიანებაში სააგენტოს ბრალეულობაზე. მაშინ როცა სათაურის სრულად აღების შემთხვევაში ეს ცენტრალური მნიშვნელობის საკითხია. შესაბამისად, არც ამ შემთხვევაში ავტორი არ უთითებს, რომ მედიამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა უშუალოდ ტვირთის დაგვიანების მიზეზებთან დაკავშირებით და ამბობს, რომ არასწორი ის მტკიცება იყო, რომლის თანახმადაც ფესტივალი ქართული ღვინის გარეშე ჩატარდა. აქვე აღსანიშნავია, რომ ავტორისვე ინფორმაციით, მიუხედავად ფაქტისა, რომ ქართული ღვინო ფესტივალზე ასე თუ ისე წარმოდგენილი იყო, მისი მარაგები ნაადრევად ამოიწურა.

მესამე შემთხვევაში, მედია საშუალებები ნახსენებია მათი მხრიდან ღვინის სააგენტოს კორუფციასა და საბიუჯეტო სახსრების არამართლზომიერ ხარჯვაში დადანაშაულების კონტექსტში და ამ ნაწილში ტვირთის დაგვიანებაში სააგენტოს როლზე საუბარი არ არის. მეტიც, კორუფციასა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვაზე სტატიაში აქამდე და არც შემდეგ არცერთი სიტყვა არ არის ნახსენები და ის ავტორის განხილვის საგანი არც ყოფილა. შესაბამისად ამ ნაწილში ავტორი ყოველგვარ არგუმენტაციაზე მითითებისა და მსჯელობის გარეშე მხოლოდ საკუთარ ვარაუდს აფიქსირებს, რომ ეს ბრალდებები დაუსაბუთებელი ჩანს და, შესაძლებელია, ქვეყანაში არსებულ დაძაბულ პოლიტიკურ გარემოს უკავშირდებოდეს [4]. შესაბამისად, ავტორის მხრიდან რამე ფორმის მტკიცებას და, მით უმეტეს, მედიის მხრიდან ტვირთის დაგვიანების მიზეზებზე არასწორი ინფორმაციის გავრცელებაზე მითითებას, არც ამ შემთხვევაში ვხვდებით.

სააგენტოს პოსტის პუნქტი II: „სტატიაში საიმონ ვულფი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამ დაბრკოლებისა, გამოფენაზე მაინც მოხერხდა ქართული ღვინოების წარდგენა და ამ ფაქტს ფესტივალის მიმდინარეობისთვის ხელი არ შეუშლია“

სტატიაში ციტატა წინადადებათა მსგავსი კომბინაციით საერთოდ არ გვხვდება. შესაბამისად, რა წყაროს ციტირებს სააგენტო, პოსტში დაუდგენელია. მთლიანი ციტატის ცალკეულ შემადგენელ ნაწილებს რაც შეეხება, დაბრკოლების მიუხედავად, ქართული ღვინის წარდგენა გამოფენაზე რომ მოხერხდა, ეს სტატიაში ნამდვილად აღნიშნულია და ფაქტს წარმოადგენს. თუმცა სტატიაშივეა აღნიშნული, რომ გამოფენაზე ქართული ღვინის წარდგენა მეღვინეთა ინდივიდუალური მცდელობების შედეგად მოხერხდა და ღვინის სააგენტოს როლზე, ამ კუთხით, არაფერია ნათქვამი. დამატებით აღსანიშნავია, რომ სტატიის ავტორისვე ინფორმაციით, მიუხედავად ფაქტისა, რომ ქართული ღვინო ფესტივალზე ასე თუ ისე წარმოდგენილი იყო, მისი მარაგები ნაადრევად ამოიწურა. უმნიშვნელოვანესი გარემოება, წარდგენილი ნიმუშები რამდენად სრულფასოვნად ფარავდა ღვინის იმ ასორტიმენტს, რომლის წარდგენაც ქართველ მწარმოებლებს სურდათ, ავტორის მიერ განხილული არ არის. შესაბამისად, მოცემულ ნაწილში მსჯელობა ზედაპირულია და ფესტივალში მონაწილეობა დაყვანილია საკითხამდე „რამის დასხმა“ მაინც თუ იყო შესაძლებელი [5] სადეგუსტაციოდ. რაც პირდაპირ აჩენს კითხვას, რამდენად კომპეტენტურად და მიუკერძოებლად არის ვითარება გაანალიზებული და გადმოცემული მოცემულ სტატიაში.

„ციტატის“ მეორე ნაწილის შემთხვევაში კი, ქართული ღვინის ფესტივალზე საერთოდ ვერ წარდგენასაც კი თავად ფესტივალის მიმდინარეობისთვის ხელი როგორ უნდა შეეშალა ბუნდოვანია, ვინაიდან საქართველო მხოლოდ ერთ-ერთი მონაწილე იყო და არა ერთადერთი. შესაბამისად, არარსებული საფრთხის დაძლეულად წარმოჩენა, ერთი მხრივ, მხოლოდ მანიპულაციურ მიზნებს ემსახურება, მეორე მხრივ, მსგავსი მტკიცება სტატიაში მოცემული არ არის. ფესტივალის ჩატარებისთვის შესაძლო საფრთხის ნაწილში მხოლოდ პანდემიურ ვითარებაზეა ყურადღება გამახვილებული და ავტორი აღნიშნავს, რომ ორგანიზატორებმა თითქმის შეუძლებელი შეძლეს გამოფენის მსგავს ვითარებაში ჩატარების უზრუნველყოფით. ბუნებრივია, ქართული ღვინის წარდგენა ვერ წარდგენის ფაქტს სტატიის მოცემულ ნაწილთან და მასში გამოთქმულ შეფასებებთან საერთო არაფერი აქვს.

სააგენტოს პოსტის პუნქტი III: „რთული და სტრესული სიტუაციის მიუხედავად, ქართველი მეღვინეები მადლობას უხდიან ღვინის ეროვნულ სააგენტოს მხარდაჭერისთვის”- ინტერნეტგამოცემა The Morning Claret.

სინამდვილეში, აღნიშნული ციტატა არ ეკუთვნის ინტერნეტგამოცემას „The Morning Claret“, როგორც ეს ღვინის სააგენტოს პოსტიდან იკითხება და მისი ავტორია ადგილობრივი იმპორტიორი, „Naturwein Georgien“-ის მფლობელი ზლოტან კოვაჩი. თავისთავად ტექსტს კი სხვა კონტექსტი გააჩნია. კოვაჩი განმარტავს რომ „მძიმე და სტრესული სიტუაციის მიუხედავად, ქართველი მეღვინეები ემადლიერებიან ღვინის სააგენტოს, რომელიც ფარავს ღვინის ტრანსპორტირების ხარჯების ნაწილს ისეთი ღონისძიებებისათვის, როგორიცაა RAW Berlin“. შესაბამისად, მადლიერება მიემართება სააგენტოს ზოგად როლს ფესტივალებში მონაწილეობის ხელშეწყობაში და არა კონკრეტულად RAW Berlin ფესტივალის შემთხვევაში სააგენტოს მოქმედებას. მეტიც, ზოლტან კოვაჩის ზემოთმოყვანილი პოზიცია სრულდება მისი მხრიდან იმედის გამოთქმით, რომ „გაკვეთილი ნასწავლია და მომავალში ღვინო გაიგზავნება გაცილებით ადრე“. შესაბამისად, ნათელი ხდება მისი პოზიცია, თუ რამ განაპირობა შეფერხება. ამავდროულად, სტატიაშივეა მოყვანილი უშუალოდ მეღვინეების (Natenadze and others told TMC that they hold the Georgian Wine Agency responsible) მოსაზრება, რომ ისინი კრიზისული ვითარების შექმნაში ღვინის სააგენტოს ადანაშაულებენ.

დასკვნის სახით შესაძლებელია აღინიშნოს, რომ საკუთარ ფეისბუქ პოსტში ღვინის სააგენტო სტატიაში აღწერილ გარემოებებს ე.წ. „ჩერიფიქინგის“ პრინციპით, მანიპულაციურად, კონტექსტის გარეშე და არასწორი ინტერპრეტირებით ავრცელებს. მეორე მხრივ - თავისთავად „The Morning Claret“-ში გამოქვეყნებული სტატიაში განვითარებული მსჯელობა და ანალიზიც კომპეტენტურობის ან/და მიუკერძოებლობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან კითხვის ნიშნებს აჩენს. საავტორო ტექსტი და შეფასებები დიდწილად თანხვედრაშია ღვინის ეროვნული სააგენტოს პოზიციასთან, სტატიაშივე მოყვანილი საწინააღმდეგო მტკიცებები კი საავტორო ტექსტებში გაურკვეველი მიზეზით ვერ/არ აისახა.

[1] ერთი მხრივ ღვინის სააგენტოს წარმომადგენლების მხრიდან ბრალის უარყოფა, მეორე მხრივ - მეღვინეთა პოზიცია სააგენტოს ბრალეულობაზე.

[2] შესაძლებელია ასეთი დადებითი როლი არსებობს და სტატიის ავტორისთვის ის ცნობილია, თუმცა უშუალოდ სტატიაში მსგავს ფაქტზე მითითებას ვერ ვხვდებით.

[3] სათაურის მეორე ნაწილი “…ბერლინში, გამოფენაზე ღვინის სააგენტომ ქართული ღვინო ვერ ჩაიტანა” ავტორმა ყურადღების მიღმა დატოვა.

[4] აღსანიშნავია რომ აღნიშნული ტექსტი შინაარსობრივ თანხვედრაშია ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ განცხადებაში გაჟღერებულ პოზიციასთან.

[5] “Georgian producers had at least something to pour” (საიმონ ვულფის სტატია, მე-4 აბზაცი)