Facebook-მომხმარებელმა სახელად ვა მეხი გამოაქვეყნა მანიპულაციური Facebook-პოსტი, რომელშიც რუსეთის პატრიარქის ინტერვიუს ვიდეო ნაწყვეტია მოცემულია. მთლიან ვიდეოს გასდევს წარწერა: проговорился (ალაპარაკდა). საშობაო ეთერში რუსეთის პატრიარქი კირილე არაერთ საკითხს განიხილავს. თუმცა სოციალურ ქსელში განთავსებული ვიდეო უკონტექსტოდაა ამოჭრილი. აღნიშნულ მონაკვეთში რუსეთის პატრიარქი ციფრული ტექნოლოგიების მიმართ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის დამოკიდებულებაზე საუბრობს.
Facebook-პოსტის ავტორი სოციალურ ქსელში ანტივაქსერული პოსტებით გამოირჩევა. მას შემდეგ, რაც საქართველოში 17 ნოემბერს მწვანე პასპორტების შემოღება დაანონსდა, ამავე Facebook-გვერდზე მწვანე პასპორტის წინააღმდეგ მოწოდებების აფიშირება დაიწყო. ვა მეხის მიერ გამოქვეყნებული 7 დეკემბრის პუბლიკაციას თანდართული აღწერა შემდეგია: “ვაჰაჰაჰაჰაჰააა რუსეთის პატრიარქი ალაპარაკდა, დაგასწროთ საპატრიარქოვ!!! თქვენ კი იყავით ღარიბაშვილ-ივანიშვილს და ტიკარაძეს უყურეთ თვალს როდის ჩაგიკრავთ…”. ვიდეოზე დართული აღწერა შეცდომაში შემყვანია და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს რუსეთის პატრიარქი ვაქცინებზე და ციფრულ პასპორტებზე საუბრობს. პოსტის კომენტარებშიც Facebook-მომხმარებელთა აშკარა დაბნეულობა შეინიშნება, მისი შინაარსის გაურკვევლობის გამო.
სინამდვილეში, რუსეთის პატრიარქის საშობაო ინტერვიუ იმ სახით არის ამოჭრილი, რომ ვიდეოში ჟურნალისტის შეკითხვა არ ჩანს, რომელზეც რესპონდენტი პასუხობს. ის, რომ პატრიარქი მწვანე პასპორტის საკითხს არ განიხილავს, დასტურდება მთლიან ინტერვიუში მოცემული ჟურნალისტის შეკითხვიდან. ჟურნალისტი კითხვას პატრიარქს ციფრულ ტექნოლოგიებზე და დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით უსვამს.
აღნიშნულ ინტერვიუში ერთხელაც არ არის ნახსენები ვაქცინაცია. ვიდეო 2021 წლის 7 იანვრამდეა ჩაწერილი და ამავე წლის 7 იანვარს არის გამოქვეყნებული. ამ დროისთვის „მწვანე პასპორტების“ იდეა, არა თუ საქართველოში, არამედ ევროკავშირის ქვეყნებშიც არ იდგა დღის წესრიგში. ციფრულ მწვანე პასპორტებზე ოფიციალური „იურიდიული წინადადება“ ევროპის კომისიამ, მხოლოდ 17 მარტს, ევროკავშირის ქვეყნებისა და მთავრობის ხელმძღვანელთა სამიტის წინ წარადგინა. პატრიარქი კირილე ვაქცინაციას საჯაროდ ემხრობა. ის სასულიერო პირებს სანქციებით დაემუქრა, რომლებიც მრევლს ურჩევენ, რომ არ აიცრან.
________________________________________________________________
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.