სოციალურ ქსელში ცნობილი ამერიკელი ბოდიბილდერის, ჯორჯ პეტერსონის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი და მანიპულაციური მტკიცებები ვრცელდება. Facebook მომხმარებლის - „მარჯი საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, „სამი დღის აცრილი“ ჯორჯ პეტერსონი გარდაცვლილი იპოვეს ერთ-ერთ სასტუმროში. ავტორი, მანიპულაციურად ცდილობს, პეტერსონის გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა წარმოაჩინოს.

ჯორჯ პეტერსონი (მეტსახელად „ხარი“ Da Bull), ბოდიბილდინგის სახეობაში ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი იყო, გამოდიოდა მრავალ შოუში, მათ შორის - ოთხჯერ გამოვიდა პრესტიჟულ „ოლიმპიაში“ (Olympia); და სამჯერ „Classic Physique”-ში.

პეტერსონი 2016 წელს გახდა პროფესიონალი, მან ორჯერ მოიგო „ტამპა პრო“ (ერთხელ კლასიკური, ერთხელ 212 კატეგორია) და იყო 2019 Arnold Classic Physique-ის ჩემპიონი.

პეტერსონს ბოლო პროფესიონალური გამოსვლა 2020 წელს „ტამპა პროზე“, IFBB მამაკაცთა „Classic Physique“-ში ჰქონდა. მას შემდეგ ის აქტიურად ემზადებოდა ფლორიდის ქალაქ ორლანდოში, 7-10 ოქტომბერს გასამართ 2021 წლის „ოლიმპიას“ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად.

ჯორჯ პეტერსონი 6 ოქტომბერს ორლანდოში, საკუთარ ნომერში გარდაცვლილი იპოვა მისმა მწვრთნელმა და მეგობარმა ჯასტინ მილერმა. პეტერსონის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი დღემდე არ გახმაურებულა და ამ საკითხზე არც მის ოჯახს გაუკეთებია საჯაროდ განცხადება. თუმცა, ღია წყაროებში არავითარი ინფორმაცია არ იძებნება იმის თაობაზე, რომ პეტერსონის გარდაცვალებას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან რაიმე კავშირი შეიძლება ჰქონდეს. ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ პეტერსონი წლის ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზე გამოსასვლელად ემზადებოდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეჯიბრამდე 4 დღით ადრე აცრა გაეკეთებინა (ღია წყაროებშიც არსად ფიქსირდება, რომ ის გარდაცვალებამდე 3 დღით ადრე აიცრა).

შესაბამისად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჯორჯ პეტერსონი „აცრიდან სამ დღეში“ გარდაიცვალა, არის დაუსაბუთებელი მტკიცება და მკითხველების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

მისი მეგობრისა და მწვრთნელის, ჯასტინ მილერის საჯაროდ გაკეთებული კომენტარებიდან ირკვევა, რომ პეტერსონი საკუთარ ნომერში იატაკზე, რამდენიმე საათის გარდაცვლილი იპოვეს და მას ცხვირიდან სისხლდენის კვალი ემჩნეოდა. ზოგიერთი მისი კოლეგა პეტერსონის გარდაცვალების შესაძლო მიზეზად წონის ცვლილებასა და ახალ სავარჯიშო სისტემას ასახელებს. უნდა აღინიშნოს, რომ ბოდიბილდინგში მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები - ორგანიზმის მკაცრი დატვირთვისა და ექსტრემალური სავარჯიშო რეჟიმის გამო, ხშირია.

---------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.