პოლიტიკოსის პოსტში წარმოდგენილი შემოსავლების მაჩვენებლები, როგორც 2012, ასევე 2021 წელს - - 800 ლარს შეადგენს, თუმცა ნომინალურ შემოსავალზეა საუბარი, თუ რეალურზე (ინფლაციით მოსწორებული) - მითითებული არ არის. აღნიშნული შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ 2012 წლის შემდეგ შინამეურნეობების ნომინალური შემოსავლები [1] არ გაზრდილა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ჯერჯერობით 2021 წლის შინამეურნეობების შემოსავლების სტატისტიკა ცნობილი არ არის, თუმცა საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს, 2012 წელთან შედარებით, ერთ შინამეურნეობაზე ნომინალური შემოსავალი 38.8%-ით იყო გაზრდილი და 1101 ლარს შეადგენდა, ხოლო რეალური შემოსავლები (ინფლაციისგან თავისუფალი, 2012 წლის ფასებში გამოსახული) უმნიშვნელოდ - მხოლოდ 6.1%-ით გაიზარდა გაიზარდა. ასევე აღსანიშნავია, რომ საშუალო ნომინალური ხელფასი 2021 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით - 86%-ით არის გაზრდილი და ამავე პერიოდში დაახლოებით 44% ინფლაცია დაფიქსირდა, ანუ რეალური საშუალო ხელფასიც გაიზარდა.

ასევე უცნობია, რა წყაროს ეფუძნება პოსტში წარმოდგენილი ფასები, რომელთა რეალობასთან შესაბამისობასთან დაკავშირებით, გარკვეული კითხვის ნიშნები რჩება. იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა, ცალკეული ქალაქების ან თუნდაც სავაჭრო ობიექტების დონეზე, ფასები სხვადასხვა მასშტაბით იცვლებოდა, გაძვირების დინამიკის ანალიზისთვის, მიზანშეწონილია საქსტატის ოფიციალური მონაცემების გამოყენება. ჩამოთვლილი პროდუქტების უმეტესობის შემთხვევაში, სიგარეტის გარდა, საქსტატის ოფიციალური მაჩვენებლები, პოსტში დასახელებულ გაძვირებას მკვეთრად, უხეში გათვლებით - დაახლოებით ორჯერ ჩამოუვარდება. თუმცა, ფაქტია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, დასახელებული პროდუქტების გაძვირება არსებითია. „ფაქტ-მეტრი“ იზიარებს პოზიციას, რომ 9 წლის განმავლობაში, ნომინალური და რეალური შემოსავლები ძალზედ მცირედ გაიზარდა, იმ ფონზე რომ ფასების ზრდა პირველად პროდუქტებზე, როგორიც არის მაგალითად საკვები, ზოგად ინფლაციას მნიშვნელოვნად აღემატება. თუმცა აღნიშნული რეალობის გადმოცემას, შესაბამისი, არამანიპულაციური ფორმულირება ესაჭიროება.

პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ 2012 წლიდან დღემდე, საქართველოს მოსახლეობა გაღარიბდა. პოსტში მოყვანილი მონაცემები ორად უნდა გავყოთ - პროდუქტები და მათი გაძვირების ტენდენცია და შემოსავალი. პოსტის მიხედვით, შემოსავალი არ გაზრდილა, ხოლო ფასები კატასტროფულადაა გაზრდილი. სინამდვილეში, იზრდებოდა როგორც ფასები, ასევე შემოსავლები და ინფლაცია ნომინალური შემოსავლების ზრდამ დააბალანსა. საბოლოო ჯამში კი, ბოლო 9 წლის მანძილზე, საშუალოდ შინამეურნეობა მხოლოდ 6%-ით, ანუ ფაქტობრივად არ გამდიდრებულა. ეს თავისთავად კატასტროფული მაჩვენებელია, თუმცა პოსტის მიერ შექმნილ შთაბეჭდილებას ეწინააღმდეგება. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან ხაბეიშვილის მიერ გავრცელებული პოსტი, თავისი შინაარსით, მანიპულაციურია.

ანალიზი:

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა, ფეისბუქ გვერდზე პოსტი გაავრცელა, რომელიც სხვადასხვა პროდუქტის ფასების და შემოსავლის მაჩვენებლებს ასახავს:

უცნობია, რა წყაროს ეფუძნება პოსტში წარმოდგენილი ფასები, რადგან აღნიშნული მონაცემები რეალობასთან შესაბამისობაში არ მოდის. ქვეყანაში ფასების ცვლილების შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. საქსტატის მონაცემებით, ფასების მატება, როგორც პოლიტიკოსის მიერ დასახელებულ პროდუქციაზე, ასევე უფრო მსხვილ, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, ზოგად ინფლაციას მნიშვნელოვნად აღემატება, რაც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. იმის მიუხედავად რომ შესაძლოა, ცალკეული ქალაქების ან თუნდაც სავაჭრო ობიექტების დონეზე, ფასები სხვადასხვა მასშტაბით იცვლებოდა, გაძვირების დინამიკის ანალიზისთვის, მიზანშეწონილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემების გამოყენება. ცხრილი 1 პოსტში წარმოდგენილ პროდუქტებზე საქსტატის მიერ წარმოდგენილ ოფიციალურ წლიურ ინფლაციას ასახავს. როგორც ჩანს, ჩამოთვლილი პროდუქტების უმეტესობის შემთხვევაში, საქსტატის ოფიციალური მაჩვენებლები, პოსტში დასახელებულ ფასების ზრდას მკვეთრად, უხეში გათვლებით, დაახლოებით ორჯერ ჩამოუვარდება. გამონაკლისს წარმოადგენს იმპორტირებული სიგარეტის ფასები, სადაც საქსტატის მონაცემებით 216.7% ფასების ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ლევან ხაბეიშვილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, 150% ზრდა. თუმცა, ფაქტია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, დასახელებული პროდუქტების გაძვირება არსებითია.

ცხრილი 1: წლიური ინფლაციის დინამიკა კონკრეტული პროდუქციის შემთხვევაში, 2012-2021 წლებისთვის

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

პოსტის მიხედვით, როგორც 2012, ასევე 2021 წლებში, მოსახლეობის შემოსავალი 800 ლარს შეადგენდა. უცნობია, ნომინალურ შემოსავალზეა საუბარი, თუ რეალურზე. ნომინალური შემოსავალი, ასახავს ხელზე ასაღებ, კონკრეტულ ფულად ერთეულში გამოსახულ თანხას, ხოლო რეალური შემოსავალი, ასახავს რეალურ დოვლათს, რომელსაც გამოიმუშავებს ინდივიდი ან სუბიექტი ინფლაციის კორექტირების შემდეგ. მაგალითისთვის, თუ პირობითი მოქალაქე მხოლოდ პურს მოიხმარს, რომელიც 1 ლარი ღირს და პირის შემოსავალი 100 ლარია, მაშინ რეალურად, მას შეუძლია 100 პურის შეძენა. თუ მოქალაქის ხელფასი 50 ლარით გაიზარდა, ხოლო პური 100%-ით, ერთი ლარით გაძვირდა, მაშინ მოქალაქის ნომინალური ხელფასი 50%-ით იზრდება, ხოლო რეალური ხელფასი 25%-ით მცირდება, რადგან მას 150 ლარით, მხოლოდ 75 პურის შეძენა შეუძლია. ბუნებრივია, სხვადასხვა შემთხვევებში, შინამეურნეობების ნომინალური შემოსავლის ზრდის პარალელურად, შეიძლება რეალური შემოსავალი გაიზარდოს, შემცირდეს ან არ შეიცვალოს.

შესაბამისი მითითების გარეშე, პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ნომინალური ხელფასი არ გაზრდილა, ანუ მოქალაქეები როგორც 2012, ასევე 2021 წლებში 800 ლარს იღებდნენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ჯერჯერობით 2021 წლის შემოსავლების სტატისტიკა ცნობილი არ არის, თუმცა საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს, 2012 წელთან შედარებით, ერთ შინამეურნეობაზე ნომინალური შემოსავალი 38.8%-ით იყო გაზრდილი და 1101 ლარს შეადგენდა. ხოლო რეალური შემოსავლები (ინფლაციისგან თავისუფალი, 2012 წლის ფასებში გამოსახული) შედარებით მცირედ, მხოლოდ 6.1%-ით გაიზარდა. ასევე აღსანიშნავია, რომ საშუალო ნომინალური ხელფასი 2021 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით - 86%-ით არის გაზრდილი და ამავე პერიოდში დაახლოებით 44% ინფლაცია დაფიქსირდა, ანუ რეალური საშუალო ხელფასიც გაიზარდა. ბუნებრივია, 2012 წელთან შედარებით ნომინალური შემოსავლები იგივე დონეზე ვერ დარჩებოდა, მცირედით, თუმცა რეალური შემოსავლებიც გაზრდილია. შესაბამისად, პოსტში წარმოდგენილი ინფორმაცია მანიპულაციურია, რადგან ერთი მხრივ, არ ახლავს მითითება - ნომინალური შემოსავლები იგულისხმება, თუ რეალური. მეორე მხრივ, თუნდაც რეალური შემოსავლები იგულისხმებოდეს, მტკიცება რომ 2012 და 2020 წლებში შემოსავლები არ გაზრდილა, რეალობას არ შეესაბამება.

გრაფიკი 1: შინამეურნეობების ნომინალური და რეალური შემოსავლები 2012-2020 წლებში

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

[1] შემოსავლები წარმოადგენს მთლიან სახსრებს, რომელსაც მოსახლეობა იღებს. შემოსავლების სტატისტიკა მოიცავს ფულად (ხელფასი, საჩუქარი, ფულადი გზავნილები, პენსიები, შემოსავლები გაქირავებიდან და ა.შ) და არაფულად (ქონების გაყიდვა, ფულის სესხება, დანაზოგის გამოყენება) შემოსავლებს. ხოლო ხელფასი გარკვეული შრომის სანაცვლოდ მიღებულ ანაზღაურებას.