26 ნოემბერს Facebook-მომხმარებელმა Nina Marji-მ სოციალურ ქსელში საპროტესტო დემონსტრაციის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში ადგილმდებარეობაა (ჰონიარა, სოლომონის კუნძულები) მინიშნებული, სადაც დემონსტრანტებმა პროტესტის ნიშნად შენობები გადაწვეს. პოსტის ავტორის მიერ მოცემულ ვიდეომასალაზე თანდართული აღწერა კი ქმნის ცრუ შთაბეჭდილებას, თითქოს ავსტრალიაში მოსახლეობა „კოვიდ-ფაშიზმს“ სამთავრობო შენობების დაწვით აპროტესტებს.
ვიდეომასალაში ასახული საპროტესტო დემონსტრაცია, სინამდვილეში, სოლომონის კუნძულებზე 25 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს ეხება და ის კორონავირუსს, აცრას ან მწვანე პასპორტებს საერთოდ არ უკავშირდება. სოლომონის კუნძულების ეროვნულ მთავრობასა და ქვეყნის უდიდესი პროვინციის, მალაიტას მთავრობას შორის არსებული უთანხმოებების საფუძველზე სოლომონის კუნძულებზე 2021 წლის 24 ნოემბერს დემონსტრაციებისა და საპროტესტო გამოსვლების სერია დაიწყო.
2019 წელს სოლომონის კუნძულების ცენტრალურმა მთავრობამ პრემიერ-მინისტრ მანასე სოგავარეს მეთაურობით ტაივანთან 36-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და ჩინეთთან ოფიციალური კავშირები დაამყარა. აღნიშნულმა მალაიტას მთავრობის პროტესტი გამოიწვია, რადგან პროვინციას ტაივანთან წლების განმავლობაში მჭიდრო კავშირები ჰქონდა. შედეგად, 2020 წელს მალაიტას პროვინციის პრემიერმა, დანიელ სუიდანიმ დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩაატარა, თუმცა, ეროვნულმა მთავრობამ რეფერენდუმი არალეგიტიმურად ცნო. აღნიშნული მოვლენა ცენტრალურ მთავრობასა და მალაიტას პროვინციის მთავრობას შორის ურთიერთობის დაძაბვის საფუძველი გახდა. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ქვეყანაში გაიზარდა უმუშევრობის და სიღარიბის მაჩვენებელი, რაშიც დიდი როლი კორონავირუსის პანდემიის გამო საზღვრების ჩაკეტვამ ითამაშა. კუნძულზე გაძლიერდა ჩინური გავლენები, მომრავლდა ჩინური ბიზნესები და ადგილობრივ მოსახლეობასთან შედარებით უცხოელების დასაქმების მაჩვენებელი გაიზარდა.
ზემოჩამოთვლილი მოვლენები სოლომონის კუნძულებზე 2021 წლის საპროტესტო აქციების საფუძველი გახდა. თავდაპირველად დემონსტრაციები, რომელთა ორგანიზატორიც ჯგუფი „მალაიტა დემოკრატიისთვის“ იყო, მშვიდობიანი ფორმით მიმდინარეობდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა სოგავარემ დემონსტრანტებთან შეხვედრის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, საპროტესტო გამოსვლებმა ძალადობრივი სახე მიიღო. აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრის გადაყენების მიზნით, პარლამენტში შეჭრა სცადეს. 25 ნოემბერს დემონსტრანტები სოლომონის კუნძულების დედაქალაქის, ჰონიარას გარეუბან chinatown-ის ქუჩებში გამოვიდნენ და შენობების დაწვეს. აქციის მონაწილეებმა ჰონიარაში პარლამენტის შენობაზე და მიმდებარე შენობებზე მიიტანეს იერიში. პოლიციამ მომიტინგეების დაშლა ცრემლსადენი გაზით სცადა.
ფოტო: theguardian.com ფოტო: aljazeera.com
შესაბამისად, მოცემული ვიდეომასალა სოლომონის კუნძულების დედაქალაქ ჰონიარაში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლებს ასახავს და მას კორონავირუსის პანდემიასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.