2021 წლის 7 დეკემბერს, Facebook-მომხმარებელმა Tamu Na პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ოქსფორდის კოვიდვაქცინასთან დაკავშირებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძის ციტატაა მოყვანილი. პოსტის ავტორი კი ამ ციტატაზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ცერცვაძემ აღიარა კოვიდვაქცინების ნაჩქარევად შექმნა. რეალურად, პოსტში მოცემული ციტატა დღევანდელ რეალობასთან შეუსაბამოა და მანიპულაციურად, კონტექსტის დამახინჯებით, კოვიდვაქცინების ეფექტურობის დისკრედიტაციის მიზნით ვრცელდება.
რეალურად, პოსტში მოცემული სიტყვები (ოდნავ სახეცვლილი) თენგიზ ცერცვაძის 2020 წლის 25 ივნისის ინტერვიუდანაა, როდესაც კორონავირუსის საწინააღმდეგო არც ერთი ვაქცინა ჯერ კიდევ არ იყო დამტკიცებული და მათზე მუშაობა მიმდინარეობდა. შესაბამისად, დღევანდელ პირობებში, ცერცვაძის ინტერვიუს ამონარიდის გავრცელება, როდესაც უკვე რამდენიმე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა მაღალი სანდოობის მქონე მარეგულირებლების მიერ არის (EMA, FDA) დამტკიცებული, კონტექსტის დამახინჯებაა და კოვიდვაქცინების ეფექტურობის დისკრედიტაციის მცდელობას წარმოადგენს.
2020 წლის 25 ივნისს, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“, თენგიზ ცერცვაძე სტუმრად იმყოფებოდა, სადაც მან საქართველოში და მსოფლიოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე ისაუბრა. ტელეწამყვანმა ცერცვაძეს კითხვა კოვიდვაქცინის შესახებაც დაუსვა, კერძოდ, არსებობდა, თუ - არა რაიმე დამაიმედებელი პროგნოზი, რომ ვაქცინა 2020 წლის ბოლომდე შეიქმნებოდა, როგორც ეს ენტონი ფაუჩიმ განაცხადა. ცერცვაძემ კი შემდეგი უპასუხა:
„თქვენ ალბათ მხედველობაში გქონდათ ოქსფორდის ვაქცინა. სანამ ოქსფორდის ვაქცინის კვლევა დამთავრდება და დამტკიცდება მისი ეფექტურობა, ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა, ის მანამდე ჩაუშვეს წარმოებაში და თანაც უშველებელი რაოდენობით, ასეული მილიონი თუ მეტი დოზა, ანუ მიდიან იმაზე, რომ ვაქცინა, რომლის ეფექტურობა ჯერ დადასტურებული არ არის, მაგრამ წინასწარი მონაცემებით რაღაც იმედი არსებობს, ის უკვე ჩაუშვეს წარმოებაში. ახლა ნახეთ თქვენ, იქ ხომ რამხელა ძალებია ამაში ჩართული: მეცნიერები, ფინანსისტები, მეწარმეები. ახლა წარმოიდგინეთ ამ ვაქცინამ რომ არ გაამართლოს, რამდენ მილიონს თუ მილიარდს იზარალებს ის ქვეყნები და კომპანიები, ვინც ეს ვაქცინა ჩაუშვეს წარმოებაში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ან ისინი წავიდნენ ძალიან დიდ რისკზე ან იმიტომ, რომ თუ გაუმართლათ, დიდ მოგებას ნახავენ, თუ არ გაუმართლათ, დიდ ზარალს, ან მათ აქვთ სარწმუნო მონაცემები იმის, რომ იმედი ჰქონდეთ, რომ ის ვაქცინა იქნება ეფექტური“.
ამდენად, თენგიზ ცერცვაძის სიტყვები 2020 წლის ზაფხულში გაკეთებული განაცხადია და მას დღეისათვის არსებული კოვიდვაქცინების ეფექტურობასთან კავშირი არ აქვს. მეტიც, მას შემდეგ რაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები სხვადასხვა მაღალი ჯანმრთელობის მარეგულირებლის მიერ დამტკიცდა, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი ვაქცინაციის სასიცოცხლო მნიშვნელობას ყოველთვის ხაზს უსვამს.
რაც შეეხება უშუალოდ ოქსფორდის ვაქცინას, AstraZeneca-ს ვაქცინა (ახლა Vaxzevria) ბრიტანულ-შვედურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ AstraZeneca-მ შეიმუშავა. Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინა კი თავდაპირველად გაერთიანებული სამეფოს მიერ იყო ავტორიზებული, შემდგომ მისი გამოყენების რეკომენდაცია ევროპის მედიკამენტების სააგენტომაც (EMA) გასცა, ასევე მოგვიანებით, ჯანმომ Oxford/AstraZeneca-ს ორი სხვადასხვა წარმოების (კორეა, ინდოეთი) გამოყენების ნებართვაც დაამტკიცა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ვაქცინა სიმპტომური SARS-CoV-2 ინფექციასთან 63,09%-ით ეფექტურია. ამდენად, ასტრაზენეკას ვაქცინა სხვა ვაქცინებს შორის ერთ-ერთი პირველი ავტორიზებული ვაქცინაა, რომლის ეფექტურობა და უსაფრთხოება დამტკიცებულია[1].
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.
[1] Johnson & Johnson -სა და AstraZeneca/ Vaxzevria-ს ვაქცინებთან იყო დაკავშირებით დაფიქსირდა თრომბოემბოლიის შემთხვევები. თუმცა, როგორც Johnson & Johnson, ისე AstraZeneca-ს ვაქცინით თრომბის განვითარების რისკი მინიმალურია - AstraZeneca-ს შემთხვევაში- 0.0004%, ხოლო Johnson & Johnson-ის - მილიონში ერთზე ნაკლები. იმის გათვალისწინებით, რომ რისკი მინიმალურია და სარგებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე შესაძლო გვერდითი რისკები, კონკრეტული ვაქცინებით იმუნიზაციის პროცესი ჩვეულებრივ მიმდინარეობს.