სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლებმა მის კონგენიალურობა-მ, Nina Marji-მ და ლაშა მენთეშაშვილმა პოსტი გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც „უკრაინაში ახალი მსოფლიო წესრიგის წინააღმდეგ პროტესტანტები მთავრობის სასახლეში შეიჭრნენ“. პოსტს თან ვიდეო ახლავს, სადაც ჩანს თუ როგორ უპირისპირდებიან ერთმანეთს მომიტინგეები და სამართალდამცავები. პოსტებს საერთო ჯამში 950მდე რეაქცია, 300-ზე მეტი კომენტარი და 2475-ზე მეტი გაზიარება აქვს.
სინამდვილეში, გავრცელებული ვიდეო 2014 წლის ევრომაიდნის პროტესტის ერთ-ერთ ნაწილს ასახავს და მას კორონავირუსის პანდემიის საწინააღმდეგოდ დაწესებული შეზღუდვების გაპროტესტებასთან არაფერი აკავშირებს.
2013 წლის ნოემბერში უკრაინის ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმას, კიევის მთავარ მოედანზე მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. უკრაინის სხვადასხვა რეგიონში დემონსტრანტებმა ადმინისტრაციული შენობები დაიკავეს და ზოგიერთ შემთხვევაში პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ დანიშნული გუბერნატორებს გადადგომას აიძულებდნენ, ზოგჯერ მათ პოლიცია მცირე წინააღმდეგობას უწევდა. მათ შორის იყო დასავლეთ უკრაინაში ქალაქი ვინიცაც, სადაც 2014 წლის 25 იანვარს მომიტინგეებმა დაიკავეს რეგიონალური ადმინისტრაციის შენობა, პარლამენტი და ბარიკადები მოაწყვეს.
ზემოთ დასახელებული (ან მოცემული) ვიდეო სწორედ ვინიცაში მომიტინგეების მიერ სამთავრობო შენობის დაკავების მცდელობის დროს პოლიციელებთან დაპირისპირებას ასახავს და ის ჯერ კიდევ 2014 წლის 25 იანვარს არის ატვირთული რუსული პროპაგანდისტული მედია Russia Today-ს Youtube არხზე. შესაბამისად, აღნიშნულ ვიდეოს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შესახებ გამართულ პროტესტთან არავითარი კავშირი არ აქვს.
აღსანიშნავია, რომ კიევში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების გასაპროტესტებლად 3 ნოემბერს ნამდვილად გაიმართა აქცია, რომელსაც 1000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. პროტესტი უკრაინაში დაწესებულ ახალ შეზღუდვებს (ზოგიერთი საჯარო მოხელისთვის სავალდებულო ვაქცინაციის დაწესება; ვირუსისგან გამოჯანმრთელების ან ვირუსზე უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენა თვითმფრინავებში, მატარებლებში, დიდ მანძილზე მოძრავ ავტობუსებში; წითელ ზონად გამოცხადებულ რეგიონებში, სადაც ინფიცირების დონე განსაკუთრებით მაღალია, ტესტის უარყოფითი პასუხი, ვაქცინაციის ან ვირუსის გადატანის მოწმობა საჭირო გახდა რესტორნებში, კაფეებში, სპორტდარბაზებში, გასართობ და სავაჭრო ცენტრებში შესასვლელად. ამ დაწესებულებების პერსონალისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა) მოჰყვა, რაც ქვეყანაში ყოველდღიური ინფიცირებისა და სიკვდილიანობის რეკორდული რაოდენობის დაფიქსირებამ გამოიწვია. მომიტინგეებმა 3 ნოემბერს ქუჩები გადაკეტეს, მათი ნაწილი პარლამენტის შენობასთან შეიკრიბა ლოზუნგებით “არა ვაქცინაციას”, “არა კოვიდ-პასპორტს”, “არა გენოციდს“. მსგავსი შინაარსის მცირემასშტაბიანი აქცია უკრაინაში 24 ნოემბერსაც გაიმართა. გასათვალისწინებელია, რომ ორივე აქცია პოლიციასთან დაპირისპირების გარეშე მიმდინარეობდა.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.