იტვირთება

სოციალურ ქსელში ხატია სიჭინავას და საზოგადოებრივი მოძრაობა „ერი და სახელმწიფოს“ ლიდერის, ზვიად ტომარაძის პირდაპირი ეთერის ჩანაწერი გავრცელდა. დაახლოებით ერთსაათიანი ვიდეოს განმავლობაში კორონავირუსთან, პირბადეებთან, ვაქცინაციასა და ვირუსის ტესტირების მეთოდთან დაკავშირებით არაერთი ყალბი და მანიპულაციური მტკიცება გაჟღერდა.

მტკიცება: პირბადის ტარება ადამიანს მხოლოდ მინიმალურად იცავს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ხატია სიჭინავას კითხვაზე იცავს, თუ - არა პირბადე ადამიანს ვირუსისგან, ზვიად ტომარაძემ შემდეგი პასუხი გასცა: „ვირუსის და პირბადის დიამეტრი რომ შევადაროთ, დაახლოებით 12-ჯერ პატარა გამოდის ვირუსი... რაღაცა დონით იცავს, დაახლოებით 10 პროცენტს, რადგან სამშრიანია. მცირე დაცვა აქვს პირბადეს და სრული ანომალიაა ღია სივრცეში მისი ტარება“. რეალურად, ტომარაძის მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება. დღეის მდგომარეობით აღიარებულია, რომ პირბადე ვირუსის გავრცელების პრევენციისა და დაინფიცირების ალბათობის შესამცირებლად ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

რეალურად, COVID-19-ის ვირუსის ნაწილაკი ნამდვილად უფრო მცირეა (0,1 მიკრონი), ვიდრე პირბადის ფილტრის დიამეტრის ზომა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ვირუსი ყოველთვის უფრო დიდ ნაწილაკთან ბმით მოძრაობს, რომელიც პირბადის ფილტრში ვერ აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო და N95 პირბადის ზომა 47,33 მიკრომეტრსა და 30 მიკრომეტრს შეადგენს და მათი ფილტრის ზომა ვირუსის დიამეტრთან შედარებით გაცილებით დიდია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პირბადის ფილტრი ვირუსის ნაწილაკებს ვერ შეაჩერებს.

ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ პირბადე როგორც მისი ფილტრის ზომაზე დიდს, ასევე მასზე პატარა ზომის ნაწილაკსაც აკავებს. პატარა ნაწილაკების შეკავება ორი მიზეზით აიხსნება - ბრაუნის მოძრაობით (დიფუზია) და პირბადის ჰაერში მყოფი პატარა ნაწილაკების გაფილტვრის უნარით. ბრაუნის მოძრაობა გულისხმობს იმ ფაქტს, რომ მცირე ნაწილაკები (0,3 მიკრონზე პატარა), როგორც წესი ქაოსურად, ზიგზაგისებურად მოძრაობენ, რის გამოც ნიღბის ორივე მხარეს უფრო მეტი ნაწილაკის შეკავება ხდება. შესაბამისად, ნიღაბი ვირუსული ნაწილაკების გავრცელებას და ჰაერში გაფანტვას ხელს უშლის. ხოლო რაც შეეხება მეორე მიზეზს, სხვადასხვა სამედიცინო კვლევამ დაადასტურა, რომ ნიღბებს ჰაერში მყოფი ნაწილაკების უმეტესობის გაფილტვრა მაშინაც კი შეუძლიათ, როდესაც ნაწილაკების ზომა უფრო მცირეა, ვიდრე პირბადის ქსოვილის ფორები.

უფრო ვრცლად კონკრეტულ საკითხს, შეგიძლიათ გაეცნოთ, „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

მტკიცება: პირბადის ტარება ბავშვების ჯანმრთელობისათვის საზიანოა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ზვიად ტომარაძის მტკიცებით, პირბადის ტარება ბავშვებისთვის საფრთხეს წარმოადგენს და მათთვის პირბადის ტარების არავითარი აუცილებლობა არ არსებობს, რადგან პირბადე უფრო ზიანის მომტანია, ვიდრე თავად კორონავირუსი. რეალურად, ტომარაძის მტკიცება, რომ პირბადე ბავშვისთვის სახიფათოა, სიმართლეს არ შეესაბამება.

ამერიკის პედიატრიის აკადემიის (The American Academy of Pediatrics) მიხედვით:

• პირბადის ტარება ბავშვის იმუნურ სისტემას არ აქვეითებს და არც ავადმყოფობის შანსს ზრდის COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში. პირიქით, პირბადის ტარება მნიშვნელოვანია, რადგან ის ვირუსის გავრცელებას უშლის ხელს.

• პირბადის ტარება ბავშვის ფილტვებზე და მის განვითარებაზე არავითარ გავლენას არ ახდენს. ამის მიზეზი კი არის ის, რომ პირბადეში ჟანგბადის ნაკადი თავისუფლად აღწევს, თუმცა პარალელურად ის შხეფები და სასუნთქი წვეთები იბლოკება, რომლებიც შესაძლოა, ვირუსის შემცველი იყოს.

• პირბადის ტარება არ ართულებს ბავშვის სუნთქვის პროცესს და არ იწვევს სისხლში ჟანგბადის ნაკლებობას (ჰიპოქსემია). ამასთან, პირბადის ტარება ბავშვის სწავლისა და კონცენტრაციის უნარებზეც არ ახდენს გავლენას. შესაბამისად, 2 წლის და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის პირბადის ხანგრძლივი დროით გამოყენება საფრთხეს არ წარმოადგენს.

• პირბადის ტარება არ იწვევს ნახშირორჟანგით მოწამვლას (ჰიპერკაპნია - ამოსუნთქული ჰაერის ხელახლა ჩასუნთქვა). რეალურად, ნახშირორჟანგის მოლეკულები ძალიან მცირე, სუნთქვის წვეთებზეც კი მცირე ზომისაა და მათი დაგროვება პირბადეებზე არ ხდება. მიუხედავად იმისა, რომ პირბადის ტარება ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, რეკომენდებულია რომ 2 წლამდე ასაკის ბავშვებმა ისინი არ გაიკეთონ, რადგან მათ ნიღბების მოხსნა დამოუკიდებლად არ შეუძლიათ. ამასთან, დამატებითი ყურადღება უნდა დაეთმოთ მწვავე სუნთქვითი პრობლემების ან კოგნიტიური დარღვევების მქონე ბავშვებს, რომელთაც პირბადესთან შეგუებისთვის შესაძლოა დრო დასჭირდეთ.

მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

მტკიცება: PCR ტესტები კორონავირუსსა და ჩვეულებრივ გრიპს ერთმანეთისგან ვერ არჩევს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ტომარაძე აცხადებს, რომ „CDC-მ პირდაპირი დავალება მისცა აშშ-ს კლინიკებს, რომ 31 დეკემბრამდე მონახონ ალტერნატიული ტესტირების საშუალება, რომელიც განასხვავებს სეზონური გრიპებისგან კორონავირუსს“. რეალურად, მტკიცება, რომ PCR ტესტები კორონავირუსს და გრიპს ერთმანეთისგან ვერ არჩევს, ტყუილია.

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს (CDC) არ განუცხადებია, რომ PCR ტესტები ერთმანეთისგან ჩვეულებრივ გრიპსა და კორონავირუსს ვერ არჩევს. მან რეკომენდაცია გასცა ისეთი ტესტირების მეთოდისთვის, რომელიც კორონავირუსთან ერთად, გრიპის ვირუსის იდენტიფიცირებასაც შეძლებს.

2021 წლის 21 ივლისს, CDC-მა ახალი პროტოკოლი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ლაბორატორიებმა SARS-CoV-2- ის იდენტიფიცირებისთვის PCR ტესტების გამოყენება წლის ბოლომდე უნდა შეწყვიტონ და ალტერნატიულ მეთოდზე უნდა გადავიდნენ. 2021 წლის 31 დეკემბრამდე CDC ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA) PCR ტესტის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის მოთხოვნის გაუქმებით მიმართავს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეთოდით COVID-19-სა და გრიპის დიფერენცირება ვერ ხდება. CDC ისეთი ტესტების გამოყენებას უწევს რეკომენდაციას, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია, ერთდროულად SARS-CoV-2, ასევე გრიპის ვირუსების გამოვლენა.

მტკიცება: „მერილენდის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ბოლო 8 კვირაში კოვიდით გარდაცვლილიდან 40-ზე მეტი იყო ვაქცინირებული“

ვერდიქტი: მანიპულირება

სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა მერილენდის შტატის გუბერნატორის მრჩევლის, რობერტ რედფილდის ციტატა - „ბოლო 6-8 კვირაში კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების 40%-ზე მეტი სრულად ვაქცინირებული იყო“. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კონკრეტული ციტატა სრული კონტექსტის გარეშე ვრცელდება, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს გუბერნატორის მრჩეველი ვაქცინის არაეფექტურობას უსვამს ხაზს. რეალურად, რედფილმა მერილენდის შტატში კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობის შესახებ არა ვაქცინების არაეფექტიანობის საჩვენებლად, არამედ ბუსტერ დოზების აუცილებლობის საილუსტრაციოდ ისაუბრა.

რედფილდმა გამოსვლაში აღნიშნა, რომ ორჯერადად ვაქცინირებასთან ერთად ბუსტერ დოზების გაკეთებაც საჭიროა, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფების წარმომადგენლებისთვის. რედფილდმა განაცხადა: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმუნიტეტი შევინარჩუნოთ, მგონია, რომ რეიმუნიზაციის აუცილებლობას ვერ აღვიქვამთ. ხშირად ხალხი ფიქრობს, რომ სრულად ვაქცინირებული ადამიანის გარდაცვალება იშვიათია, მე გუბერნატორი ჰოგანის უფროსი მრჩეველი ვარ და ბოლო 6-8 კვირაში კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების 40%-ზე მეტი სრულად ვაქცინირებული იყო. ამიტომ 65+ წლის ადამიანებს და 16-65 წლის ადამიანებს, რომლებსაც რამდენიმე დაავადება აქვთ, ბუსტერ დოზები უნდა გაუკეთდეთ და იმედს ვიტოვებ, რომ მოდერნას ვაქცინების შემთხვევაშიც CDC და FDA ამ პროცესს დააჩქარებენ”.

რაც შეეხება ვიდეოში გავრცელებულ სხვა მტკიცებებს - კორონავირუსს ბავშვებში ნაკლები ავადობა და ლეტალობა აქვს (ბმული 1, ბმული 2), 2012 წლის ოლიმპიური თამაშები კორონავირუსის პანდემიის წინასწარ დაგეგმილ სცენარს განასახიერებდა (ბმული), ვირუსი აცრილებსაც და აუცრელებსაც ერთნაირად ემართებათ და ამიტომ აცრას აზრი არ აქვს (ბმული), ვაქცინები იწვევს გენის რედაქტირებას (ბმული) - ყველა მათგანი ყალბ და მანიპულაციურ მტკიცებებს წარმოადგენს, რომელთა შესახებაც „ფაქტ-მეტრი“ აქტიურად წერდა (შესაბამის სტატიებს შეგიძლიათ გაეცნოთ მითითებულ ბმულებზე).

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3597 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
21%
ყალბი ამბავი
20%
მეტწილად სიმართლე
12%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი