ცნობილი ანტივაქსერი და ჰომეოპათი თინა თოფურია COVID-19-ის ვაქცინებთან დაკავშირებით მორიგ მანიპულაციურ და ყალბ ინფორმაციას ავრცელებს. 3 ოქტომბერს ის სტუმრად იყო მიწვეული „ქართული TV”-ის ეთერში - მაკა ბრეგაძის საავტორო გადაცემაში, რომელიც კორონავირუსის პანდემიასთან და კოვიდვაქცინებთან დაკავშირებით დეზინფორმაციულ გზავნილებს მუდმივად ავრცელებს. აღნიშნულ გადაცემაში თინა თოფურიას მიერ გაჟღერებული ყალბი და მანიპულაციური მტკიცებები „ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა.

მტკიცება: ირნ-მ ვაქცინებში შემავალი „სპაიკ ცილა“ გადადის დედის რძიდან ჩვილ ბავშვში, ასევე გადადის ნაყოფზე. გადადის ნებისმიერ ორგანოში თავის ტვინში, ძვლის ტვინში, საკვერცხეებში, პროსტატაში და ა.შ. გარდა ამისა, რნმ ვაქცინებით აცრის შემდეგ, ლაქტაციის პერიოდში, 1 კვირით უნდა შეწყვიტონ ძუძუთი კვება; აცრიდან 3 თვე უნდა იხმარონ კონტრაცეპტივები ანუ არ უნდა დაფეხმძიმდნენ; აცრიდან 3 თვე სჭირდება სპერმის განახლებას..

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ი-რნმ ვაქცინები ადამიანის ორგანიზმს ვირუსის წვეტოვანი (ე.წ. სპაიკ) ცილის შესახებ ინფორმაციას გადასცემს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ორგანიზმს წვეტოვანი ცილის წარმოქმნას ასწავლის, რის შემდეგაც იმუნური სისტემა მათ წინააღმდეგ ანტისხეულების გამომუშავებას და ამ წვეტოვანი ცილების განეიტრალებას იწყებს. თავად ვაქცინა „წვეტოვან ცილას“ არ შეიცავს.

ევროპის წამლების სააგენტომ (EMA) 2021 წლის 3 მარტს გამოქვეყნებულ წერილში განმარტა, რომ სისხლში გადასული ვაქცინის წილი ძალიან მცირეა და ღვიძლის ფერმენტების მიერ ნადგურდება. „როგორც დადგინდა, ვაქცინაში არსებული ი-რნმ, რომელიც ლიპიდური ნანონაწილაკების შიგნითაა მოქცეული, ვაქცინაციის შემდეგ ძირითადად ინექციის ადგილას რჩება და მხოლოდ მცირე რაოდენობამ შეიძლება მიაღწიოს სხვა ქსოვილებამდე, მაგალითად, ღვიძლამდე… ცხოველებზე ჩატარებული პრეკლინიკური კვლევების დროს ვაქცინის გარკვეული ნაწილის სხვა ქსოვილებში გადასვლის შემთხვევაში, არანაირი სიცოცხლისთვის სახიფათო შედეგი არ დამდგარა“.

კვლევები ცხადყოფს, რომ ი-რნმ ვაქცინების ძირითადი ნაწილი ინექციის შემდეგ, ინექციის ადგილის გარშემო კონცენტრირდება, მხოლოდ მცირე ნაწილი შეიძლება სისხლის მიმოქცევის სისტემაში მოხვდეს, რომელიც ღვიძლის ფერმენტების მიერ ნადგურდება. (იხილეთ ამ თემაზე „ფაქტ-მეტრის“ სტატია ).

მტკიცება, რომ ე.წ. სპაიკ ცილა დედის რძიდან ჩვილზე ან დედის ორგანიზმიდან ნაყოფზე გადადის, აბსურდულია.ჩვილზე შეიძლება გადავიდეს, მხოლოდ დედის ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ანტისხეულები, თუმცა რამდენად დაიცავს ის ბავშვს COVID-19-ით ინფიცირებისგან, საფუძვლიანად შესწავლილი არ არის. CDC-ის თანახმად, ორსულობის ან/დალაქტაციის პერიოდში რეკომენდებულია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა. ლაქტაციის პერიოდში აცრის შემთხვევაში ძუძუთი კვების შეწყვეტის საჭიროება არ არსებობს.

მტკიცება, თითქოს აცრიდან 3 თვე ფეხმძიმობა არ არის რეკომენდებული, ყალბია. არ არსებობს მტკიცებულება, რომ კოვიდვაქცინები ქალის რეპროდუქციულ სისტემაზე ნეგატიურად ზემოქმედებს. ამასთან კვლევებით დასტურდება, რომ კოვიდვაქცინები სპერმის ხარისხზე გავლენას ვერ ახდენს (ამ თემაზე ვრცლად იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია ).

მტკიცება: ბავშვებს ნაკლებად ემართებათ, მსუბუქად იტანენ და სიკვდილიანობა 0-ია საერთოდ

ვერდიქტი: მანიპულირება

ბავშვებსა და მოზარდებს, ვიდრე უფროსი ასაკის მოსახლეობას, COVID-19-ის ინფიცირებისა და გართულების შედარებით ნაკლები რისკი აქვთ. თუმცა, ვირუსის მუტაციის შედეგად, კორონავირუსის დელტა შტამი ბავშვებში უფრო მეტად ვრცელდება, ვიდრე წინა შტამები. გაზრდილია როგორც ბავშვთა ინფიცირება, ასევე ჰოსპიტალიზაცია და ლეტალური შემთხვევები.

პედიატრიის ამერიკული აკადემიის, 7 ოქტომბრის მონაცემებით, აშშ-ში, პანდემიის დაწყებიდან, COVID-19 6 მლნ-ზე მეტ ბავშვს დაუდგინდა. პანდემიის დაწყების დღიდან COVID-19-ის მთლიანი შემთხვევების 16.3% ბავშვებში დაფიქსირდა. კვირის განმავლობაში ყოველკვირეული შემთხვევების 24.8% ბავშვებზე მოდის.

COVID-19-ით ბავშვთა ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების მონაცემები შტატების მიხედვით განსხვავებულია. საერთო ჯამში, პედიატრიის ამერიკული აკადემიის მონაცემებით:

• ჰოსპიტალიზაცია - ბავშვებმა საერთო კუმულაციური ჰოსპიტალიზაციის 1.6%-4.2% შეადგინეს. ბავშვებს შორის COVID-19-ის ჯამური შემთხვევების 0.1%-2%-ში საჭირო გახდა მათი ჰოსპიტალიზაცია.

• სიკვდილიანობა - COVID-19-ით გარდაცვლილთა შორის ბავშვების წილმა 0.00%–0.26% შეადგინა, ხოლო შვიდ შტატში ბავშვთა სიკვდილიანობა არ დაფიქსირებულა. ბავშვებს შორის COVID-19-ის შემთხვევების 0.00%-0.03% ლეტალურად დასრულდა.

ჯანდაცვის საერთაშორისო უწყებები და მეცნიერები თანხმდებიან, რომ ბავშვები და მოზარდები, განსაკუთრებით ვისაც დაავადების გართულების მაღალი რისკი აქვთ (ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვები), COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით უნდა აიცრან რადგან,სამეცნიერო მტკიცებულებით, ბავშვებსა და მოზარდებში (12 წლის და ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაში) ვაქცინის სარგებელი პოტენციურ რისკს მნიშვნელოვნად აჭარბებს.

მიმდინარე წლის მაისში, ამერიკის სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA), ევროპის მარეგულირებელმა (EMA) და დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის Pfizer/BioNTech-ის 12-15 წლის ასაკობრივ კატეგორიაში გამოყენების ნებართვა გასცა (აქამდე Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვის იყო დასაშვები). ავტორიზაციას საფუძვლად დაედო აშშ-ში ჩატარებული კლინიკური კვლევა, სადაც 2000-ზე მეტი 12-15 წლის ასაკის პირი მონაწილეობდა. კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინის ეფექტიანობამ 12-დან 16 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში 100%-ს მიაღწია.

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) 12 წლის და უფროსი ასაკის პირების COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის რეკომენდაციას გასცემს. CDC-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ უფროსი ასაკის მოსახლეობასთან შედარებით ბავშვებს ნაკლები რისკი აქვთ, ბავშვები და მოზარდები ავადდებიან COVID-19-ით და არიან ვირუსის გამავრცელებელნი. ვაქცინებს შეუძლია დაიცვან ბავშვები COVID-19-ისგან, ინფიცირების შემთხვევაში კი დაიცვას ისინი დაავადების გართულებისგან. ამასთან, ადრეული ინფორმაცია აჩვენებს, რომ ვაქცინებს შეუძლია COVID-19-ის გავრცელებას ხელი შეუშალოს.

მიმდინარე წლის მაისში, ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) 12-15 ასაკობრივ კატეგორიაში mRNA ვაქცინების გამოყენების ნებართვა გასცა. EMA-ს დასკვნით, 12-15 ასაკის ბავშვებში ვაქცინაციით მიღებული სარგებელი ბევრად აღემატება რისკებს, განსაკუთრებით ბავშვებში, რომლებიც კორონავირუსის გართულების რისკის ქვეშ არიან.

აცრის შემდეგ, 12-17 წლის მოზარდებში ხშირი იყო მსუბუქი რეაქციები, ხოლო სერიოზული გვერდითი მოვლენები იშვიათი (მათ შორის, დაფიქსირდა მიოკარდიტის შემთხვევები). CDC-ის ცნობით, COVID-19 დაავადების ცნობილი რისკები და მასთან დაკავშირებული შესაძლო მძიმე გართულებები, როგორიცაა: ჯანმრთელობის გრძელვადიანი პრობლემები, ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიც კი, ბევრად აღემატება ვაქცინაციაზე იშვიათი გვერდითი რეაქციის პოტენციურ რისკებს, მათ შორის, მიოკარდიტის ან პერიკარდიტის რისკს.

მტკიცება: ვაქცინირებულ ორსულებში, ვინც მესამე ტრიმესტრში აიცრა, 13.1%-ია მუცლის მოშლის, 9% მცირე ნაყოფის, არის კიდევ ნაადრევი მშობიარობა

ვერდიქტი: მანიპულირება

2021 წლის 28 აპრილს pharmacytimes.com-მა წინასწარი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ორსულებში Pfizer-BioNTech-ითა და Moderna-თი ვაქცინაციის შემდეგ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულირისკები არ გამოვლენილა. ი-რნმ ვაქცინების ორსულებში მოქმედების ეფექტურობის შესაფასებლად 2020 წლის 14 დეკემბრიდან - 2021 წლის 28 თებერვლის შუალედში არსებული მონაცემები ერთგვარი ადრეული გაფრთხილების სისტემიდან - VAERS-იდან და ვაქცინაციის შემდგომი სამონიტორინგო სისტემიდან - V-safe-დან, იქნა შეგროვებული. კვლევაში მონაწილე ორსულ ქალებს ძირითადად აცრის შემდგომ მსუბუქი სიმპტომები განუვითარდათ. კვლევის თანახმად, 827 ვაქცინირებული ორსული ქალიდან 13.9%-ის შემთხვევაში ორსულობა მუცლის მოშლით დასრულდა, 86.1%-ის შემთხვევაში კი - ცოცხალი ნაყოფის გაჩენით. ახალშობილთა 9.4%-ის შემთხვევაში ნაყოფი ნაადრევად დაიბადა, ახალშობილთა 3,2%-ს მცირე ზომის იყო. ახალშობილთა გარდაცვალება არ დაფიქსირებულა. კვლევაში აღნიშნულია, რომ მუცლის მოშლის ეს მაჩვენებელი, აუცრელ ქალებში მუცლის მოშლის ამავე მაჩვენებლისგან, არ განსხვავდება.

ი-რნმ ვაქცინებით ჩატარებული კვლევის შედეგებს თინა თოფურია მანიპულაციურად იყენებს და ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ორსულებში ვაქცინაციაზე გაცემული რეკომენდაციების დისკრედიტაციას ცდილობს. აღნიშნულ თემაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

მტკიცება: პირბადე აქვეითებს ჟანგბადის დონეს ორგანიზმში, ამოსუნთქული ჰაერი უკან ჩადის…

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

COVID-19-ის გავრცელება წვეთოვანი გზით ხდება, ადამიანი ვირუსის შემცველ წვეთებს ხველისას, ცემინებისას და საუბრისას აფრქვევს. პირბადის გამოყენება ვირუსის მიკრობების გავრცელებას ხელს უშლის, ჯანმრთელ ადამიანს კი სასუნთქ სისტემაში ვირუსის ნაწილაკების შეღწევისგან იცავს. გლობალურად, პანდემიასთან საბრძოლველად პირბადის ტარების რეკომენდაციას და ვალდებულებას, ხანგრძლივად პირბადის გამოყენების საშიშროებაზე ყალბი ამბების გავრცელება მოჰყვა.

სამედიცინო და ნაჭრის პირბადეები ჟანგბადის და ნახშირორჟანგის მოლეკულებს ვერ აკავებს. შესაბამისად, პირბადის ქვეშ დიდი რაოდენობის ნახშირორჟანგი არ გროვდება და მისი დიდი რაოდენობით ჩასუნთქვა არ ხდება. ამასთან, იმ ადამიანებზე, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მაგალითად, სასუნთქი გზების დაავადებები) პირბადის ხანგრძლივად გამოყენება უჭირთ, პირბადის ტარების ვალდებულება არ ვრცელდება.

უახლესი სამეცნიერო კვლევები ადასტურებს, რომ პირბადის გამოყენება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. ამერიკული თორაკალური ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პირბადის ტარება შესაძლოა იყოს არაკომფორტული, მაგრამ არ ზღუდავს ჟანგბადის ნაკადს ფილტვებში, ფილტვების მძიმე დაავადებების მქონე ადამიანებშიც კი. პირბადის ტარებისას დისკომფორტი გამოწვეულია სახის მგრძნობიარე ნერვების გაღიზიანებით, ჩასუნთქული ჰაერის დათბობით ან კლაუსტროფობიის განცდებით. (იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია).

მტკიცება: არცერთი ტესტი, არც PCR, A ტიპის გრიპს ვერ არჩევს კოვიდისაგან, უკვე აღიარა ჯანმომაც და ყველამ... PCR-ის ავტორმაც თქვა, რომ სადიაგნოსტიკოდ არ გამოიყენებაო

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

COVID-19-ის დიაგნოსტირებისთვის სხვადასხვა ტიპის ტესტები გამოიყენება, ყველა მათგანი ორგანიზმში SARS-COV-2-ის ვირუსის არსებობას იკვლევს და მტკიცება, რომ ტესტები კორონავირუსს და გრიპის ვირუსს ერთმანეთისგან ვერ არჩევს, აბსურდულია.

ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს (CDC) რეკომენდაცია გასცა ისეთი ტესტირების მეთოდისთვის, რომელიც კორონავირუსთან ერთად, გრიპის ვირუსის იდენტიფიცირებასაც შეძლებს. CDC-ის აღნიშნული გადაწყვეტილება გახდა იმ მითის საფუძველი, თითქოს PCR ტესტები COVID-19-ისა და გრიპის ვირუსების დიფერენცირებას ვერ ახდენს.

2021 წლის 21 ივლისს, CDC-მა ახალი პროტოკოლი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ლაბორატორიებმა SARS-COV-2- ის იდენტიფიცირებისთვის PCR ტესტების გამოყენება წლის ბოლომდე უნდა შეწყვიტონ და ალტერნატიულ მეთოდზე უნდა გადავიდნენ. 2021 წლის 31 დეკემბრამდე CDC ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA) PCR ტესტის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის მოთხოვნის გაუქმებით მიმართავს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეთოდით COVID-19-სა და გრიპის დიფერენცირება ვერ ხდება. CDC ისეთი ტესტების გამოყენებას უწევს რეკომენდაციას, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია, SARS-COV-2-ის და გრიპის ვირუსების ერთდროულად გამოვლენა.

PCR-ის გამომგონებელს არ უთქვამს, რომ ის სადიაგნოსტიკოდ არ გამოიყენება.მსგავსი დეზინფორმაცია სოციალურ ქსელში აქამდეც აქტიურად ვრცელდებოდა, იხილეთ ამ თემაზე fullfact-ის და reuters-ის მიერ გადამოწმებული მასალები. აღნიშნული დეზინფორმაცია ეფუძნება 1996 წლის სტატიას აივ ინფექციისა და შიდსის შესახებ, სადაც საუბარია, რომ PCR განსაზღვრავს ნივთიერებების არსებობას თვისობრივად და არა რაოდენობრივად. თუმცა არც კ.მულისს და არც სტატიის ავტორს არ უთქვამს, რომ PCR-ით ვირუსის გამოვლენა არ ხდება.

PCR მეთოდი (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) ამერიკელმა კ. მულისმა (1983) აღმოაჩინა, რომელმაც ამისთვის ნობელის პრემია მიიღო. ის სამედიცინო და ბიოლოგიურ კვლევათა ლაბორატორიებში სხვადასხვა საჭიროებისთვის გამოიყენება. მაგალითად, PCR მეთოდით ხდება: გენების ფუნქციური ანალიზი, მემკვიდრულ დაავადებათა დიაგნოსტირება, გენეტიკურ ანაბეჭდთა იდენტიფიკაცია (გამოიყენება სასამართლო ექსპერტიზაში და მამობის ტესტირებისას),ინფექციურ დაავადებათა დიაგნოსტირება.დღეს, მედიცინაში PCR მეთოდით გენეტიკურ მასალის (დნმ და რნმ) კვლევაზე დამყარებული მრავალრიცხოვანი ინფექციების, მათ შორის COVID-19-ის, მაღალი სიზუსტით დიაგნოსტირება ხორციელდება.

თინა თოფურიამ გადაცემაში ასევე ისაუბრა კოვიდვაქცინებთან მიმართებით ანტისხეულით გაძლიერებულ დაავადების (ADE) რისკებზე და არგუმენტად ინფექციონისტ გიორგი კანდელაკის მოსაზრება/განცხადება მოიყვანა. ვაქცინების შემთხვევაში არსებობს ანტისხეულებით დაავადების გაძლიერების რისკი, არაერთი ვაქცინის გამოკვლევისას ADE-ს შემთხვევები დაფიქსირებულა, რის გამოც შეჩერდა ვაქცინის ცდა.თუმცა კოვიდვაქცინების პრე-კლინიკური, კლინიკური და ვაქცინაციის შედეგები აჩვენებს, რომ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ADE რეაქციებს არ იწვევს.ამ თემაზე ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

-------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.