2021 წლის 29 სექტემბერს, საზოგადოებრივი მოძრაობა „ერი და სახელმწიფოს“ ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ სკოლებში ყველა მოსწავლისთვის პირბადის ტარების ვალდებულების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას პოსტით გამოეხმაურა. ტომარაძის თქმით, „ბავშვებისთვის საათობით პირბადის ტარების ვალდებულება დანაშაულია“, რადგან ის „აქვეითებს იმუნიტეტს, ნეგატიურად მოქმედებს ფილტვებსა და გულსისხლძარღვთა სისტემაზე. გარდა ამისა, პირბადე ბავშვებს თითქმის ვერ იცავს ვირუსისგან“. რეალურად, პოსტში გავრცელებული მტკიცება, რომ პირბადის ტარება სკოლის მოსწავლეებისთვის საზიანოა, სიმართლეს არ შეესაბამება.
2021 წლის 28 სექტემბერს, საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დამთავრების შემდეგ განაცხადა, რომ 4 ოქტომბრიდან საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდებოდა. მინისტრის განცხადებით, სასწავლო პროცესის განახლება ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციებისა და სამედიცინო პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მოხდებოდა, ამასთან ყველა მოსწავლისთვის პირბადის ტარება იქნებოდა აუცილებელი.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ზვიად ტომარაძე სწორედ სკოლებში ბავშვებისთვის პირბადის ტარების ვალდებულების დაწესებას გამოეხმაურა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს პირბადის ტარება ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. რეალურად, პირბადის ტარება არც ბავშვებისთვის და არც ზრდასრული პიროვნებისთვის საზიანო არ არის.
ამერიკის პედიატრიის აკადემიის (The American Academy of Pediatrics) მიხედვით:
• პირბადის ტარება ბავშვის იმუნურ სისტემას არ აქვეითებს და არც ავადმყოფობის შანსს ზრდის COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში. პირიქით, პირბადის ტარება მნიშვნელოვანია, რადგან ის ვირუსის გავრცელებას უშლის ხელს.
• პირბადის ტარება ბავშვის ფილტვებზე და მის განვითარებაზე არავითარ გავლენას არ ახდენს. ამის მიზეზი კი არის ის, რომ პირბადეში ჟანგბადის ნაკადი თავისუფლად აღწევს, თუმცა პარალელურად ის შხეფები და სასუნთქი წვეთები იბლოკება, რომლებიც შესაძლოა ვირუსის შემცველი იყოს.
• პირბადის ტარება არ ართულებს ბავშვის სუნთქვის პროცესს და არ იწვევს სისხლში ჟანგბადის ნაკლებობას (ჰიპოქსემია). ამასთან, პირბადის ტარება ბავშვის სწავლისა და კონცენტრაციის უნარებზეც არ ახდენს გავლენას. შესაბამისად, 2 წლის და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის პირბადის ხანგრძლივი დროით გამოყენება საფრთხეს არ წარმოადგენს.
• პირბადის ტარება არ იწვევს ნახშირორჟანგით მოწამვლას (ჰიპერკაპნია - ამოსუნთქული ჰაერის ხელახლა ჩასუნთქვა). რეალურად, ნახშირორჟანგის მოლეკულები ძალიან მცირე, სუნთქვის წვეთებზეც კი მცირე ზომისაა და მათი დაგროვება პირბადეებზე არ ხდება. მიუხედავად იმისა, რომ პირბადის ტარება ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, რეკომენდებულია რომ 2 წლამდე ასაკის ბავშვებმა ისინი არ გაიკეთონ, რადგან მათ ნიღბების მოხსნა დამოუკიდებლად არ შეუძლიათ. ამასთან, დამატებითი ყურადღება უნდა დაეთმოთ მწვავე სუნთქვითი პრობლემების ან კოგნიტიური დარღვევების მქონე ბავშვებს, რომელთაც პირბადესთან შეგუებისთვის შესაძლოა დრო დასჭირდეთ.
დღეისათვის, ვირუსთან დაკავშირებული ცოდნის ზრდასა და პირბადეების დეფიციტის აღმოფხვრასთან ერთად, ჯანდაცვის ყველა ავტორიტეტული ინსტიტუტი თანხმდება, რომ კორონავირუსის გავრცელების შეფერხებისთვის პირბადის ტარება აუცილებელია. „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის“ თანახმად, რა თქმა უნდა, პირბადე ვირუსისგან დაცვის 100%-იან გარანტიას არ წარმოადგენს, თუმცა სამედიცინო ნიღაბს შეუძლია, ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალოს და ასევე, ადამიანი ინფიცირებისგან დაიცვას.
დღევანდელი მდგომარეობით, ამერიკის „დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი“ (CDC) პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს როგორც არავაქცინირებულ ადამიანებს, მათ შორის - 2 წლამდე ასაკის ბავშვებს და სრულად ვაქცინირებულ სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებს. ასევე, CDC-ის რეკომენდაციის თანახმად, ვირუსის დელტა ვარიანტისგან თავდასაცავად და ვირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სასურველია, სრულად ვაქცინირებულმა პირებმა პირბადე დახურულ სივრცეში ხალხმრავალ შეკრებების დროსაც ატარონ. შესაბამისად, მტკიცება რომ პირბადის ტარება ადამიანის, მათ შორის ბავშვის, ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, სიმართლეს არ შეესაბამება.
ამასთან, ზვიად ტომარაძე პოსტში რამდენიმე ქვეყანას ჩამოთვლის, რომლებშიც ბავშვებს სკოლებში პირბადის ტარების ვალდებულება არ აქვთ. ტომარაძის მიერ ნახსენებს ზოგიერთ ქვეყანაში პირბადეების ტარება ნამდვილად არ არის სავალდებულო, თუმცა არა ყველა მათგანში, მაგალითად:
ჩეხეთი - ჩეხეთში ბავშვებისთვის, მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის და სკოლის ტერიტორიაზე სხვა ვიზიტორებისა თუ თანამშრომლებისთვის პირბადის ტარება სავალდებულოა. თუმცა, კვებისა და ვარჯიშების კეთების დროს ბავშვებს პირბადეების მოხსნა შეუძლიათ.
ლიეტუვა - პირბადის ტარება ყველასთვის სავალდებულოა შენობებში, საზოგადოებრივ სივრცეებში, მათ შორის მაღაზიებში, ტრანსპორტში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სკოლებში, გარდა 6 წელზე ქვემოთ ასაკის ბავშვებსა და შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა, რომლებსაც სახის დაფარვა არ შეუძლიათ.
სლოვაკეთი - 4 ოქტომბრიდან დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის პირბადეების ტარება საკლასო ოთახებში სავალდებულო აღარ არის, თუმცა იმ სივრცეებში სადაც სხვადასხვა კლასის ბავშვები იყრიან თავს - სკოლის დერეფნები, საპირფარეშოები, გამოსაცვლელი ოთახები, ბავშვებს პირბადის ტარების ვალდებულება რჩებათ. ნიღბების ტარება ასევე სავალდებულოა ფართომასშტაბიანი ღონისძიებების დროს და საშუალო სკოლების უმაღლესი კლასების მოსწავლეებისთვის.
პოლონეთი - მოსწავლეებს პირბადეების ტარება საკლასო ოთახებში არ უწევთ, თუმცა შესვენებების დროსა და საერთო სივრცეებში ყოფნისას ნიღბები უნდა გამოიყენონ.
ამერიკის შეერთებული შტატები - აშშ-ის სკოლებში პირბადეების ტარების სხვადასხვა წესი ვრცელდება. მათ შორის გასათვალისწინებელია, რომ პირბადეები ზოგიერთ შტატში ყველა სკოლაში არის სავალდებულო, ზოგიერთ შტატში პირბადის ტარების წესი ვაქცინაციაზე დამოკიდებული და შესაბამისად, პირბადის ტარების ვალდებულება მათ აქვთ, ვინ არ არის ვაქცინირებული. ზოგიერთ შტატში პირბადეების ტარებაზე მანდატი საერთოდ არ არის დაწესებული და ადგილობრივ დონეზეა მისაღები გადაწყვეტილება მისი სავალდებულოობის შესახებ, ასევე ზოგიერთ შტატში პირბადეების ტარება საერთოდ აკრძალულია.
რუსეთი - რუსეთის 89 რეგიონის სკოლებისთვის პირბადის ტარება არ არის სავალდებულო, თუმცა ზოგიერთ პროვინციაში სკოლები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ნიღბის ტარებას სთხოვენ.
ბრიტანეთი - ბრიტანეთში 2021 წლის მაისიდან მოსწავლეებს და მასწავლებლებს სკოლაში პირბადე არ უკეთიათ. ბრიტანეთმა პირბადის ტარების ნაცვლად სხვა უსაფრთხოების წესებს მიმართა, რაც სწრაფ ტესტირებასა და ფართო კარანტინს გულისხმობდა.
შვეიცარია - პირბადეების ტარება მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოა. ამასთან, 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ნიღბის ტარება სავალდებულო არ არის, თუ ამას კანტონი არ მოითხოვს. შვეიცარიაში თითოეულ კანტონს დამოუკიდებლად შეუძლია სხვადასხვა ზომების მიღება და დაწესება, როგორც სკოლებთან, ისე სასკოლო ტრანსპორტთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ზოგიერთ კანტონში პირბადეების ტარება სავალდებულოა საშუალო კლასებში, ხოლო ზოგიერთ კანტონში დაწყებით კლასებშიც.
ირლანდია - საშუალო სკოლებში მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის, იშვიათი გამონაკლისების გარდა, პირბადის ტარება სავალდებულოა, ხოლო დაწყებით კლასებში ბავშვებს პირბადის ტარების ვალდებულება არ აქვთ.
შვედეთი - სკოლები პანდემიის დასაწყისშიც კი არ დაუხურავთ, მათ შორის, არც მოსწავლეებისთვის და არც მასწავლებლებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო არ ყოფილა.
უკრაინასა და ბელარუსში მოსწავლეებს პირბადის ტარების ვალდებულება არ აქვთ. თუმცა, უკრაინაში მიზანშეწონილია ბავშვებმა და მასწავლებლებმა ფიზიკურ დისტანციასთან, ხელებისა და სუნთქვის ჰიგიენასთან დაკავშირებული წესები დაიცვან.
-------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.