იტვირთება

სალომე სამადაშვილი: სკოლის მოსწავლეების 77% დროდადრო ან ხშირად შიმშილობს

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, სალომე სამადაშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

რეზიუმე: სალომე სამადაშვილი განცხადებისას მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგებს ეყრდნობა, სადაც გამოკითხულ მოსწავლეთა 77% ამბობს, რომ სკოლაში მისვლის დროს ხანდახან (42%) ან ყოველთვის (35%) შიმშილის გრძნობას განიცდის. აღნიშნული გამოკითხვის შედეგები არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც ბავშვთა შიმშილის [ანუ მალნუტრიციის] მაჩვენებელი. შესაბამისად, ისე ინტერპრეტირება, თითქოს „საქართველოში სკოლის მოსწავლეების 77% შიმშილობს“, არასწორია.

სტატისტიკური მონაცემები და UNICEF-ის კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოში ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე და შიმშილი [კვების დეფიციტი] ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. შიმშილის გამომწვევი მიზეზი, სხვა ფაქტორებთან ერთად, დიდწილად უკიდურესი სიღარიბე და საკვებზე მატერიალური ხელმისაწვდომობის პრობლემაა. საქსტატის მონაცემებით, 0-17 წლის ასაკის 26.4% აბსოლუტურ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. UNICEF-ის ბოლო მონაცემებით კი, ბავშვების 6.8% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ხოლო ზოგადი სიღარიბის მაჩვენებელი ბავშვებში 27.6%-ია.

შესაბამისად, სალომე სამადაშვილის განცხადების კონტექსტი ბავშვთა შიმშილის პრობლემაზე არის სწორი. თუმცა ბავშვთა სოციალური მდგომარეობა და ე.წ. შიმშილი [არასრულფასოვანი კვება] არაა იმ მასშტაბის, როგორც ამას დეპუტატი წარმოაჩენს.

ანალიზი

1-ელ დეკემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა: „იმ ქვეყნის პარლამენტის წევრები ხართ, სადაც სკოლის მოსწავლეებს შორის 77% დროდადრო ან ხშირად შიმშილობს“. დეპუტატმა განათლების მინისტრს მიმართა და მისი შეკითხვა შეეხებოდა, თუ რას აპირებდა მთავრობა სკოლებში ბავშვთა კვებასთან დაკავშირებით.

სტატისტიკური მონაცემები, კვლევები და შეფასებები აჩვენებს, რომ ბავშვთა სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა, რაც თავის მხრივ, საკვებზე მატერიალური ხელმისაწვდომობის პრობლემას ქმნის. ბავშვები კვების დეფიციტს განიცდიან, არასრულფასოვანი კვება არის ე.წ. ფარული შიმშილი, რომელიც ბავშვის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაზე პირდაპირ აისახება.

შიმშილის პრობლემაზე საუბრისას, ყურადღება ბავშვთა კვების დეფიციტზე უნდა გავამახვილოთ, რომლის გამომწვევი მიზეზი, ხშირ შემთხვევაში, უკიდურესი სიღარიბეა. იუნისეფის კვლევები ადასტურებს, რომ მალნუტრიციის პრობლემა ქვეყანაში (ბავშვთა შიმშილზე ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია) ნამდვილად არის.

საქართველოში 2018-2019 წლებში ჩატარებული მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) შედეგების თანახმად, 6-23 თვის ასაკის ბავშვების 27% მინიმალური კვების რაციონის მრავალფეროვნებას და საკვებს, მინიმალური სიხშირით იღებდა. არასრულფასოვანი კვება ბავშვებში იწვევს: გამოფიტვას, წონის დეფიციტს, ჭარბწონიანობას, ზრდაში ჩამორჩენას. MICS კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოში 5 წლამდე ბავშვების 6%-ს ჭარბი წონა აქვს, ბავშვების 2%-ს - ზომიერად ან მკვეთრად გამოხატული წონის დეფიციტი, ბავშვების 1%-ს წონაში ზომიერად ან მკვეთრად გამოხატული გამოფიტვა აღენიშნება, 6% - ზომიერად ან მკვეთრად ჩამორჩება სიმაღლეში.

„საქართველოში კვების ეროვნული კვლევის“ (ოქსფამი; 2016) თანახმად, 10-17 წლის ასაკის ბავშვების დაახლოებით ნახევარი მოკლებულია ვიტამინებითა და ცილებით მდიდარ საკვებს, რაც აუცილებელია ბავშვის მზარდი ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით მისი ფიზიკური და გონებრივი განვითარების ხელშეწყობისთვის. კვლევამ აჩვენა, რომ არასრულფასოვანი კვება/შიმშილი ძირითადად საკვებზე მატერიალური ხელმისაწვდომობის პრობლემით არის განპირობებული. მოსახლეობის ნახევარზე მეტს საკვებზე მატერიალური ხელმისაწვდომობის პრობლემა აქვს.

საქართველოში ბავშვები უფრო ღარიბები არიან, ვიდრე მოსახლეობის სხვა ჯგუფები. გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვიანი ოჯახები მეტად ღარიბები არიან, ვიდრე უბავშვო ოჯახები. რაც უფრო მეტია ბავშვების რაოდენობა ოჯახებში, მით უფრო მეტია სიღარიბის მაჩვენებელი. ბავშვთა სიღარიბე კი პირდაპირ კავშირშია ბავშვებში კვების დეფიციტთან. UNICEF-ის ბოლო, 2017 წლის კვლევის თანახმად, ბავშვების 6.8% (53.4 ათასი 16 წლამდე პირი) უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ხოლო ზოგადი სიღარიბის მაჩვენებელი ბავშვებში 27.6%-ია, რაც რაოდენობრივად 216 ათასი ბავშვია.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს აბსოლუტურ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა, 0-17 წლის 24.4%, თითქმის ყოველი მეოთხე ბავშვი. ეს მაჩვენებელი პანდემიის შემდგომ, 2020 წელს 26.4%-მდე გაიზარდა.

პოლიტიკის დოკუმენტის თანახმად, რომელიც საქართველოში სასკოლო კვების სისტემის ჩამოყალიბების საჭიროებას ეხება, „საქართველოში გამოკითხულ მოსწავლეთა 77% ამბობს, რომ სკოლაში მისვლის დროს ხანდახან (42%) ან ყოველთვის (35%) განიცდის შიმშილის გრძნობას, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს წიგნიერებაში მოსწავლეთა დაბალ შედეგებზე (NAEC, 2019)“. როგორც ჩანს სალომე სამადაშვილი განცხადებისას, სწორედ ამ მონაცემებზე საუბრობს. თუმცა აღნიშნული გამოკითხვის შედეგი არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც ბავშვთა უკიდურესი სიღარიბის და მალნუტრიციის, კვების დეფიციტის მაჩვენებელი. თუ გამოკითხული ბავშვების 77% ამბობს, რომ სკოლაში ყოფნის დროს ყოველთვის ან ხანდახან შია, ამის ისე წარმოჩენა, თითქოს საქართველოში სკოლის მოსწავლეების 77% შიმშილობს, რეალური სურათის განზრახ დამახინჯებაა.

„ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ დაუწერია იმის შესახებ, რომ საქართველოში ბავშვების გარკვეული ნაწილი „შიმშილობს“, ანუ კვების დეფიციტს განიცდის, რასაც დიდწილად უკიდურესი სიღარიბე და საკვებზე მატერიალური ხელმისაწვდომობის პრობლემა განაპირობებს. თუმცა ბავშვებში ე.წ. შიმშილი [კვების დეფიციტი] არ არის იმ მასშტაბის, როგორც ამას სალომე სამადაშვილი წარმოაჩენს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
3898 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
24%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი