ქართული ოცნება: საქართველოში შიმშილით არ იღუპებიან

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებები ქვეყანაში შიმშილის პრობლემასთან დაკავშირებით არის ფაქტებით მანიპულირება

ანალიზი

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იმ ფაქტს არ აღიარებენ, რომ საქართველოს მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების გარკევული ნაწილი „შიმშილობს“, ანუ კვების დეფიციტს განიცდის, რაც დიდწილად უკიდურესი სიღარიბით არის გამოწვეული. ისინი სხვადასხვა სახის მანიპულაციურ განცხადებებს აკეთებენ.

22 დეკემბერს, ჯანდაცვისა და განათლების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, ქართული ოცნების წევრმა, ლადო კახაძემ ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს რიტორიკული კითხვით მიმართა: „არსებობს, თუ - არა საქართველოში შიმშილით სიკვდილის კახექსიური შემთხვევა? ერთი მაგალითი მაინც მითხარით“.

ასევე, 22 დეკემბერს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა: „ხშირად არის საუბარი ბავშვთა შიმშილობაზე. მე დავაზუსტებდი, ეს არასწორი ტერმინია. ასეთი დეფინიცია არ არსებობს და არც რეალობას არ ასახავს. უფრო სწორი იქნება, რომ ბავშვთა არასრულფასოვან კვებაზე ვისაუბროთ. ეს ნამდვილად პრობლემაა“.

მიმდინარე წლის თებერვალში, „ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა წარმომადგენელმა რევაზ არველაძემ განაცხადა: „ჩვენ ქვეყანაში ბავშვები არ შიმშილობენ, თუ ვინმე შიმშილობს ე.ი. ოპოზიციამ აშიმშილა“.

„ფაქტ-მეტრმა“ მიმოიხილა, შიმშილი და უკიდურესი სიღარიბე საქართველოში რამდენად მწვავე პრობლემაა.

არასრულფასოვანი კვება, იგივე შიმშილია, რომლის გამომწვევი მიზეზიც დიდწილად უკიდურესი სიღარიბე და საკვებზე მატერიალური ხელმისაწვდომობის პრობლემაა. არასრულფასოვანი კვება ორგანიზმის დასუსტებას და სხვადასხვა დაავადებებს იწვევს, რაც შემდგომ გარდაცვალების მიზეზი შეიძლება გახდეს. საქართველოში უკიდურესი სიღარიბე და შიმშილი [არასრულფასოვანი კვება] ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომელიც არაერთი კვლევით დასტურდება.

შიმშილი არასრულფასოვან კვებას (საკვების ის ოდენობა, რომლის ენერგეტიკული ღირებულებაც აქტიური და ჯანსაღი ცხოვრებისთვის არასაკმარისია) გულისხმობს. არასრულფასოვანი კვება ჯანმრთელობას აზიანებს და სხვადასხვა არაგადამდები დაავადებების გამომწვევი მიზეზი ხდება. კახექსია, რომელზეც ლადო კახაძე მიუთითებს, ეს არის ორგანიზმის გამოფიტვა, რაც შესაძლოა, კვების დეფიციტით იყოს გამოწვეული. UNICEF--ის განმარტებით, არასრულფასოვან კვებას სიღარიბე, ურბანიზაცია, კლიმატის ცვლილება და საკვების მწირი არჩევანი განაპირობებს.

შიმშილი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, როგორც საქართველოსთვის, ასევე გლობალურად. გაეროს მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მიზანი სწორედ შიმშილის აღმოფხვრაა. 2020 წლის სექტემბერში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) „სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის“ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოში შიმშილის მხრივ არსებულ მდგომარეობას აფასებს. კვლევის თანახმად, 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 8.2% (300 ათასზე მეტი ადამიანი) არასრულფასოვნად იკვებება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მაჩვენებელი კავკასიის რეგიონის ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება. ანგარიშის თანახმად, მსოფლიო მოსახლეობის 8.9% (თითქმის 690 მილიონი ადამიანი) არასრულფასოვნად იკვებება. არსებული ტენდენციის გათვალისწინებით კი, 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების მიზანი 2 - შიმშილის აღმოფხვრა, ვერ მიიღწევა.

„შიმშილის გლობალურ ინდექსის“ 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო 117 ქვეყანას შორის 39-ე ადგილს იკავებს. შიმშილის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა უკანასკნელ, 2010 წლის მონაცემებთან შედარებით, გაუარესებულია. შიმშილის ინდექსში საქართველო მეზობელ ქვეყნებს ჩამორჩება. აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში კი მხოლოდ თურქმენეთსა და უზბეკეთზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს.

შიმშილის გლობალური ინდექსი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით დგინდება: მოსახლეობის არასრულფასოვანი კვება, 5 წლამდე ბავშვთა შიმშილი/წონის დეფიციტი, ზრდაში ჩამორჩენა 5 წლამდე ბავშვებში და 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა.

შიმშილის პრობლემაზე საუბრისას, ყურადღება ბავშვთა კვების დეფიციტზე უნდა გავამახვილოთ, რომლის გამომწვევი მიზეზი ხშირ შემთხვევაში უკიდურესი სიღარიბეა. საქართველოში 2018-2019 წლებში ჩატარებული მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) შედეგების თანახმად, 6-23 თვის ასაკის ბავშვების 27% მინიმალური კვების რაციონის მრავალფეროვნებას და საკვებს მინიმალური სიხშირით ღებულობდა. არასრულფასოვანი კვება ბავშვებში იწვევს: გამოფიტვას, წონის დეფიციტს, ჭარბწონიანობას, ზრდაში ჩამორჩენას. MICS კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოში 5 წლამდე ბავშვების 6%-ს ჭარბი წონა აქვს, ბავშვების 2%-ს - ზომიერად ან მკვეთრად გამოხატული წონის დეფიციტი, ბავშვების 1%-ს წონაში ზომიერად ან მკვეთრად გამოხატული გამოფიტვა აღენიშნება, 6% - ზომიერად ან მკვეთრად ჩამორჩება სიმაღლეში.

იმ ფაქტს, რომ შიმშილი და საკვებზე ხელმისაწვდომობა ქვეყნის უმთავრესი პრობლემაა, ასევე ოქსფამის „საქართველოში კვების ეროვნული კვლევის“ შედეგებით დასტურდება, რომელიც 2016 წელს გამოქვეყნდა. კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 58% მთელი წლის განმავლობაში განიცდის ცილებით, მინერალებითა და ვიტამინებით მდიდარი საკვების დეფიციტს. ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის ნახევარზე მეტს საკვებზე მატერიალური ხელმისაწვდომობის პრობლემა აქვს. მოსახლეობის მოსახლეობის 20%-ზე მეტი კი (ყოველ მეხუთე ადამიანი), საკვებს ძირითადად ვალით ყიდულობს.

არასრულფასოვანი კვება უმეტეს შემთხვევაში უკიდურესი სიღარიბეს უკავშირდება. UNICEF „საქართველოში ბავშვებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობის“ კვლევას ორ წელიწადში ერთხელ ატარებს. მოსახლეობის სიღარიბე და კეთილდღეობა სამომხმარებლო ხარჯების ანალიზის საფუძველზე ფასდება. უკიდურეს სიღარიბედ მიიჩნევა, როდესაც ადამიანი დღიურად 1.25 დოლარზე ნაკლებს მოიხმარს, რაც ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულ პირზე თვეში 82.8 ლარს შეესაბამება. UNICEF-ის ბოლო, 2017 წლის კვლევის თანახმად, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა. სიღარიბის დონე მოსახლეობის ყველა ჯგუფში გაიზარდა, თუმცა ყველაზე მეტად ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლებმა მოიმატა.

2017 წლის მონაცემებით, უკიდურეს სიღარიბეში მოსახლეობის 5% (186 ათასზე მეტი პირი) და 16 წლამდე ბავშვების 6.8% (რაც დაახლოებით 53.4 ათასია) ცხოვრობს. უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის (მათ შორის ბავშვების და პენსიონერების) წილი გაზრდილია, როგორც 2015 წელთან, ასევე 2013 წელთან შედარებითაც.

გრაფიკი 1: უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი 2013, 2015 და 2017 წლებში

წყარო: UNICEF -მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევები

ზემოთ მოყვანილი მონაცემები ცალსახად აჩვენებს, რომ საქართველოში ბევრი ადამიანი შიმშილობს. სიტყვა შიმშილის ჩანაცვლება ტერმინით - „არასრულფასოვანი კვება“ შინაარსს არ ცვლის. ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევები, შიმშილის კვლევისას სწორედ არასრულფასოვან კვებას გულისხმობენ და შინაარსობრივად ეს ორი ტერმინი ერთმანეთისაგან არ განსხვავდება. ამასთან, „ფაქტ-მეტრის“ გამოცდილება აჩვენებს, რომ პოლიტიკოსები და მედია შიმშილზე აქცენტის გაკეთებისას სწორედ უკიდურესი სიღარიბით გამოწვეულ არასრულფასოვან კვებას გულისხმობენ. მმართველი გუნდის წარმომადგენლების ნაწილი ამ პრობლემას საერთოდ ვერ ხედავს, ნაწილი კი ტერმინის ცვლილებით პრობლემის მიმართ მოქალაქეების დამოკიდებულების შერბილებას ცდილობს. ამგვარად, ტერმინის ცვლილება მანიპულაციური ხასიათისაა და მთავარი პრობლემიდან ყურადღების სხვა საკითხზე გადატანას ისახავს მიზნად. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მმართველი გუნდის განცხადებები იმის თაობაზე, რომ საქართველოში შიმშილის პრობლემა არ არის და შიმშილით ადამიანები არ იღუპებიან, არის ფაქტებით მანიპულირება.