ალექსანდრე რაქვიაშვილი: უკიდურესად ღარიბი რომ ხარ, არ ნიშნავს, რომ შიმშილობ.. სად ნახეთ, რომ ბავშვები შიმშილობდნენ
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადება არის ტყუილი.
თბილისის საჯარო სკოლებში უფასო კვების შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის ნიკა მელიას დაპირებას „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი გამოეხმაურა: „არ მგონია, რომ თბილისში ბავშვები შიმშილობდნენ“.. მისივე მტკიცებით „უკიდურესად ღარიბი რომ ხარ, არ ნიშნავს, რომ შიმშილობ. სიღარიბეს დავარქვათ შიმშილი, არასერიოზულია“. „ნეტგაზეთთან“ საუბარში ალექსანდრე რაქვიაშვილმა ასევე განაცხადა: „სად ნახეთ, რომ ბავშვები შიმშილობდნენ? ჯერ უნდა იყოს ფაქტი, რომ ბავშვები შიმშილობდნენ და იქიდან დავიწყოთ, რომ გადავჭრათ პრობლემა, მაგრამ მტკიცებულება ხომ უნდა არსებობდეს, რომ ბავშვები შიმშილობენ?“
საქართველოში ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე და შიმშილი [არასრულფასოვანი კვება] ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. შიმშილის [არასრულფასოვანი კვების] გამომწვევი მიზეზი, სხვა ფაქტორებთან ერთად, დიდწილად უკიდურესი სიღარიბე და საკვებზე მატერიალური ხელმისაწვდომობის პრობლემაა. არასრულფასოვან კვება საკვების ის ოდენობაა, რომლის ენერგეტიკული ღირებულებაც აქტიური და ჯანსაღი ცხოვრებისთვის არასაკმარისია. არასრულფასოვანი კვება ჯანმრთელობას აზიანებს და სხვადასხვა არაგადამდები დაავადებების გამომწვევი მიზეზი ხდება. UNICEF-ის განმარტებით, არასრულფასოვან კვებას სიღარიბე, ურბანიზაცია, კლიმატის ცვლილება და საკვების მწირი არჩევანი განაპირობებს.
შიმშილის პრობლემაზე საუბრისას, ყურადღება ბავშვთა კვების დეფიციტზე უნდა გავამახვილოთ, რომლის გამომწვევი მიზეზი, ხშირ შემთხვევაში, უკიდურესი სიღარიბეა. საქართველოში 2018-2019 წლებში ჩატარებული მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) შედეგების თანახმად, 6-23 თვის ასაკის ბავშვების 27% მინიმალური კვების რაციონის მრავალფეროვნებას და საკვებს, მინიმალური სიხშირით ღებულობდა. არასრულფასოვანი კვება ბავშვებში იწვევს: გამოფიტვას, წონის დეფიციტს, ჭარბწონიანობას, ზრდაში ჩამორჩენას. MICS კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოში 5 წლამდე ბავშვების 6%-ს ჭარბი წონა აქვს, ბავშვების 2%-ს - ზომიერად ან მკვეთრად გამოხატული წონის დეფიციტი, ბავშვების 1%-ს წონაში ზომიერად ან მკვეთრად გამოხატული გამოფიტვა აღენიშნება, 6% - ზომიერად ან მკვეთრად ჩამორჩება სიმაღლეში.
გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვისა და ნუტრიციის სპეციალისტი თაკო უგულავა „ფაქტ-მეტრთან“ განმარტავს: „არსებობს ე.წ. ფარული შიმშილი, რასაც ჩვენ ვიყენებთ ნუტრიციულ მეცნიერებაში. იუნისეფის კვლევებში საუბარია ფარულ შიმშილზე. ვიტამინებისა და მინერალების არასაკმარისმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მიკრონუტრიენტების დეფიციტი, რომელიც ბავშვის ზრდაზე და განვითარებაზე აისახება უარყოფითად. მალნუტრიცია იწვევს წონის დეფიციტს, ბავშვის გამოფიტვას, რომლის ძირითადი მიზეზი არასრულყოფილი კვებაა. თუმცა მას შეიძლება ჰქონდეს სამედიცინო მხარეც, რის გამოც მიღებულ საჭმელს ვერ ინელებს ორგანიზმი.
MICS კვლევის შედეგებს თუ შევხედავთ არის გარკვეული კორელაცია ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან. მაგალითად, ღარიბ მოსახლეობაში წონის დეფიციტი თითქმის 2.3%-ს შეადგენდა და თითქმის არ აღინიშნებოდა მდიდარი ბავშვების ოჯახებში“.
„საქართველოში კვების ეროვნული კვლევის“ (ოქსფამი; 2016) თანახმად, „ქვეყნის მოსახლეობის 58% არასრულფასოვნად იკვებება. 10-17 წლის ასაკის ბავშვების დაახლოებით ნახევარი მოკლებულია ვიტამინებითა და ცილებით მდიდარ საკვებს, რაც აუცილებელია ბავშვის მზარდი ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით მისი ფიზიკური და გონებრივი განვითარების ხელშეწყობისთვის. შესაბამისად, კვების ასეთი რაციონი მაკრო და მიკროელემენტების დეფიციტთან ასოცირდება და ქმნის ცილოვანი დეფიციტით გამოწვეული მდგომარეობების განვითარების რისკს, რაც ბავშვებში უხშირესად განვითარებისა და ზრდაში ჩამორჩენის პრობლემებთან არის ასოცირებული“. კვლევამ აჩვენა, რომ არასრულფასოვანი კვება/შიმშილი ძირითადად საკვებზე მატერიალური ხელმისაწვდომობის პრობლემით არის განპირობებული. მოსახლეობის ნახევარზე მეტს საკვებზე მატერიალური ხელმისაწვდომობის პრობლემა აქვს. ამავე კვლევის თანახმად, საქართველოში ყოველ მეხუთე ადამიანი საკვებს ძირითადად ვალით ყიდულობს.
არასრულფასოვანი კვება უმეტეს შემთხვევაში უკიდურესი სიღარიბეს უკავშირდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს ოქტომბრის მონაცემებით, 16 წლამდე 211,638 პირია სოციალურად დაუცველი. მათგან ნახევარზე მეტი უღარიბეს კატეგორიაში [ყველაზე დაბალი სარეიტინგო ქულის (0-დან 57 ათასამდე) მქონე ოჯახები] ხვდება. საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს აბსოლუტურ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა, 0-17 წლის 24.4%, თითქმის ყოველი მეოთხე ბავშვი. ეს მაჩვენებელი პანდემიის შემდგომ, 2020 წელს 26.4%-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ პანდემიის პერიოდში სოციალურმა ტრანსფერებმა, რაც გაიცა ბავშვებზე და ბავშვიან ოჯახებზე, გავლენა იქონია სიღარიბის ზრდის ტემპის შენელებაზე. პანდემიის პერიოდში, სოციალური დახმარებების გარეშე, ბავშვთა სიღარიბე კიდევ უფრო მეტად გაიზრდებოდა.
UNICEF-ის ბოლო, 2017 წლის კვლევის თანახმად, ბავშვების 6.8% (53.4 ათასი 16 წლამდე პირი) უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ხოლო ზოგადი სიღარიბის მაჩვენებელი ბავშვებში 27.6%-ია, რაც რაოდენობრივად 216 ათასი ბავშვია.
გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური პოლიტიკისა და ეკონომიკის სპეციალისტმა ქეთევან მელიქაძემ „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში განაცხადა: „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლები, ასევე იუნისეფის მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევები ძალიან მკაფიოდ აჩვენებს, რომ ბავშვები უფრო ღარიბები არიან, ვიდრე მოსახლეობის სხვა ჯგუფები. სიღარიბე ბავშვობაში გაცილებით სავალალო შედეგს იძლევა, რომელიც პირდაპირ აისახება მის განვითარებაზე. სიღარიბე ნიშნავს, რომ ბავშვს აქვს უარესი კვება, ბავშვს აქვს ნაკლები წიგნი სახლში, მეტი ალბათობით, ის განათლების სისტემიდან გამოვარდება, აქვს ხელმისაწვდომობის პრობლემა ჯანდაცვაზე და ა.შ. გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვიანი ოჯახები მეტად ღარიბები არიან, ვიდრე უბავშვო ოჯახები. რაც უფრო მეტია ბავშვების რაოდენობა ოჯახებში, მით უფრო მეტია სიღარიბის მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, ღარიბ ოჯახებში უფრო მეტად არის ბავშვთა კვების პრობლემა“.
რაც შეეხება სკოლებში ბავშვთა კვების საჭიროებას, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, კვლევებისა და ეროვნული შეფასებების მიხედვით, საქართველოში მოსწავლეთა მიღწევებზე ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მათი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური სტატუსს. „მნიშვნელოვანი განსხვავება აღინიშნება მაღალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე და სოციალურად დაუცველ მოსწავლეთა მიღწევებს შორის. საქართველოში გამოკითხულ მოსწავლეთა 77% ამბობს, რომ სკოლაში მისვლის დროს ხანდახან (42%) ან ყოველთვის (35%) განიცდის შიმშილის გრძნობას, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს წიგნიერებაში მოსწავლეთა დაბალ შედეგებზე (NAEC, 2019)“.
ამ თემაზე „ფაქტ-მეტრი“ გაეროს ბავშვთა ფონდს ესაუბრა. გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანდაცვისა და ნუტრიციის სპეციალისტის თაკო უგულავას განმარტებით: „იუნისეფის კვლევები ადასტურებს, რომ მალნუტრიციის პრობლემა ნამდვილად არის ქვეყანაში. მალნუტრიციის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ნამდვილად არის სიღარიბე, გარდა ამისა არსებობს სხვა მრავალი ფაქტორიც.
მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ მალნუტრიცია ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე პირდაპირ აისახება. მტკიცებულებები აჩვენებს, რომ საჯარო სკოლებში ბავშვთა კვების უზრუნველყოფის აუცილებლობა არსებობს. სწორი კვება არის საწინდარი ბავშვის დასწავლის უნარისთვის. ამასთან, ღარიბ მოსახლეობაში ის ახალისებს, რომ ბავშვმა სკოლაში იაროს... იმ ქვეყნების უმრავლესობაში, სადაც საჯარო სკოლებში კვების პროგრამა არსებობს, პირველი ამოცანა არის სწავლის ხარისხის გაუმჯობესება, ასევე ნუტრიციული სტატუსის გაუმჯობესება“.
ამავე თემაზე, გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური პოლიტიკისა და ეკონომიკის სპეციალისტმა ქეთევან მელიქაძემ „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში განაცხადა, რომ „სკოლა არის ის ინსტიტუცია, რომელიც ბავშვის განვითარებაზე არის პასუხისმგებელი და შესაბამისად, სწორია სკოლებს მიაბა ეს პროგრამა [ბავშვთა კვების]. თუმცა ის არ უნდა აღმოჩნდეს მასტიგმატიზებელი, ანუ თუ მხოლოდ ღარიბი ბავშვების კვებაზე იზრუნებს სკოლა, ის შესაძლოა აღმოჩნდეს გამრიყავი ფაქტორი“.
სტატისტიკური მონაცემები, კვლევები და შეფასებები აჩვენებს, რომ ბავშვთა სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა, რაც თავის მხრივ ქმნის საკვებზე მატერიალური ხელმისაწვდომობის პრობლემას. შესაბამისად, ბავშვები განიცდიან კვების დეფიციტს. თუ სიღარიბეში მცხოვრები ბავშვი ფიზიკურად არ განიცდის შიმშილის გრძნობას, რადგან მან გარკვეული სახის საკვები მიიღო, არ ნიშნავს რომ ბავშვთა შიმშილის პრობლემა არ გვაქვს. არასრულფასოვანი კვება არის ე.წ. ფარული შიმშილი, რომელიც ბავშვის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაზე პირდაპირ აისახება. შესაბამისად, ალექსანდრე რაქვიაშვილის მტკიცება, რომ თითქოს ბავშვები არ შიმშილობენ და შესაბამისი მტკიცებულებები არ არსებობს, არის ტყუილი.