პრო-რუსული საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმის“ მიერ გავრცელებული ცნობის მიხედვით, უკრაინაში, კიევის მახლობლად მდებარე სასაფლაოზე აღმოაჩინეს ჭა, რომელიც „სავსეა პაკეტებში მოთავსებული ადამიანთა სხეულების ნაწილებითა და შინაგანი ორგანოებით“. კრემლისტური გამოცემის ეს მასალა სხვადასხვა რუსულენოვან ვებგვერდზე 2016 წელს გამოქვეყნებულ სტატიებს ეყრდნობა, რომლებშიც ვკითხულობთ, რომ „კიევში მარტოხელა ადამიანებს იჭერენ, ორგანოებად ანაწევრებენ და საიდუმლოდ მარხავენ“.
აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ უკრაინაში ცხედრებით სავსე ჭა იპოვეს, ღია წყაროებით არ დასტურდება. თუმცა, „საქინფორმი“ რუსულენოვანი წყაროების მიერ გავრცელებული ამ დაუდასტურებელი ცნობების ანალიზის შედეგად ასკვნის, რომ მომხდართან კავშირი საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლეს, სანდრა რულოვსს აქვს, რომელსაც გამოცემა „სანდრა-მფატრავის“ სახელით მოიხსენიებს.
„საქინფორმი, შეაჯერა და გააანალიზა რა მის ხელთ არსებული ინფორმაცია, აცხადებს, რომ [უკრაინაში] აღმოჩენილი საცავი უკავშირდება საქართველოში, სამეგრელოში სხვადასხვა მიწისქვეშა სამალავების მოწყობის მოყვარული, ოდესის ამჟამინდელი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილის იურიდიულ მეუღლეს. სანდრა რულოვსი კი, მეტსახელად „სანდრა–მფატრავი“ ცნობილია არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში როგორც ადამიანთა ორგანოების მსხვილი მიმწოდებელი“, - ვკითხულობთ „საქინფორმის“ სტატიაში.
იხ. „საქინფორმის“ სტატია, რომლის მთავარ ფოტოზე, ფოტომონტაჟის მეშვეობით, სანდრა რულოვსი ადამიანის ორგანოების ფონზეა წარმოდგენილი
ანტიდასავლური და პრო-რუსული ნარატივების გამავრცელებელი „საქინფორმი“, მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის საწინააღმდეგო ამ შეთქმულების თეორიის გამყარებას სხვადასხვა აბსურდული ისტორიის მოშველიებით ცდილობს. გამოცემა სააკაშვილსა და რულოვსს ბრალს, „ოჯახური ბიზნესის“ ფარგლებში, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობაში სდებს და ამტკიცებს, რომ აღნიშნული მიზნით, „სპეციალურად ხოცავდნენ უნებლიე დონორებს – პატიმრებს, რაც შემდეგ წარმატებით გაგრძელდა საავადმყოფოებსა და სამშობიარო სახლებში“. „საქინფორმის“ ამ შეთქმულების თეორიის მიხედვით, „სანდრა რულოვსის საქმიანობამ განსაკუთრებით ფართო გაქანება პოვა 08.08.08 და დონბასის ომების დროს“, რის გამოც გამოცემა ამტკიცებს, რომ „[უკრაინაში აღმოჩენილ] საცავში ინახება არა მარტო მარტოხელა ადამიანების, არამედ სამხრეთ უკრაინის ომში მონაწილე უბედური ჯარისკაცების ორგანოებიც“.
ხაზგასასმელია, რომ მსგავსი მტკიცებები ფაქტობრივ მტკიცებულებებს არ ეფუძნება. ზოგადად, ადამიანის ორგანოთა გადანერგვა უკიდურესად კომპლექსური პროცედურაა, რომელსაც სპეციალური გარემო სჭირდება, ხოლო ამ მიზნით ორგანოების, არასტერილურ გარემოში, „ჭაში შენახვა” აბსურდულია. ამასთან, გადასანერგი ორგანოს ვარგისიანობა დროშიც შეზღუდულია. სანდრა რულოვსისა და მიხეილ სააკაშვილის მადისკრედიტებელი მსგავსი ტიპის შეთქმულების თეორია, რომელიც სააკაშვილის ყოფილ მეუღლეს ადამიანების ორგანოებით ვაჭრობაში სდებდა ბრალს, აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა. პრორუსული გამოცემა „საქართველო და მსოფლიო“ 2011 წელს ადამიანის ორგანოებით ვაჭრობაზე წერდა, რომ „სააკაშვილის რეჟიმის პირობებში გამორიცხული არაფერია“. ხოლო „საქინფორმის“ ჩვენ მიერ განხილული სტატია ინტერნეტში პირველად 2016 წელს, მას შემდეგ გავრცელდა, რაც სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ ის არჩევნებში მონაწილეობას „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით იღებდა. 2021 წლის ბოლოს კი „საქინფორმის“ იგივე სტატია სოციალურ ქსელში ხელახლა გამოჩნდა და პრორუსული გამოცემა საკითხთან დაკავშირებით მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას კვლავაც განაგრძობს.
აღსანიშნავია, რომ ორგანოებით ვაჭრობის თემა რუსული პროპაგანდისთვის უცხო არაა. არასასურველი პირების დისკრედიტაციის მიზნით, ადამიანების მიმართ მსგავსი უსაფუძვლო ბრალდებები აქამდეც არაერთხელ გაჟღერებულა. მაგალითად, 2011 წელს რუსული პროპაგანდისტული მედიის, Russia Today-ის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციით, უკრაინა ევროპაში ორგანოებით ვაჭრობის ცენტრი გახდა, ხოლო 2014 წელს, ტელეკომპანია Russia 24 ამტკიცებდა, რომ იულია ტიმოშენკოს ადვოკატი დაჭრილი ჯარისკაცების ორგანოებით ვაჭრობაში იყო ჩართული.
------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.