სოციალურ ქსელში ანტივაქსერული Facebook-გვერდის „ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების“ მიერ გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს, ვაქცინის მიღების გამო ჟურნალისტმა ერთ-ერთი უცხოენოვანი არხის პირდაპირ ეთერში გონება დაკარგა.
იხ. Facebook-პოსტი
ვიდეო მასალაში ჩანს, რომ ერთ-ერთი ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში გონებას კარგავს.
თუმცა, აღნიშნული ფაქტის ვაქცინაციასთან დაკავშირება აბსურდულია, რაზეც ობიექტური გარემოებები მეტყველებს. კერძოდ, ებრაული გამოცემა The Times of Israel-ის მიხედვით, ჟურნალისტი, რომელმაც პირდაპირ ეთერში გონება დაკარგა Channel 13-ის კორესპონდენტი დორონ ჰერმანია. პირდაპირი ეთერის დროს, ჰერმანი დუბაიში იმყოფებოდა, საიდანაც ის ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს აშუქებდა. როდესაც ჩართვისას ჟურნალისტთან გასაუბრება სცადეს, ჰერმანმა თავდაპირველად კითხვაზე პასუხი არ გასცა, ხოლო მოგვიანებით, გონება დაკარგა.
The Times of Israel-ის ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შემდეგ ჟურნალისტმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობდა, ხოლო გონების დაკარგვა დუბაიში არსებულ ძალიან მაღალ ტემპერატურას დაუკავშირა, რომელიც, მისი თქმით, 50 გრადუსს აღემატებოდა. მოგვიანებით, ჰერმანმა სატელევიზიო ეთერში კიდევ ერთხელ განაცხადა: „[დუბაიში] სიცხე გაუსაძლისია...კარგი გაკვეთილი მივიღე. დღეს, მთელი დღის განმავლობაში [სითხეებს] ვიღებდი“.
ამდენად, Facebook-გვერდ „ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანების“ მიერ მომხდარის ვაქცინაციასთან დაკავშირება მანიპულაციურია და სიმართლეს არ შეესაბამება.
---------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.