საქართველოში ბოლო პერიოდში ხორბლის იმპორტი მცირდება, ხორბლის ფქვილის - კი იზრდება. აღნიშნულმა ტენდენციამ, სამომავლოდ, შესაძლოა ხორბლის მარაგები შეამციროს და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება ეჭვქვეშ დადგეს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2020 წელს საქართველოში სულ 108 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხორბლის იმპორტი განხორციელდა (490, 944 ტონა), რომელიც თითქმის მთლიანად - 99.4% (488,279 ტონა) რუსეთიდან იქნა შემოტანილი.
მიმდინარე წლის ცხრა თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხორბლის იმპორტი 15.6%-ით შემცირდა და 282, 866 ტონა იმპორტირებული პროდუქტის ღირებულებამ 67,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 80,3 მლნ დოლარის 368,746 ტონა ხორბალი იქნა შემოტანილი.
ხორბლის იმპორტის შემცირების მიზეზი ძირითად იმპორტიორ ქვეყანაში - რუსეთში, მისი გაძვირებაა. როგორც ცნობილია, პანდემიის პერიოდში რუსეთმა მარცვლეულ კულტურებზე კვოტირების და საბაჟო გადასახადის მექანიზმი აამოქმედა. პირველ ეტაპზე, გასული წლის ბოლოს, მარცვლეულზე კვოტირება გამოაცხადა და დაადგინა, რომ თებერვლიდან ივნისის ჩათვლით, ქვეყნიდან 17.7 მილიონ ტონაზე მეტ ხორბალს არ გაიტანდა. გარდა ამისა, რუსეთმა, მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან ექსპორტირებულ ხორბალზე საბაჟო გადასახადი დააწესა, რომელიც 1 ტონაზე 25 დოლარს შეადგენდა. უკვე პირველი მარტიდან საბაჟო გადასახადი ერთ ტონა ხორბალზე - 50 დოლარამდე გაიზარდა. მიმდინარე თვის 17 ნოემბრიდან საბაჟო გადასახადი 77 დოლარი გახდა. შესაბამისად, ერთი ტონა ხორბლის ფასი გაიზარდა და 300 დოლარს ასცდა.
ხორბლის იმპორტის კლების პარალელურად საქართველოში ხორბლის ფქვილის იმპორტი გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ჯამში 16,430.9 ტონა ფქვილის იმპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 4.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასულ წელის ამავე პერიოდში საქართველოში 8,026.3 ტონა ხორბლის ფქვილი იქნა შემოტანილი - 2.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების. შესაბამისად, მიმდინარე წლის 9 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხორბლის ფქვილის იმპორტი 113.04% -ით არის გაზრდილი.
ფქვილის შემთხვევაშიც მთავარი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია. ხორბლისგან განსხვავებით, ფქვილზე რუსეთში საექსპორტო გადასახადი დაწესებული არ არის. მიმდინარე თვის 9 თვეში რუსეთიდან 15,801 ტონა ხორბლის ფქვილის იმპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 4.614 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. დასახელებულ პერიოდში ფქვილის იმპორტი ასევე თურქეთიდან -184 ტონა (85.5 ათასი აშშ დოლარი), უკრაინიდან -170 ტონა (52.2 ათასი აშშ დოლარი), ლიეტუვიდან - 142.1 ტონა (40.6 აშშ დოლარი), იტალიიდან (62.1 ათასი აშშ დოლარი), ავსტრიიდან - 44.7 ტონა (28.7 ათასი აშშ დოლარი), საფრანგეთიდან -10.8 ტონა (12.7 ათასი აშშ დოლარი), განხორციელდა. გარდა აღნიშნული ქვეყნებისა, მცირე რაოდენობით ფქვილი პოლონეთიდან, ნიგერიიდან და გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდა.
ხორბლის გაძვირების გამო, პურზე ფასის შესანარჩუნებლად, საქართველოს მთავრობამ ფქვილის ფასის სუბსიდირება 2020 წლის დეკემბერში დაიწყო, რომელიც პურზე არსებული საცალო/სარეალიზაციო ფასის შენარჩუნებას ისახავდა მიზნად.პროგრამა საწყის ეტაპზე 4-თვიანი იყო და მისი ბიუჯეტი 10 მლნ ლარი იყო. სუბსიდიის მოცულობა ერთ ტომარა 50-კილოგრამიან პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე 10 ლარს შეადგენდა. მოგვიანებით თანხა 15, საბოლოოდ კი 20 ლარამდე გაიზარდა. პროგრამის მიმდინარეობა, მსოფლიო ბაზარზე ხორბალზე მაღალი ფასების არსებობის გამო, ივნისის ბოლომდე გახანგრძლივდა (დაწვრილებით იხილეთ: სტატია).
ფქვილზე სუბსიდირების პროგრამის დასრულებისთანავე, რადგან პურის მწარმოებლებს ძირითადი ნედლეული - ფქვილი, გაუძვირდათ, პურზე ფასი ივლისშივე ათი თეთრით, მოგვიანებით, კიდევ ათი თეთრით გაძვირდა. პურზე ფასის ზრდასთან ერთად სუბსიდირების პროგრამის დასრულებამ ფქვილის იმპორტის ზრდასაც შეუწყო ხელი.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პურის ფქვილზე რუსეთს ნულოვანი საბაჟო გადასახადი აქვს. სწორედ აღნიშნულმა განაპირობა, რომ ქვეყანაში ხორბლის იმპორტი მცირდება და სამაგიეროდ იზრდება ხორბლის ფქვილის იმპორტი, რამაც გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას შეუქმნას საფრთხე.
როგორც ცნობილია, გაეროს რეკომენდაციით, ყველა ქვეყანას სასურსათო უსაფრთხოების მიზნით, მთლიანი მოხმარების ორთვიანი გარდამავალი მარაგი უნდა ჰქონდეს, გარდამავალი მარაგები კი, ფქვილის მალფუჭებადობის გამო, ხორბალში ინახება.
რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით და რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა, ამ საკითხებთან დაკავშირებით „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელს ლევან სილაგავას ვესაუბრეთ.
მისი ინფორმაციით, 1 ტონა ხორბლის ფასი დეკემბრისთვის 400 აშშ დოლარამდე ავა, რაც იმას ნიშნავს, რომ წისქვილკომბინატები, თუ ამ ფასად შემოიტანენ ხორბალს, იმპორტირებულ და ადგილობრივ წარმოებულ ფქვილს შორის ფასთა სხვაობა კიდევ უფრო გაიზრდება და ადგილობრივი ბაზარი იმპორტირებულ ფქვილს კონკურენციას ვერ გაუწევს. ხორბლის იმპორტიორები შეძლებენ გადაწყობას და ფქვილის იმპორტს განახორციელებენ, მაგრამ აღნიშნული წისქვილკომბინატების დახურვას და შესაბამისად სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს, სექტორში დაახლოებით 5 000 ადამიანია დასაქმებული, პლუს გადამზიდავები და სხვა დამხმარე დარგები.
ლევან სილაგავასვე ინფორმაციით, უწყებათაშორისი საბჭოს ფორმატში, რომელშიც სოფლის მეურნეობის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები არიან გაერთიანებულნი, ყოველკვირეულად მიმდინარებს მსჯელობა, მაგრამ კონკრეტული წინადადებები ან შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი ჯერჯერობით არ დასახელებულა.
„ხორბლის და ფქვილის იმპორტიორები თანაბარ პირობებში უნდა იქნან ჩაყენებული. იმის გამო, რომ ფქვილზე საბაჟო გადასახადი არ არის, 77- დოლარიანი სხვაობა უკვე არსებობს (საბაჟო გადასახადის სახით) და ეს კონკურენციის გაწევის შესაძლებლობას არ იძლევა. წისქვილკომბინატების მიერ წარმოებულ ფქვილსა და შემოტანილ ფქვილს შორის ფასსხვაობა საკმაოა, პურისმწარმოებლები, რა თქმა უნდა, იაფ ფქვილის ყიდვას არჩევენ, რადგან პურზე ფასი რამენაირად შეინარჩუნონ. წისქვილკომბინატებს ბიუჯეტში დაახლოებით 10 მლნ ლარი შეაქვთ, თუ ჩვენ გვინდა, რომ პურზე ფასი არ გაიზარდოს და წისქვილკომბინატებმაც იმუშაონ, შესაძლებელია, ამ 10 მლნ ლარიდანვე გამოიყოს თანხა, რომელიც ყველაზე მოწყვლად ფენას - სოციალურად დაუცველებს, პურის ფასს დაუკომპენსირებს. საქართველოში დაახლოებით 600 000 სოციალურად დაუცველია, პურის 10 თეთრით გაძვირების შემთხვევაში, მიზნობრივი კომპენსაციისთვის 1.8 მლნ ლარი იქნება საჭირო. ჩვენ ამაში ვხედავთ გამოსავალს. ასევე შეიძლება აზერბაიჯანული მოდელის გამოყენება, დღგ-სგან გათავისუფლება. შექმნილი მდგომარეობა არის საყურადღებო. თუ რამე გზა არ გამოინახება, გარდა იმისა, რომ დაიხურება წისქვილკომბინატები (10-მდე ობიექტი უკვე დაიხურა) და სამუშაო ადგილები შემცირდება, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებასაც შეიძლება საფრთხე შეექმნას“, -აღნიშნა „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში ლევან სილაგავამ.
როგორც ვხედავთ, პრობლემა საკმაოდ საყურადღებოა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, არის იმის საფუძველი, რომ ქვეყანა ხორბლის იმპორტიდან ფქვილის იმპორტზე გადავიდეს, აღნიშნულმა კი გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას შეუქმნას საფრთხე.
მიიღებს, თუ - არა მთავრობა რაიმე ზომებს სიტუაციის დასარეგულირებლად, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.