მიხეილ ყაველაშვილი: იცით რა ჩანაწერია [№1633 რეზოლუციაში] ? რომ ქართულმა მხარემ დაიწყო საომარი მოქმედებები და რუსეთი იძულებული იყო პასუხი გაეცა
ვერდიქტი: ტყუილი
რეზიუმე: რეზოლუცია №1633 არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტი, რამდენადაც მასში საუბარია რუსეთის მიერ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციაზე და დაგმობილია ოკუპირებული ტერიტორიებს აღიარება; ასევე, საუბარია რუსეთის მხრიდან ეთნიკური წმენდის ვერ შეჩერებაზე იმ ტერიტორიებზე, რომელთაც ეფექტურ კონტროლს რუსული ჯარი ახორციელებდა.
რაც შეეხება ომის დაწყების საკითხს, რეზოლუცია ომის დაწყებაში არც ერთ მხარეს არ „ადანაშაულებს“, შესაბამისად, მიხეილ ყაველაშვილის განცხადება არის ტყუილი.
ანალიზი
16 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა. ყაველაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის თემას შეეხო და აღნიშნა, რომ სააკაშვილის უგუნურმა ქმედებამ დაგვაკარგვინა ჩვენი ტერიტორიების 20%. მისივე განმარტებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) რეზოლუციაში, საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგებზე, წერია, რომ საომარი მოქმედებები ქართულმა მხარემ დაიწყო და რუსეთი იძულებული იყო პასუხი გაეცა.
„იცით რა ჩანაწერია? რომ ქართულმა მხარემ დაიწყო საომარი მოქმედებები და რუსეთი იძულებული იყო პასუხი გაეცა. საერთაშორისო დონეზეც „გაუპრავეს“ რუსეთს საომარი მოქმედებები და ეს ნაძირლები ანწუხელიძის ზურგს უკან არიან ამოფარებულები“, - განაცხადა დეპუტატმა.
„ფაქტ-მეტრმა“ მიხეილ ყაველაშვილის აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.
რეზოლუცია №1633 საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგების შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2008 წლის 2 ოქტომბერს მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტის თანახმად, ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა არცერთ მხარეს არ ეკისრება, „ქართული ოცნების“ ლიდერები წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ხშირად ადანაშაულებენ, რომ მათ მხარი დაუჭირეს რეზოლუციის მიღებას, რომლის თანახმადაც ომი საქართველომ დაიწყო.
რა წერია სინამდვილეში რეზოლუციაში ომთან დაკავშირებით
რეზოლუციის მეოთხე პუნქტში წერია, რომ ომის დაწყება 2008 წლის 7 აგვისტოს მოულოდნელი აღმოჩნდა ორგანიზაციის წევრთა უმრავლესობისთვის და ის წარმოადგენდა დაძაბულობის მნიშვნელოვანი ესკალაციის შედეგს, რომელიც, თანდართული პროვოკაციებითა და შედეგად, უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესებით, დაიწყო გაცილებით უფრო ადრე.
„არ იქნა გადადგმული ნაბიჯები დაძაბულობის შემცირებისკენ და ამდენად, სამხედრო ძალის გამოყენება იქცა ერთ-ერთ შესაძლებლობად კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარისათვის. ეს მიუღებელია ასამბლეისთვის. მისი აზრით, ბოლო პერიოდში სამშვიდობო ფორმატი ვეღარ ასრულებდა მის ჩაფიქრებულ ფუნქციას და სამშვიდობო ძალების პირადმა შემადგენლობამაც ვერ უზრუნველყო საკუთარი მისიის აღსრულება, რაც გულისხმობდა კონფლიქტის ზონაში მყოფი ადამიანების სიცოცხლისა და საკუთრების დაცვას. შესაბამისად, ის გამოთქვამს წუხილს იმის გამო, რომ მისი წინარე მოწოდებები, განხილულიყო სამშვიდობო ფორმატის ცვლილება და კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესი, უარყოფილ იქნა სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის მიერ“ – ვკითხულობთ რეზოლუციაში.
ამგვარად, მეოთხე პუნქტში სიტუაციის ესკალაციაზე პასუხისმგებლობა ცალსახად რუსეთს ეკისრება და არა ქართულ მხარეს.
დოკუმენტის მეხუთე პუნქტში წერია, რომ 7 აგვისტოს ცხინვალის დაბომბვამ ქართული მხარის მიერ კონფლიქტი ახალ - ღია დაპირისპირების ეტაპზე გადაიყვანა. აქვე საქართველოს მიერ გამოყენებული ძალა შეფასებულია, როგორც დისპროპორციული და საფრთხის შემცველი მშვიდობიანი მოქალაქეებისათვის. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ პუნქტში საუბარია კონფლიქტის ახალ ეტაპზე გადასვლაზე და არა ომის დაწყებაზე.
მეექვსე პუნქტში საუბარია რუსეთის მხრიდან წარმოებულ სამხედრო მოქმედებებზე, რომლებიც ასევე არ შეესაბამებოდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპებს და არღვევდა ევროსაბჭოს პრინციპებსაც, რომლის წევრი სახელმწიფოც რუსეთიცაა. ამავე პუნქტში გამოყენებულია ტერმინი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და საუბარია რუსული მხარის მიერ საქართველოს სტრატეგიულ და ეკონომიკურ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შესახებ. დოკუმენტში წერია, რომ ეს არის „ან პირდაპირი შეტევა საქართველოს სუვერენიტეტზე და, შესაბამისად, ევროსაბჭოს პრინციპების დარღვევა, ან რუსეთის მცდელობა გაზარდოს მისი გავლენა საზღვრებს მიღმა“. ამ პუნქტში არსად იკითხება იმგვარი ფორმულირება, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემდა რუსეთის „საპასუხო სამხედრო მოქმედებებზე“ გვეთქვა, რომ რუსეთი „იძულებული გახდა“.
მერვე პუნქტში საუბარია იმაზე, რომ ომის დაწყებისა და წინაპირობების საკითხი უნდა შეისწავლოს დამოუკიდებელმა საერთაშორისო გამოძიებამ. ამ პუნქტში პირდაპირაა ხაზგასმული, რომ არცერთი მხარე - არც რუსეთი და არც საქართველო, არ აღიარებს ომის დაწყებას. შესაბამისად, იმგვარი ბრალდება ვინმეს მისამართით, რომ მან ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელშიც საქართველო ომის დაწყებას აღიარებს, აბსურდული და ყალბია.
მნიშვნელოვანია, რომ ასამბლეამ აღნიშნული რეზოლუციით რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება საერთაშორისო სამართლის დარღვევად მიიჩნია და აღნიშნული აღიარების უკან წაღებისკენ მოუწოდა. ასამბლეამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის არაღიარებისკენ მოუწოდა ორგანიზაციის ყველა წევრ და დამკვირვებლის სტატუსის მქონე ქვეყნებსაც.
გარდა ამისა, ასამბლეამ ყურადღება გაამახვილა ეთნიკურ წმენდაზე, რომელიც სამხრეთ ოსეთისა და „ბუფერული ზონის“ ეთნიკურად ქართულ სოფლებში უკანონო მილიციისა და ბანდების მიერ განხორციელდა და რომელთა შეჩერებაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ვერ შეძლეს.
ამგვარად, რეზოლუცია №1633 არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტი, რამდენადაც მასში საუბარია რუსეთის მიერ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციაზე და დაგმობილია ოკუპირებული ტერიტორიებს აღიარება; ასევე, საუბარია რუსეთის მხრიდან ეთნიკური წმენდის ვერ შეჩერებაზე იმ ტერიტორიებზე, რომელთაც ეფექტურ კონტროლს რუსული ჯარი ახორციელებდა. რაც შეეხება მიხეილ ყაველაშვილის მტკიცებას, რომ, რეზოლუციის თანახმად, ქართულმა მხარემ დაიწყო საომარი მოქმედებები და რუსეთი იძულებული იყო პასუხი გაეცა, აღნიშნული განცხადება არის ტყუილი, რამდენადაც რეზოლუცია ომის დაწყებაში არც ერთ მხარეს არ „ადანაშაულებს“.