2021 წლის 12 ნოემბერს, Facebook-გვერდმა „კორონავირუსი“ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის და ბრაზილიის პრეზიდენტის, ბოლსონაროს დიალოგია მოცემული. ვიდეო „დიდი ოცეულის“ სამიტის დროს არის გადაღებული. მასში პრეზიდენტი ბოლსონარო ჯანმოს დირექტორს კორონავირუსის შესახებ ესაუბრება. ერთ-ერთ მონაკვეთში ბოლსონარო ამბობს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ბავშვების ვაქცინაციის რეკომენდაციას არ გასცემს. რეალურად, პოსტში გავრცელებული ინფორმაცია ბავშვების ვაქცინაციასთან დაკავშირებით, მცდარია.

სინამდვილეში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ბავშვების Pfizer/BioNTech-ით ვაქცინაციას რეკომენდაციას უწევს, თუმცა მას ჯერჯერობით ბავშვებში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ზოგადი რეკომენდაცია არ გაუცია.

დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მაჩვენებლებს AstraZeneca/Oxford, Johnson and Johnson, Moderna, Pfizer/BionTech, Sinopharm, Sinovac, COVAXIN-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები აკმაყოფილებენ. შესაბამისად, ამ ვაქცინების გამოყენება 18 წელს ზემოთ თითქმის ყველა ადამიანისთვის არის რეკომენდებული.ბავშვების ვაქცინაციისთვის ნებართვა ჯერჯერობით მხოლოდ Pfizer/BioNTech-ის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინისთვის არის გაცემული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე იმ პირთა სიაში, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უნდა მიიღონ, ბავშვებიც არიან დასახელებული. თუმცა, აქვე აღნიშნულია, რომ ბავშვებსა და მოზარდებს უფროსი ასაკის პირებთან შედარებით მსუბუქი დაავადებები აქვთ, ამიტომ თუ ისინი არ შედიან COVID-19-ის რისკჯგუფში, მათი ვაქცინაცია ხანდაზმულებთან, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებთან და ჯანდაცვის მუშაკებთან შედარებით, ნაკლებად აქტუალურია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიული საკონსულტაციო ჯგუფის (SAGE) დასკვნით, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენება 12 წელზე უფროსი ასაკის პირებში არის დასაშვები. ამდენად, მაღალი რისკის ქვეშ მყოფი 12-15 წლის ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებისთვის, სხვა პრიორიტეტული ჯგუფების წარმომადგენლებთან ერთად, ვაქცინის გაკეთება დასაშვებია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბავშვებში COVID-19-ის ვაქცინაციისთვის ზოგადი რეკომენდაციის გასაცემად, საჭიროა მეტი მტკიცებულება ბავშვებში COVID-19-ის სხვადასხვა ვაქცინის გამოყენების შესახებ. შესაბამისად, ორგანიზაცია ამ მიმართულებით კვლევებს აგრძელებს და განაახლებს თავის რეკომენდაციებს, როდესაც კონკრეტული მტკიცებულებები და ეპიდემიოლოგიური ვითარება პოლიტიკის ცვლილებას მოითხოვს.

რაც შეეხება თავად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის პოზიციას ბავშვების ვაქცინაციასთან დაკავშირებით, მისთვის არა უშუალოდ ბავშვების ვაქცინაცია წარმოადგენს პრობლემას, არამედ ის ფაქტი, რომ ღარიბი და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ადამიანებს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებთან წვდომა ამ დრომდე არ აქვთ. ამ გარემოების გამო, გებრეისუსმა მდიდარი ქვეყნები არაერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „არანაირი აზრი არ აქვს ჯანმრთელი სრულწლოვანი ადამიანებისთვის ბუსტერის გაკეთებას ან ბავშვების აცრას, როდესაც ჯანდაცვის მუშაკები, მოხუცები და სხვა რისკის ჯგუფის ადამიანები მსოფლიოში პირველ დოზას ელიან“.

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.