დეზინფორმაცია: Bayer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აღიარა, რომ ი-რნმ ვაქცინები გენური თერაპიაა
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
2021 წლის 18 ნოემბერს, Facebook-გვერდმა „სულიერი სამყარო“ 37-წამიანი ვიდეო გამოაქვეყნა შემდეგი აღწერით - „ბაიერის/მონსანტოს პრეზიდენტმა აღიარა, რომ პანდემია გამოიყენეს ხალხის გენური უჯრედული თერაპიის მისაღებად. მან თქვა, რომ მოსახლეობის 95% სხვაგვარად უარს იტყოდა“. ვიდეოზე დაყრდნობით, „სულიერი სამყარო“ ამტკიცებს, რომ ი-რნმ-ზე დაფუძნებული ვაქცინები გენურ თერაპიას წარმოადგენენ. რეალურად, ვიდეო სრული კონტექსტის გარეშე ვრცელდება და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
„სულიერი სამყაროს“ გამოქვეყნებულ ვიდეოში გერმანული ფარმაცევტული კომპანიის Bayer-ის აღმასრულებელი დირექტორი, შტეფან ოელრიხი ამბობს: „როგორც კომპანია „Bayer“, ჩვენ დიდ ნახტომს ვაკეთებთ... უჯრედულ და გენურ თერაპიაში... საერთო ჯამში, ი-რნმ ვაქცინები არის მაგალითი უჯრედული და გენური თერაპიისთვის. მე ყოველთვის მიყვარს თქმა, ჩვენ რომ ორი წლის წინ საჯარო გამოკითხვა ჩაგვეტარებინა - ისურვებდით თუ არა გენური და უჯრედული თერაპიის ჩატარებას და ინექციის საშუალებით თქვენს ორგანიზმში შეყვანას?- სავარაუდოდ, 95% უარყოფით პასუხს მივიღებდით. ასევე მე ვფიქრობ რომ ეს პანდემია....“. „სულიერი სამყარო“-ს ვიდეოს კონკრეტული მონაკვეთის საფუძველზე გამოაქვს დასკვნა, თითქოს „Bayer“-ის დირექტორმა საჯაროდ აღიარა, რომ ი-რნმ ვაქცინები გენური თერაპიაა და ფარმაცევტულმა კომპანიებმა პანდემია ხალხისთვის გენური თერაპიის ჩასატარებლად გამოიყენეს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ Bayer-ის დირექტორის სიტყვით გამოსვლა მსგავსი რაკურსით და დამახინჯებული კონტექსტით სხვა ქვეყნებშიც გააშუქეს. რეალურად, შტეფან ოელრიხის გამოსვლის სრული ვიდეოს მოსმენის შემდგომ, ნათელი ხდება, რომ Bayer-ის აღმასრულებელი დირექტორი ი-რნმ-ის ვაქცინებსა და გენურ/უჯრედულ თერაპიაზე ტექნოლოგიური პროგრესის ჭრილში საუბრობს.
შტეფან ოერლიხის გამოსვლა „მსოფლიო ჯანდაცვის სამიტზე 2021“ მთლიანად ახალი ტექნოლოგიების თემასა და იმ შედეგებს ეხებოდა, რომელიც საზოგადოებრივი ნდობის მოპოვებით შეიძლება მომავალში დადგეს. ოელრიხის განმარტებით, იმ ფაქტმა, რომ მსოფლიო მოსახლეობა ი-რნმ-ზე დაფუძნებულ ვაქცინების გამოყენებას მიესალმა, შესაძლოა გზა გაუხსნას ისეთი ახალი ტექნოლოგიების სამედიცინო სფეროში გამოყენებას, როგორიცაა უჯრედული და გენური თერაპია, ტექნოლოგია, რომელზეც კომპანია Bayer-ი წლების განმავლობაში მუშაობს და რომლის ისეთი დაავადებების წინააღმდეგ გამოყენება შეიძლება, როგორებიცაა პარკინსონი და ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია. ამასთან, ოელრიხმა პანდემიაც ახსენა, თუმცა იმ კონტექსტით, რომ სწორედ პანდემიამ დაანახა ადამიანებს თუ ახალი ტექნოლოგიების საშუალებით (ი-რნმ ვაქცინები) უკვე რამდენი რამის გაკეთება არის შესაძლებელი. ამდენად, შტეფან ოელრიხი სიტყვით გამოსვლისას სამედიცინო სფეროში მიღწეულ ტექნოლოგიურ წარმატებებზე საუბრობს, რომლის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად ი-რნმ ვაქცინების ინოვაციას იშველიებს და პარალელს ავლებს გენურ და უჯრედულ თერაპიასთან. მისი თქმით, მომავალში უჯრედული და გენური თერაპია, მსგავსად ი-რნმ ტექნოლოგიისა, შესაძლოა, სამედიცინო ტექნოლოგიური წინსვლის წარმატებული მაგალითი გახდეს.
იტალიური ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია Open Fact-checking ელექტრონული ფოსტის მეშვეობით Bayer-ის აღმასრულებელ დირექტორსაც დაუკავშირდა. ოელრიხის თქმით, ონლაინ თუ ბეჭდურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ი-რნმ ტექნოლოგია გენური თერაპიაა - არის მცდარი, რადგან „ი-რნმ ვაქცინები თავისი ზოგადი არსითაც კი არ წარმოადგენს გენურ თერაპიას“.
უნდა აღინიშნოს, რომ ი-რნმ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ვაქცინების გამოჩენის შემდგომ არაერთხელ გავრცელდა ყალბი ამბავი იმის თაობაზე, რომ თითქოს ამ ვაქცინებით ადამიანებს გენურ თერაპიას ჩაუტარებენ და მათ გენეტიკურ კოდს შეცვლიან. რეალურად, ი-რნმ ვაქცინებსა და გენურ თერაპიას ერთმანეთთან არაფერი აკავშირებს. გენური თერაპია ექსპერიმენტულ ტექნიკას წარმოადგენს, რომელიც რაიმე დაავადების სამკურნალოდ ან პრევენციისთვის გენების მოდიფიკაციას ითვალისწინებს, ხოლო ი-რნმ ვაქცინებს ადამიანის დნმ-ზე გავლენა საერთოდ არ აქვთ და შესაბამისად, მასში ცვლილების შეტანაც არ შეუძლიათ. Covid-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს და, ზოგადად, არც ერთი ტიპის ვაქცინას ადამიანის გენეტიკური კოდის შეცვლა არ შეუძლია. ვაქცინა უჯრედის ბირთვში ვერ აღწევს და შესაბამისად, მასში ცვლილებებსაც ვერ შეიტანს. გენეტიკური მოდიფიკაციისას უცხო დნმ-ის შეყვანა სწორედ უჯრედის ბირთვში ხდება. ვაქცინები კი ამ პრინციპით არ მოქმედებს.
ამდენად, გენური თერაპიისა და ი-რნმ ვაქცინის მოქმედების ტექნიკები ერთმანეთისგან განსხვავდება, რაც პირდაპირ განაპირობებს იმ ფაქტს, რომ ი-რნმ ვაქცინები გენური თერაპიის ნაწილი არ არის და უფრო მეტიც, ი-რნმ ვაქცინებს ადამიანის გენეტიკური კოდის ცვლილება არ შეუძლიათ. ხოლო, თავის მხრივ, „სულიერი სამყარო“ ვიდეოს მხოლოდ კონკრეტული ნაწილის გამოქვეყნებითა და სრული კონტექსტის დამახინჯებით Facebook-მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.