2021 წლის 15 ნოემბერს, Facebook-მომხმარებელმა Merabi Khidasheli-მა ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც Canine Coronavirus ვაქცინის ფლაკონია გამოსახული. პოსტს თან ახლავს სათაური: „2018 წელს საფრანგეთში ნაყიდ მანქანაში აღმოვაჩინე. რა ჩინეთი, რა ღამურა? ეჰჰ. რეჟიმს აჩვევენ დედამიწას“. ამდენად, ავტორი მიანიშნებს, თითქოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ კიდევ 2018 იყოს გამოგონებული.

რეალურად, ფოტოზე კანინის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ფლაკონია გამოსახული, რომელიც ძაღლებისა და ლეკვების მკურნალობისთვის გამოიყენება. კანინის კორონავირუსი ძაღლებში, განსაკუთრებით ლეკვებში, მწვავე ნაწლავურ ინფექციას იწვევს. ჯერჯერობით, ამ დაავადების სამკურნალო მედიკამენტები არ არსებობს. ზემოთ აღნიშნული ვაქცინა 6 კვირის ან უფრო დიდი ასაკის ჯანმრთელი ძაღლებისა და ლეკვების შემთხვევაში, კორონავირუსის საწინააღმდეგოდაც ეფექტური აღმოჩნდა. ვაქცინაცია ჯანმრთელ ძაღლებში 2 დოზით ხდება 2-3-კვირიანი ინტერვალით.

აღსანიშნავია, რომ დღემდე დასახელებული ვაქცინა COVID-19-ის პანდემიასთან მსოფლიოში აქამდეც არაერთხელ დააკავშირეს. საერთაშორისო ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმები კი (Africa Check, PolitiFact) აღნიშნავენ, რომ კანინის კორონავირუსის ვაქცინას თუ ძაღლის კორონავირუსს და Covid-19-ის პანდემიას ერთმანეთთან კავშირი არ აქვს.

ამდენად, კანინის კორონავირუსის ვაქცინები ცხოველებისთვის განკუთვნილი სამედიცინო საშუალებაა და მას ადამიანის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებთან არავითარი კავშირი არ აქვს. შესაბამისად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია ყალბია და იმ შეთქმულების თეორიის ნაწილს წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის პანდემია წლების წინ დაიგეგმა.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.