2021 წლის 16 ნოემბერს, სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი, რომლის თანახმადაც მარკ ცუკერბერგმა სენსაციური განცხადება გააკეთა. პოსტის თანახმად, „ერთი საათის წინ ცუკერბერგმა საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხვალიდან ფეისბუქი აღარ იარსებებს“, რადგან პლატფორმა „კაცობრიობას საფრთხეს უქმნის და მისი არსებობა ღვთის წინაშე დანაშაულია“. რეალურად, პოსტში მოყვანილი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია.
სინამდვილეში, მარკ ცუკერბერგს მსგავსი შინაარსის განცხადება არ გაუკეთებია. ამრიგად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია გამოგონილია და ყალბ ამბავს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ კონკრეტული ამბავი, იდენტური პოსტის სახით სოციალურ ქსელში 2018 წელს და უფრო ადრე - 2014 წელსაც ვრცელდებოდა.
ცნობისთვის, მარკ ცუკერბერგმა კომპანიასთან დაკავშირებით, ოქტომბრის ბოლოს ერთადერთი განცხადება გააკეთა, რომელიც კომპანია Facebook-ის რებრენდინგს უკავშირდებოდა. რებრენდინგის ფარგლებში კომპანიამ სახელი შეიცვალა და ახლა მისი სახელია - Meta. რაც შეეხება კომპანიის ცალკეულ პლატფორმებს, როგორებიცაა Facebook, Instagram, Messenger და Whatsapp, მათ არავითარი სახის ცვლილება არ შეხებიათ.
-------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.