სოციალურ ქსელში სხვადასხვა გვერდისა თუ ინდივიდუალური ანგარიშის (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3) მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი, ალბერტ ბურლა FBI-მ საკუთარ სახლში, ნიუ-იორკის გარეუბანში, სკარსდეილში დააკავეს. ინფორმაციის თანახმად, ბურლას ბრალი თაღლითობისთვის, მონაცემების გაყალბებისა და დიდი რაოდენობით ქრთამის გაცემის გამო ედება. რეალურად, ალბერტ ბურლას დაკავებისა და მისი ბრალდებების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება.

COVID-19-ის ვაქცინების თაღლითობის გამო - Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორის, ალბერტ ბურლას დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაციით არაერთი საერთაშორისო ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია (PolitiFact, Reuters, AP News, USA Today, Full Fact, Lead Stories, Snopes) დაინტერესდა და აღნიშნული ინფორმაცია მათ მიერ შეფასდა, როგორც ყალბი ამბავი.

ფაიზერის აღმასრულებელი დირექტორის დაკავების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად კანადურ The Conservative Beaver-მა 5 ნოემბერს გამოაქვეყნა. სტატიაში ნათქვამია, რომ ფარმაცევტული კომპანიის, Pfizer-ის დირექტორი, ალბერტ ბურლა FBI-მ საკუთარ სახლში, ნიუ-იორკის გარეუბანში დააკავეს და Pfizer-ის Covid-19-ის ვაქცინებთან დაკავშირებული თაღლითობის გამო ბრალი წაუყენეს. კომპანია „Pfizer“ კი თავის მხრივ დადანაშაულებულია, კოვიდვაქცინების ეფექტურობასა და გვერდით მოვლენებთან დაკავშირებით მომხმარებელთა მოტყუებაში, მონაცემების გაყალბებასა და მთავრობებისა და მედიის მოსყიდვის მიზნით დიდი რაოდენობით ქრთამის გაცემაში. The Conservative Beaver სტატიაში რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას არ უთითებს, გარდა იმისა, რომ ისინი FBI-ის აგენტს ესაუბრნენ, რომლის ვინაობაც სტატიაში ასევე არ არის დაფიქსირებული.

რეალურად, Pfizer-ისა და მისი აღმასრულებელი დირექტორის, ალბერტ ბურლას ირგვლივ გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია. Pfizer-ის სპიკერმა, ემი როუზმა, USA Today-ისთან გაგზავნილ ელექტრონულ შეტყობინებაში აღნიშნული მტკიცებები „აბსოლუტურად მცდარად“ მოიხსენია. ასევე, სხვადასხვა ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული მოკვლევის თანახმად, 5 ნოემბერს, ნიუ-იორკის გარეუბან სკარსდეილში, FBI-ის არანაირი აქტივობა არ განუხორციელებია.

The Conservative Beaver-მა ყალბი ინფორმაცია იმ დღეს გაავრცელა, როდესაც ბურლა რამდენიმე ტელევიზიის ეთერში გამოჩნდა. 5 ნოემბერს ბურლა CNBC-სა და CNN-ის ეთერებში იყო მიწვეული, სადაც Pfizer-ის მიერ შემუშავებული Covid-19-ის საწინააღმდეგო აბებზე საუბრობდა. ალბერტ ბურლა 9 ნოემბერს საჯაროდ სხვადასხვა ონლაინკონფერენციაშიც (Atlantic Council და New York Times) იღებდა მონაწილეობას. ამრიგად, Pfizer-ისა და მისი აღმასრულებელი დირექტორის გარშემო გავრცელებული ინფორმაცია, ყალბი ამბავია.

რაც შეეხება უშუალოდ The Conservative Beaver-ს, Snopes-ისა და Reuters-ის ინფორმაციით, ყალბი და დაუსაბუთებელი მტკიცებების, კონსპირაციული თეორიებისა და სატირული ამბების გავრცელებაში ვებგვერდი აქამდეც არაერთხელ ყოფილა შემჩნეული.

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.