თინა ბოკუჩავა: ვითხოვთ სააკაშვილთან შესვლას, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარის აპარატმა განგვიმარტა, რომ თავად ციხის ადმინისტრაციის მხრიდან არ არის თანხმობა, რაც კანონდარღვევაა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თინა ბოკუჩავას განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: საქართველოს კანონმდებლობით, პარლამენტის წევრს, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, შეიძლება, პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება მიენიჭოს.
კანონმდებლობით არაა გათვალისწინებული, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შესაბამისი ბრძანების გაცემის შემთხვევაში, დეპუტატს წინასწარი უარი პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლაზე რის საფუძველზე შეიძლება ეთქვას.
შესაბამისად, თინა ბოკუჩავას განცხადება სიმართლედ უნდა შეფასდეს.
ანალიზი
„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, დეპუტატებს პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლისა და მიხეილ სააკაშვილის ნახვის უფლება არ ეძლევათ, რაც კანონდარღვევაა.
„ორი დღის განმავლობაში ვითხოვთ მიხეილ სააკაშვილთან შესვლას, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარის აპარატმა განგვიმარტა, რომ თავად ციხის ადმინისტრაციის მხრიდან არ არის თანხმობა ამასთან დაკავშირებით, რაც კანონდარღვევაა, რადგან ეს მათ დისკრეციულ უფლებას ნამდვილად არ წარმოადგენს“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
„ფაქტ-მეტრმა“ თინა ბოკუჩავას განცხადება გადაამოწმა.
პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლებამოსილებასა და წესთან დაკავშირებით ნორმებს სხვადასხვა სამართლებრივ აქტში ვხვდებით.
უშუალოდ პარლამენტის წევრის პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლებამოსილებაზე პარლამენტის რეგლამენტში (მუხლი 9) ვკითხულობთ, რომ პარლამენტის წევრს მისი, კომიტეტის ან დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვით, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შეიძლება მიენიჭოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება. მარტივად რომ ვთქვათ, პენიტენციურ დაწესებულებაში დეპუტატის სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის თაობაზე გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარე იღებს.
გარდა ამისა, იმავე შინაარსის ნორმას ვხვდებით პატიმრობის კოდექსში, რომლის მე-60 მუხლის თანახმადაც, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პარლამენტის წევრები პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებით სარგებლობენ.
რაც შეეხება პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის კონკრეტულ წესებსა და პირობებს, პატიმრობის კოდექსის თანახმად, მას პენიტენციური დაწესებულების დებულება უნდა ითვალისწინებდეს.
მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების (სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება ამჟამად) დებულებით გათვალისწინებული არაა, რა შემთხვევაში და რის საფუძველზე შეიძლება ეთქვას წინასწარ უარი პარლამენტის წევრს სამკურნალო დაწესებულებაში შესვლასა და ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრაზე. ამავე დებულებაში ვკითხულობთ, რომ დაწესებულებაში შესვლის წესი და შესაბამისი პროცედურები განისაზღვრება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს №117 ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად. თუმცა, არც ამ უკანასკნელ ბრძანებაშია გაწერილი პარლამენტის წევრის (ან სხვა პირის, რომლებსაც დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება აქვთ) დაწესებულებაში შესვლასა და მსჯავრდებულთან შეხვედრაზე უარის თქმის საფუძვლები.
აღსანიშნავია, რომ აქამდე მიხეილ სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში არაერთი დეპუტატი შეხვდა. მაგალითად, 11 ოქტომბერს ის ეკა ხერხეულიძეს შეხვდა, მანდატის დატოვებამდე, მე-3 პრეზიდენტი მოინახულა ანი წითლიძემაც. შესაბამისად, რის საფუძველზე ეუბნება პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია დეპუტატ თინა ბოკუჩავას წინასწარ უარს მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე, გაუგებარია.
რედაქტორის შენიშვნა: სტატია მომზადდა 10 ნოემბერს, რა დროისთვისაც თინა ბოკუჩავას პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის საშუალება არ ეძლეოდა. 11 ნოემბერს დეპუტატს დაწესებულებაში შესვლისა და მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება მიეცა.