სოციალურ ქსელში გავრცელებული დეზინფორმაციის მიხედვით, გლდანის N18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ექს-რეზიდენტს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა.

იხ. Facebook-პოსტი, რომელიც სოციალურ ქსელში 8 ნოემბერს, 23 საათსა და 56 წუთზე გამოქვეყნდა.

8 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს 39-დღიანი შიმშილობის შემდეგ გადაიყვანეს. აღნიშნულის შესახებ ექს-პრეზიდენტის ადვოკატები და ოჯახის წევრები წინასწარ ინფორმირებულები არ იყვნენ, ხოლო სააკაშვილის ადგილმდებარეობა გარკვეული დროის განმავლობაში საზოგადოებისთვის უცნობი რჩებოდა. 8 ნოემბრის საღამოს, ტელეკომპანია იმედის ეთერში, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ გლდანის N18 დაწესებულებაში შესახლების დროს, სააკაშვილმა სპეციალური პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ბრეგაძის ამ განცხადებას მალევე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია, რომელმაც გამოთქვა „საფუძვლიანი ეჭვი“, რომ გლდანის ციხეში შეყვანისას „მიხეილ სააკაშვილს გაუსწორდნენ ფიზიკურად და ახლა მიზეზს ამზადებენ, რომ დაზიანებები პაციენტის აგრესიით ახსნან“.

მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანიდან რამდენიმე საათში ექს-პრეზიდენტის მოსანახულებლად ადგილზე სახალხო დამცველი მივიდა, რომელმაც სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი, მათ შორის, იმის შესახებაც გააკეთა აღენიშნებოდა თუ არა სააკაშვილს სხეულზე დაზიანებები. ჟურნალისტის კითხვაზე აღენიშნებოდა თუ არა სააკაშვილს დაზიანებები ლომჯარიამ აღნიშნა: „[მიხეილ სააკაშვილმა] უარი განაცხადა, რომ ექიმს გაესინჯა დაზიანებებთან დაკავშირებით. თუმცა, ჩემთვის არ დაუდასტურებია, რომ ეტყობა სხეულზე დაზიანებები. თუმცა, კიდევ ერთხელ, ექიმს ის არ გაუსინჯავს და ვიზუალურად არ ეტყობა, რაც შემეძლო, რომ დამენახა არ ეტყობა დაზიანებები. დაზიანებებზე არ საუბრობს [სააკაშვილი] და არც ვიზუალურად ეტყობა, თუმცა კიდევ ერთხელ, ჯობია, რომ ექიმმა დაათვალიეროს და ამის შესახებ ოქმი შედგეს“. ჟურნალისტის კიდევ ერთ კითხვაზე, ნამდვილად გაუსწორდა თუ არა სააკაშვილი ფიზიკურად ციხის თანამშრომლებს, ომბუდსმენმა განმარტა: „ეს არის ისეთი საკითხი, რაზეც მე ვერ გავაკეთებ კომენტარს. ჩვენ დავუკავშირდით სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს და უმჯობესია გამოძიებამ გასცეს ამ საკითხებს პასუხი“.

აღნიშნული კომენტარიდან, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველმა 8 ნოემბერს, 23 საათსა და 48-54 წუთზე გააკეთა, ლომჯარია არსად ამბობს, რომ „მიხეილ სააკაშვილს აქვს სხეულის დაზიანებები“. ამდენად, მსგავსი მტკიცება დეზინფორმაციაა.

----------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.