სოციალური ქსელის სხვადასხვა მომხმარებლის მიერ გავრცელებული ყალბი ამბის მიხედვით (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3), მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს ატყუებს, თითქოს, ის ციხეში შიმშილობს. აღნიშნული პირები იუსტიციის მინისტრის განცხადებასა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებულ კადრებსა და ფოტომასალაზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ სააკაშვილი ტყუის და სინამდვილეში ის პროტესტის ამ ფორმას არ მიმართავს.

იხ. ყალბი ამბის შემცველი პოსტები

2021 წლის 10 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. განცხადებაში უწყება აღნიშნავდა, რომ „როგორც მოშიმშილე, მიხეილ სააკაშვილი მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ“. 13 ოქტომბერს, მოშიმშილე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფიც შეიქმნა.

5 ნოემბერს, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ფაფებსა და ნატურალურ წვენებს იღებდა. მისივე თქმით: „ეს არის საკვები, ეს აღარ არის სამედიცინო დანიშნულება, ეს არის საკვები, რომელსაც იღებს პატიმარი“.

6 ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისა და სიტუაციის გაცნობის მიზნით, რუსთავის N12 დაწესებულებაში ვიზიტით იმყოფებოდნენ. ვიზიტის შემდეგ, სახალხო დამცველის აპარატი იუსტიციის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა. განცხადებაში სახალხო დამცველი განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილი მცირე ოდენობის წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს სამედიცინო დანიშნულებით იღებდა, რასაც სააკაშვილს თავად სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, ხოლო თავად სამედიცინო პერსონალის განმარტებით, აღნიშნული ვერ შეფასდება, როგორც საკვები და მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობითაა განპირობებული. ომბუდსმენი განცხადებაში ასკვნის, რომ მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდან უწყვეტად შიმშილობს და არ იღებს არანაირ საკვებს. განცხადების მიხედვით:

„ვიზიტის შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ოქტომბრიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისა და დაწესებულების სამედიცინო პერსონალის თხოვნით, სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით, იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს. ამ პროდუქტს მას თავად სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, აღნიშნული ვერ შეფასდება, როგორც საკვები და მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით. ამასვე ადასტურებს პაციენტის შიმშილობის შესახებ შედგენილი სამედიცინო ფორმები, სადაც არ არის მითითება პაციენტის მიერ საკვების მიღებაზე, აგრეთვე არ არის დაფიქსირებული პაციენტის შიმშილობის ფორმის ცვლილება, რაც აუცილებელია პატიმრის მიერ საკვების მიღების შემთხვევაში. მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდან უწყვეტად შიმშილობს და არ იღებს არანაირ საკვებს“.

ამასთან, ომბუდსმენი ხაზს იმ გარემოებასაც უსვამს, რომ „მიხეილ სააკაშვილს განუმარტეს, რომ სითხეებისა და დანამატების მიღება წარმოადგენდა სამედიცინო საჭიროებას და მედიკამენტების ჩანაცვლებას, თუმცა მოგვიანებით, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ეს მის სამედიცინო დანიშნულებას სცდებოდა“.

იმავე დღეს, 6 ნოემბერს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა რუსთავის ციხეში გადაღებული ვიდეოკადრები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხის სამედიცინო პერსონალის თანდასწრებით გარკვეული სახის პროდუქტს იღებს. ამასთან, უწყებამ გამოაქვეყნა პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, „რომელიც მიიღო მიხეილ სააკაშვილმა“. მოგვიანებით, გამოქვეყნებული ფოტო და ვიდეომასალები სოციალური ქსელის სხვადასხვა მომხმარებლის მიერ იმის მტკიცების საფუძველი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობს და ის საზოგადოებას პროტესტის აღნიშნული ფორმის გამოყენების შესახებ ატყუებს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ფოტო და ვიდეომასალის გამოქვეყნებას სახალხო დამცველის აპარატი, 6 ნოემბერს, მალევე გამოეხმაურა. სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ ტვ-პირველთან ინტერვიუში აღნიშნა: „სემპერის ფაფა...ეს ფაფები ციხეებში არ იყიდება. და შესაბამისად, ჩვენც დღეს ადგილზე ინფორმაციის გადამოწმებისას მოგვეწოდა ინფორმაცია, რომ ამ ფაფის მიწოდება პატიმრისთვის მოხდა სამედიცინო პერსონალის მიერ. როგორც პატიმარმა განგვიცხადა, სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქალბატონი [თამთა] დემურიშვილი შეხვდა მას. მან დაარწმუნა, რომ მიეღო მას ამ ტიპის დანამატები, რაც არ ითვლებოდა შიმშილობის დარღვევად და რაც წარმოადგენდა სამედიცინო საჭიროებას“. ბურჯანაძემ ასევე განაცხადა: „ჩვენ ეს მონაცემები გადავამოწმეთ ადგილზე მყოფ სამედიცინო პერსონალთანაც და მათაც დაგვიდასტურეს, რომ ამ დანამატების მიღება ხდებოდა სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობით, მათი მოთხოვნით და მათ დანიშნულება ჰქონდათ ერთადერთი, რომ სასიცოცხლო პარამეტრები შენარჩუნებულიყო“.

8 ნოემბრის საღამოს, მედიაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის დასკვნა გავრცელდა, რომელსაც ხელს კონსილიუმის წევრები აწერენ. დასკვნის მიხედვით, „გრძელდება შიმშილობა 39 დღე. უარს აცხადებს ნუტრიზონის [საკვები დანამატი] მიღებაზე, არ იღებს დანიშნულ ელექტროლიტებს და ვიტამინებს. წონა 104 კგ. კლება საწყისი წონიდან მიახლოებით 10%...პაციენტი იმყოფება მულტისისტემური გართულებების მაღალ რისკში. საჭიროებს მკურნალობას მულტიპროფილურ, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაუდებლად, სადაც საშუალება იქნება ჩაუტარდეს შესაბამისი: კარდიო ვასკულური, ნევროლოგიური, სამკურნალო და დიაგნოსტიკური რადიოლოგიური (მრტ. კტ. კათეტერიზაციის ლაბორატორია), ჰემატოლოგიური, ენდოკრინული, ნუტრიციული თერაპია“.

კონსილიუმის წევრების თანახმად, სააკაშვილი უკვე 39 დღეა შიმშილობს და იმყოფება მულტისისტემური გართულებების მაღალ რისკში. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შიმშილობს და საზოგადოებას ატყუებს, სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია.

აღსანიშნავია, რომ შიმშილის დროს, დანამატების მიღება გავრცელებული პრაქტიკაა. მაგალითად, ისრაელის უზენაესი სასამართლოს მიერ (High Court of Justice) მოშიმშილე პატიმარ მუჰამედ ალანის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით: „ყველა მოშიმშილეს მიეწოდება ისრაელისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, ხოლო თანხმობის შემთხვევაში, მათ უკეთდებათ ინტრავენური გადასხმა, და იღებენ დანამატებსა და ვიტამინებს”. უკრაინელმა აქტივისტმა, ოლეგ სენცოვმა კი, რომელიც რუსეთში ტერორიზმის ბრალდებით იყო დაკავებული და სულ 145 დღის განმავლობაში შიმშილობდა, საკვები დანამატების მიღება შიმშილობის დაწყებიდან დაახლოებით ორი თვის შემდეგ დაიწყო.

გარდა ამისა, სოციალურ ქსელში ეჭვები იმ საკითხის მიმართაც გამოითქვა, თუ რამდენი დღის განმავლობაში შეუძლია ადამიანს პროტესტის სახით შიმშილობა. ამ კუთხით, აღსანიშნავია ინდოელი აქტივისტის, ირომ შარმილას ისტორია, რომელიც პროტესტის ნიშნად საკვების მიღებაზე უარს დაახლოებით 16 წლის განმავლობაში ამბობდა. თუმცა, პატიმარ ირომ შარმილას ინდოეთის სახელმწიფო საავადმყოფოში საკვები იძულებით, ცხვირ-ხახიდან, სპეციალური მილით მიეწოდება. აღნიშნულის გამო, შარმილამ შიმშილობის ამ ფორმით პროტესტის გაგრძელება წლების განმავლობაში შეძლო. რაც შეეხება შემთხვევებს, როდესაც მოშიმშილისთვის საკვების იძულებით მიწოდება არ მომხდარა, შიმშილობა რამდენიმე ასეულ დღესაც გაგრძელებულა. კერძოდ, თურქი ადვოკატი ებრუ თიმთიქი, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით იყო დაპატიმრებული, 238 დღიანი შიმშილობის შემდეგ გარდაიცვალა. თიმთიქმა შიმშილობა 2020 წლის 3 თებერვალს დაიწყო, ხოლო 5 აპრილს შაქრის შემცველი დანამატების მიღება სრულად შეწყვიტა. რის შემდეგაც მან კიდევ რამდენიმე თვე იცოცხლა და 27 აგვისტოს დაიღუპა. თურქი ადვოკატის გარდაცვალებას ევროკავშირი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ თიმთიქი 238 დღიანი შიმშილის შემდეგ გარდაიცვალა.

გარდა იმისა, რომ სოციალურ ქსელში მომხმარებელთა ნაწილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ფოტო და ვიდეომასალაზე დაყრდნობით, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შესახებ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს, Facebook-ზე სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებით გავრცელებული კიდევ ერთი დეზინფორმაციის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი საკვებს იმიტომ არ იღებს, რომ 23 სექტემბერს მან ჰოლანდიაში კუჭის რეზექცია გაიკეთა. შედეგად, მტკიცების მიხედვით, მას დიდი მოცულობით საკვების მიღება ისედაც არ შეუძლია.

იხ. დეზინფორმაცია სააკაშვილის მიერ 23 სექტემბერს კუჭის ოპერაციის გაკეთების შესახებ

სინამდვილეში, 23 სექტემბერს სააკაშვილი ჰოლანდიაში კუჭის რეზექციას ვერ გაიკეთებდა, რადგან ამ დღეს ის გერმანიაში Europe Union Frankfurt-ის ღონისძიებაში მონაწილეობდა, სადაც სიტყვითაც გამოვიდა. Europe Union Frankfurt-ის Facebook-ლაივში სააკაშვილი ამბობს, რომ ის აღნიშნულ ღონისძიებაზე ვაშინგტონიდან ჩავიდა. მანამდე კი, 23 სექტემბრის დილით, სააკაშვილის ოფიციალურ Facebook-გვერდზე ვაშინგტონში ჩაწერილი ვიდეო მიმართვაც გამოქვეყნდა.

------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.