11 ნოემბერს Facebook-გვერდმა „ბოლო ჟამის ქრისტიანები“ მორიგი დეზინფორმაციული პოსტი გამოაქვეყნა. პოსტში მოცემულია მტკიცება, რომ „შენიღბული „სმარტ“ განათებები“ 5G მიკროტალღურ რადიაციას ასხივებს, რაც პანდემიის შესანარჩუნებლად და მოსახლეობის გასანადგურებლად „შესანიშნავი საშუალებაა“. პოსტს თან ერთვის ონლაინ საინფორმაციო სააგენტო Business Media Georgia-ს მიერ 2021 წლის 1 ნოემბერს გამოქვეყნებული სტატიის სქრინი, სათაურით: „თბილისის მერია 90 მილიონის გარე განათებას ყიდულობს“.

პოსტი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს განათებები, რომლის დამონტაჟებასაც თბილისის მერია გეგმავს, 5G მიკროტალღურ რადიაციას გაავრცელებს, რითაც პანდემიის შენარჩუნება და მოსახლეობის ნელ-ნელა განადგურება იქნება შესაძლებელი. პოსტში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება. 5G-ისა და კორონავირუსის პანდემიის ერთმანეთთან დაკავშირება კონსპირაციას წარმოადგენს.

2021 წლის 28 აპრილს თბილისის მთავრობამ გამოსცა განკარგულება. განკარგულების მიხედვით, ქალაქ თბილისის ქუჩების, გამზირების და შიდა კვარტალური გზებისათვის გარე განათების ეფექტურობის მიღწევის, ახალი ტექნოლოგიების ათვისების მიზნით, მიზანშეწონილად ჩაითვალა, გარე განათების მოწყობილობები თანამედროვე LED ეკონომიური სანათებით შეიცვალოს, რომლითაც ეფექტური ეკონომია იქნება მიღწეული. განკარგულების საფუძველზე შპს „თბილსერვის ჯგუფს“ თბილისის გარე განათებისათვის თანამედროვე ლედ (LED ეკონომიური) სანათების შესყიდვა დაევალა. LED ნათურების შესასყიდად „თბილსერვის ჯგუფმა“ 3 ტენდერი გამოაცხადა. BM.ge-ის მიხედვით, ტენდერებში წინადადებების მიღება 1 ნოემბერს დასრულდა და ამჟამად მასში მხოლოდ ერთი მონაწილის - შპს "ვეზირის" წინადადება ჩანს.

ახალი ტიპის განათებები სოდიუმის განათებებთან მიმართებით იმ უპირატესობით სარგებლობს, რომ LED ნათურები არსებული ტიპის განათებებთან შედარებით რამდენჯერმე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ, რაც თავის მხრივ გარემოს ნაკლებად აზიანებს. მათი შენახვა დედაქალაქის გადასახადის გადამხდელებს უფრო იაფი დაუჯდებათ. სწორედ მომავალში მისაღებ ელექტროენერგიის ეკონომიას უთითებს თბილისის მერია ამ შესყიდვის დაფინანსების წყაროდ. განკარგულების მიხედვით, შემსყიდველის მიერ ანგარიშსწორება ეტაპობრივად, 120 თვის განმავლობაში (10 წლის განმავლობაში) განხორციელდება. ამასთან ერთად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიამ განაცხადა, რომ სოდიუმის არსებული ნათურები არის მოძველებული, ფაქტობრივად, არსად გამოიყენება მისი არაეკონომიურობისა და მომწამლავი ნახშირორჟანგის (CO2) გამოყოფის გამო. სწორედ ამიტომ გადაწყდა მისი ჩანაცვლება.

იმის დასაზუსტებლად, თუ კონკრეტულად რა სახის გარე განათების შემოტანა იგეგმება თბილისში, „ფაქტ-მეტრი“ „თბილსერვის ჯგუფს“ დაუკავშირდა. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში აღნიშნა, გარე განათებების სისტემის გამოცვლის ფარგლებში ახალი ტიპის, LED ნათურებზე მომუშავე განათების შესყიდვა იგეგმება, თუმცა შესყიდვის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ამასთან ერთად, ჯერჯერობით განათებებს არ ექნება დაერთებული WiFi-ის სისტემა ან GPS სისტემა. თუმცა, სანათებს ექნებათ „სმარტ“ კორპუსი, რაც შემდგომში სხვადასხვა გადამცემი სისტემის, მათ შორის GPS სისტემის და Wifi-ის მიმღებლობისთვის საჭირო ხელსაწყოების დამონტაჟების საშუალებას იძლევა.

ზოგადად, „სმარტ“ განათებები განიხილება როგორც ერთ-ერთი ეფექტური საშუალება „სმარტ“ ქალაქების განვითარებისთვის. აღნიშნული ტიპის განათებებს გააჩნიათ ფინანსური, ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური სარგებელი. მათი საშუალებით შესაძლებელი იქნება ენერგიისა და თანხის დაზოგვა. ამასთან ერთად, „სმარტ“ განათებების კორპუსზე WiFi-ის, ვიდეო-კამერების, ელექტრო ავტომობილების დამუხტვისთის საჭირო მოწყობილობების დამონტაჟებაა შესაძლებელი,. მოცემულ ფოტოებზე შეგიძლიათ, იხილოთ „სმარტ“ განათებების მოდელი, რომელიც Sharing Cities-ისა და SCC01 Lighthouse-ის პროგრამების გამოცდილების საფუძველზე ევროპის ქალაქებისთვის „სმარტ“ განათებების დამონტაჟებასთან დაკავშირებით მომზადებული ბუკლეტიდანაა მოპოვებული.

შესაბამისად, ამ კუთხით 5G ინტერნეტ ქსელი LED განათებებთან შესაძლოა იყოს დაკავშირებული. თუმცა, მტკიცება, რომ 5G ინტერნეტ ქსელს მომაკვდინებელი რადიაცია აქვს და პანდემიის შენარჩუნების გახანგრძლივებას უწყობს ხელს, სამეცნიერო საფუძველს მოკლებულია და სიმართლეს არ შეესაბამება. არაიონიზებადი რადიაციისგან დაცვის საერთაშორისო კომისიამ (International Commission on Non-Ionizing Radiation Protection – ICNIRP) 5G უსაფრთხოდ მიიჩნია. ისევე როგორც უსადენო ქსელების წინა თაობის ტექნოლოგიების - 4G, 3G და 2G - შემთხვევაში, 5G ასევე რადიოტალღების მეშვეობით ვრცელდება. რადიოტალღებს სატელევიზიო და რადიო გადამცემებიც იყენებენ. რადიოტალღები ფართო ელექტრომაგნიტური სპექტრის ტალღების პატარა ნაწილია. ყველა მათგანი ელექტრომაგნიტურ რადიაციას გამოსცემს. თუმცა რადიოტალღები სპექტრის ბოლო ნაწილს შეადგენს და სხვა სახის ტალღებთან შედარებით დაბალი სიხშირე აქვთ. რადიოტალღები მხოლოდ არაიონიზებად რადიაციას გამოსცემენ, რაც ნიშნავს, რომ მათ კორონავირუსის გავრცელება და პანდემიის გახანგრძლივება არ შეუძლიათ.

ამრიგად, მტკიცება, რომ განათებები, რომლის დამონტაჟებასაც თბილისის მერია გეგმავს, 5G მიკროტალღურ რადიაციას გაავრცელებს, რითაც პანდემიის შენარჩუნება და მოსახლეობის ნელ-ნელა განადგურება იქნება შესაძლებელი, არის ყალბი. რეალურად, LED განათებებს, რომელთა შემოტანასაც „თბილსერვის ჯგუფი“ აპირებს, დამატებითი მოწყობილობები არ ექნებათ დაერთებული, თუმცა განათება იმგვარად იქნება კონსტრუირებული, რომ ამის შესაძლებლობას სამომავლოდ იძლევა. ასეთ შემთხვევაშიც კი, 5G არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს მოქალაქეებისთვის და მით უმეტეს, პანდემიასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

---------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.