სოციალურ ქსელში ვრცელდება პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ფოტოები, სადაც ტაძრის დაზიანებული ნაწილი ბროლის სახურავით არის აღდგენილი. პოსტს თან ერთვის აღწერა: „აღდგენილი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ბროლის სახურავით“.
რეალურად, პოსტში არსებული ფოტომასალები პარიზის ღვთისმშობლის აღდგენილ ტაძარს არ ასახავს.
2019 წელს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად ტაძრის სახურავი განადგურდა და შიდა ფასადი დაზიანდა. რამდენიმე დღის შემდეგ საფრანგეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა ტაძრის განადგურებული ნაწილის აღსადგენად საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსი გამოაცხადა. ორი წლის მანძილზე ტაძრის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობდა, რომელსაც ტაძრის გენერალური რეკონსტრუქციის დაწყებისთვის საფუძველი უნდა მოემზადებინა. 2021 წელს სახელმწიფო რეკონსტრუქციის სააგენტომ განაცხადა, რომ აღდგენითი სამუშაოები ზამთარში დაიწყება, პრეზიდენტ იმანუელ მაკრონის განცხადებით კი ტაძარი 2024 წლისთვის, როდესაც საფრანგეთის დედაქალაქი ოლიმპიადას უმასპინძლებს, გახსნისთვის მზად იქნება.
Webcamgalore.com-ზე შესაძლებელია პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის როგორც ძველი ფოტოების, ისე ტაძრის ამჟამინდელი ვიზუალის ნახვა. როგორც 1 ნოემბრის 14:08 საათზე გადაღებულ ფოტომასალაზე ვხედავთ, ღვთისმშობლის ტაძარი კვლავ რეკონსტრუქციის პროცესშია.
რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებს, მათზე გამოსახულია ნიდერლანდური არქიტექტურული კომპანიის, trsnfrm-ის მიერ შემუშავებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავის ერთ-ერთი ვარიანტი.
ტაძრის მეორე შესაძლო დიზაინი კი პარიზში დაფუძნებულ ბელგიურ არქიტექტურულ კომპანიაVincent Callebaut Architectures-ს ეკუთვნის.
შესაბამისად, მოცემულ ფოტომასალაზე სხვადასხვა არქიტექტურული კომპანიის მიერ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავის და შპილის შესაძლო ვარიანტებია ასახული და არა აღდგენილი ტაძარი. თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტაძრის შპილი მე-19 საუკუნის ორიგინალური, გოტიკური სტილით აღდგება.
----------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.