2021 წლის 26 ოქტომბერს, ვებგვერდზე ERSA.GE- ერი და სახელმწიფო სტატია შემდეგი სათაურით - „WHO-ს ექსპერიმენტის მონაწილეების ნაწილი გარდაიცვალა, ნაწილი გახდა უნაყოფო!“, გამოაქვეყნა. სტატიაში წლების განმავლობაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქმიანობაზეა საუბარი, მათ შორის, კორონავირუსის, ებოლას, ე.წ. ღორის გრიპის, ტეტანუსის ეპიდემიებზე/პანდემიაზე და ჯანმოს საპასუხო ქმედებებზე. სტატიის ერთ-ერთ მონაკვეთი პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტების ცდებს ეხება. ავტორის თქმით, მედიკამენტების Gardasil და Cervanix-ის გამოცდა ღარიბ მოსახლეობაზე მოხდა - „ტესტირებაში მონაწილეობა მიიღო ათობით ათასმა გოგონამ (9-15 წლის). მათ ნაწილს არ ჰყავდა მშობლები, ხოლო ვისაც ჰყავდა - დაუმალეს, თუ რა შედეგები შეიძლებოდა მოეტანა ამ ტესტირებას. ექსპერიმენტის მონაწილეების ნაწილი გარდაიცვალა, ზოგიერთ მათგანს განუვითარდა სხვადასხვა სიმძიმის დაავადება, ნაწილი გახდა უნაყოფო“. რეალურად, ERSA.GE-ის სტატია მანიპულირებაა, რადგან პანდემიის პირობებში სტატიის სათაური მკითხველს შთაბეჭდილებას უქმნის, რომ თითქოს მასში საუბარი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზეა, ხოლო უშუალოდ სტატიაში დასახელებული ფაქტი, რომ ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტების კვლევაში მონაწილე გოგონების ნახევარი გარდაიცვალა, ბევრს სხვადასხვა სიმძიმის დაავადებები განუვითარდა, ნახევარი კი უნაყოფო დარჩა, ტყუილია.

ERSA.GE-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ პაპილომავირუსის მედიკამენტების Gardasil და Cervanix-ის ცდებში მონაწილეობდნენ შემდეგი ორგანიზაციები: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ბილ და მელინდა გეითსების ფონდი (BMGF), PATH Program for Appropriate Technology in Health, GAVI. კონკრეტული მედიკამენტების ტესტირების და კვლევების ირგვლივ არაერთი დეზინფორმაცია გავრცელებულა, მათ შორის ისეთიც, რომლის თანახმადაც ბილ და მელინდა გეითსებს ბავშვებზე ვაქცინების ცდების ჩატარების გამო სასამართლო პროცესი ელოდებოდათ.

რა მოხდა ინდოეთში?

2007 წელს ინდოეთის მთავრობის სამედიცინო კვლევების საბჭომ და ორი შტატის მთავრობამ საფუძველი ჩაუყარა პროექტს, რომლის მეშვეობითაც ეკონომიკურად დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობაში ადამიანის პაპილომა ვირუსის ვაქცინების მიწოდება იქნებოდა შესაძლებელი. აღნიშნული პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია PATH-ი იყო, რომელსაც, თავის მხრივ, ბილ და მელინდა გეითსების ფონდი აფინანსებდა.

ვაქცინაციის პროცესი 2009 წელს დაიწყო და 2010 წლისთვის, საერთო ჯამში - 24 000-მდე გოგონა აცრეს. ვაქცინაციის პროცესი კითხვის ნიშნის ქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც ადგილობრივმა მედიამ 7 გოგონას გარდაცვალების შესახებ გაავრცელა ცნობა. 2009 წლის ოქტომბერში საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიციამ და სამედიცინო აქტივისტებმა პროექტის შეჩერება მოითხოვეს. ამას ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროსთვის გაგზავნილი წერილიც დაემატა, რომელშიც კოალიცია გოგონების გარდაცვალებებთან ერთად, ვაქცინაციის შემდეგ 120 გოგონასთვის გვერდითი მოვლენების (ხასიათის ცვლილებები, ეპილეფსიური კრუნჩხვები) განვითარების შესახებაც იუწყებოდნენ. შედეგად, მთავრობამ კვლევების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

ინდოეთის მთავრობის მიერ შექმნილმა კომიტეტმა შემდგომი მოკვლევის საფუძველზე 2011 წლის ანგარიშში დაადგინა, რომ გოგონების გარდაცვალებასა და ვაქცინას შორის კავშირი არ არსებობდა. კერძოდ, ერთი გოგო დაიხრჩო, ორი პესტიციდებით მოწამვლით დაიღუპა, ორი მძიმე მალარიით, ერთი გველის ნაკბენით და ერთიც უცნობი დაავადებით გარდაიცვალა, თუმცა ექსპერტების თქმით, ეს დაავადება პაპილომა ვირუსს არ უკავშირდება.

მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ მედიკამენტის გამოყენებას ცდის მონაწილე პირებისთვის რაიმე ზიანი არ მიუყენებია, 2013 წელს ინდოეთის საპარლამენტო პანელმა PATH-ი და მისი ინდოელი პარტნიორები მკაცრად გააკრიტიკა, რადგან მათ გოგონების მშობლების ინფორმირება მათი კვლევის მიზნის შესახებ არ მოუხდენიათ და ამავდროულად, არც სისტემა შეუქმნიათ, რომელშიც შემდგომ გვერდით ეფექტებს აღრიცხავდნენ.

რაც შეეხება ადამიანის პაპილომა ვირუსის ვაქცინებს და ნაყოფიერებას, დღემდე არსებული კვლევების თანახმად, ვაქცინა უსაფრთხოა და ადამიანის რეპროდუქციულ სისტემაზე გავლენას არ ახდენს. ხოლო ვაქცინასთან (Gardasil 9) დაკავშირებული გვერდითი მოვლენებია - ტკივილი, სიწითლე ან შეშუპება ინექციის ადგილას, სიცხე, თავის ტკივილი და სისუსტის შეგრძნება, გულისრევის შეგრძნება, კუნთის ან ზოგადი ტკივილები.

შესაბამისად, სტატიაში მოყვანილი მტკიცება, რომ თითქოს პაპილომა ვირუსის ცდების შედეგად გოგონების ნახევარი გარდაიცვალა, ნაწილს სერიოზული გვერდითი მოვლენები განუვითარდა, ნაწილი კი უნაყოფო დარჩა, ტყუილია. ამასთან, პანდემიის პირობებში ზვიად ტომარაძის პოსტი და სტატიის სათაური, საერთო ჯამში ქმნის შთაბეჭდილებას, რომ კონკრეტული სტატია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე ჩატარებულ ცდებს ეხმაურება და მკითხველი შეცდომაში შეჰყავს.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.