12 ოქტომბერს facebook-მომხმარებელმა გიორგი ჯანაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ჩამოთვლილია მიზეზები, თუ რატომ უნდა იჯდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში.
პოსტი, რომელსაც ამ დროისთვის 900-ზე მეტი გაზიარება აქვს, არაერთ მცდარ თუ მანიპულაციურ მტკიცებას შეიცავს. მათ შორისაა მტკიცება, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს სკოლებში „დედა ენის“ სწავლება აიკრძალა.
მტკიცება, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას სკოლებში „დედა ენის“ სწავლება აიკრძალა მანიპულაციურია, რადგან, სინამდვილეში, სახელმძღვანელომ 2011 წელს გრიფი ვერ მოიპოვა. გოგებაშვილისეულ „დედა ენას“ კონკურსში გრიფი იმ არგუმენტით ვერ მიენიჭა, რომ სახელმძღვანელოს მეთოდოლოგია მოძველებული იყო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყველა სკოლა ვალდებულია, ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებით განახორციელოს; გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო არის სახელმძღვანელო, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული კონკრეტული საგნის სწავლებისათვის არის განკუთვნილი. იგი გრიფის მისანიჭებლად აუცილებელ პირობებს აკმაყოფილებს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, გრიფი გარკვეული ვადით აქვს მინიჭებული. ამით სახელმძღვანელო ყველა დანარჩენ საგანმანათლებლო რესურსთან შედარებით უპირატესობას იძენს და გრიფის ვადის მოქმედების განმავლობაში სასწავლო პროცესში, როგორც ძირითადი საგანმანათლებლო რესურსი, ისე გამოიყენება.
2018 წელს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა გოგებაშვილისეული „დედა ენის“ დაბეჭდვასა და სკოლებში დაბრუნებაზე საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინეს. განათლების სამინისტრომ საკონსულტაციო ჯგუფი შექმნა, რომელსაც გოგებაშვილისეული „დედა ენის“ 1912 წლის, ანუ იაკობის სიცოცხლეში გამოცემული უკანასკნელი სახელმძღვანელოს ადაპტაცია უნდა მოეხდინა. თუმცა მმართველი გუნდის ამ ინიციატივას საზოგადოებაში პოლემიკა მოჰყვა.
მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის სკოლებში სხვადასხვა ავტორის მიერ შედგენილი „დედა ენის“ სახელმძღვანელოებით სწავლება ისედაც მიმდინარეობდა, განათლების სამინისტროს პოზიციით, სხვა ავტორების „დედა ენასთან“ ერთად გოგებაშვილის „დედა ენასაც“ უნდა „ჰქონოდა უფლება“ სკოლაში ყოფილიყო როგორც რესურსი, ან დამხმარე სახელმძღვანელო. ამასთან, პარლამენტის თანახმად, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენციის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებული იყო, „დედა ენა“ სასწავლო პროცესში ჩაერთო [1].
ასევე „დედა ენის“ სკოლებში დაბრუნებას იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება აქტიურად ლობირებდა. საზოგადოების წუხილის საგანს წარმოადგენდა ის, რომ გოგებაშვილის მიხედვით საანბანო სახელმძღვანელოები გამოიცემოდა, თუმცა იმ დროისთვის სკოლებში არსებულ არც ერთ სახელმძღვანელოს „დედა ენა“ არ ერქვა და მის ავტორად იაკობ გოგებაშვილი არ მოიხსენიებოდა.
რაც შეეხება გოგებაშვილისეული „დედა ენის“ სკოლებში დაბრუნების მოწინააღმდეგეებს, მათ მმართველი გუნდის ინიციატივაში, ერთი მხრივ, პოპულიზმი და წინასაარჩევნოდ, ეროვნული მოტივებით, ადამიანის გულების მოგების მიზანი დაინახეს, მეორე მხრივ, იმ სავალალო შედეგებზე მიუთითებდნენ, რაც 21-ე საუკუნეში მე-19 საუკუნის მოსწავლეებისთვის ახლობელი ტერმინოლოგიით წერა-კითხვის სწავლებას შეიძლება მოჰყოლოდა.
პედაგოგთა და ლიტერატორთა ნაწილმა იაკობ გოგებაშვილის ენის სწავლების მეთოდი, მიუხედავად მისი უმნიშვნელოვანესი პედაგოგიური ღირებულებისა, თანამედროვე ენის სწავლების მიდგომებთან ჩამოშორებულად შეაფასა.
საბოლოოდ, გოგებაშვილისეული „დედა ენის“ სკოლებში დაბრუნების ინიციატივამ მხარდაჭერა მაინც მოიპოვა - გრიფირების საგამონაკლისო წესით, შესაბამისი კონკურსის გარეშე, მიიღო გრიფი და 2019 წლიდან შევიდა სკოლებში, როგორც დამატებითი სასწავლო რესურსი.
ფაქტი, რომ 2018 წელს დაწყებით საფეხურის ყველა სახელმძღვანელოს განათლების სამინისტროსგან 5-წლიანი გრიფი უკვე ჰქონდა (და არც ერთ ცალკე აღებულ სახელმძღვანელოს გრიფი აღარ უნდა მინიჭებოდა), ხოლო პარლამენტმა საკანონმდებლო საფუძველი ერთი კონკრეტული სახელმძღვანელოსთვის საგამონაკლისო წესით გრიფის მისანიჭებლად შექმნა, მიუთითებს იმაზე, რომ სკოლებში „დედა ენის“ დაბრუნება მხოლოდ საზოგადოების გულის მოსაგები პოპულიზმის ნაწილი იყო. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ მანამდე სკოლებში გოგებაშვილის „დედა ენის“ საფუძველზე შექმნილი გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები ისედაც არსებობდა - განსხვავებული დასახელებებით.
გარდა ამისა, მმართველი გუნდის ინიციატივამ, გოგებაშვილისეული „დედა ენის“ განახლებული ვერსიის შექმნასა და სკოლებში დაბრუნებაზე - ფაქტობრივად, ცხადყო, რომ 2011 წელს „დედა ენა“ არა კონკრეტული პოლიტიკური გუნდის ან პოლიტიკოსის ინიციატივით, არამედ გრიფის ვერმოპოვების გამო დარჩა სკოლებს გარეთ, რაც მისი მოძველებული მეთოდოლოგიით იყო განპირობებული.
[1] ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2013 წელს მიენიჭა, ხოლო ეროვნული კატეგორია 2014 წელს განესაზღვრა.