ვაზილ ჰუდაკი: [სასამართლო] ცენტრალური მნიშვნელობის საკითხად არ უნდა ვაქციოთ, რომ თითქოს ეს ერთი საკითხი ცვლის გარეთ საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ვაზილ ჰუდაკის განცხადება არის ტყუილი.
რეზიუმე: 19 აპრილის შეთანხმება, ასევე ევროკავშირსა და საქართველოს შორის, მიკრო-საფინანსო დახმარების შესახებ გაფორმებული მემორანდუმი, ადასტურებს, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის საკითხი, საქართველოს დასავლელი პარტნიორებისთვის ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენს. ამაზე მეტყველებს თავად ის ფაქტიც, რომ სასამართლო სისტემის რეფორმირება, ფინანსური დახმარების წინაპირობად განისაზღვრა.
ანალიზი
2021 წლის 23 ოქტომბერს ინვესტიციის მოზიდვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ვაზილ ჰუდაკმა „FrobesTalk-თან“ ინტერვიუში, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა. საქართველოს მიერ ევროკავშირის ფინანსური დახმარების მეორე ნაწილი მიღებაზე უარის თქმის შესახებ, საუბრისას ვაზილ ჰუდაკმა განაცხადა, რომ „მოსამართლეების დანიშვნა, დამოუკიდებელი სასამართლო - რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი საკითხებია, მაგრამ არ უნდა გავაზვიადოთ ეს საკითხები, ცენტრალური მნიშვნელობის საკითხად არ უნდა ვაქციოთ, რომ თითქოს ეს ერთი საკითხი ცვლის გარეთ საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას. მოდი, გადავჭრათ ეს საკითხები, მივაღწიოთ იმას, რომ მსგავსი საკითხები აღარ გამეორდეს, მაგრამ მოდი, ნუ ვაქცევთ მათგან დრამას“.
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ სასამართლო ხელისუფლება, მისი დამოუკიდებლობა და პროფესიონალიზმი, დემოკრატიული ქვეყნის შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია. სწორედ ამიტომაც, სასამართლო სისტემის რეფორმირება და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა ერთ-ერთი იმ საკითხთაგანი, რომლის გამოც, როგორც მოქმედი, ასევე წინა ხელისუფლება, დასავლელი პარტნიორების მხრიდან კრიტიკას მუდმივად იმსახურებდნენ (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია 1, სტატია 2).
ასევე, სასამართლო სისტემის რეფორმირების მნიშვნელობასა და საქართველოს ევროინტეგრაციისთვის მის აუცილებლობაზე თავად დასავლელი პარტნიორების განცხადებები და მათი ჩართულობით შემუშავებული დოკუმენტები მეტყველებს.
2020 წლის 25 მაისს ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება გამოეყო მაკროფინანსური დახმარება გაფართოების და სამეზობლოს ქვეყნებისათვის COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფარგლებში არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაში დასახმარებლად. აღნიშნული გადაწყვეტილებით უშუალოდ საქართველოსათვის გამოყოფილმა რესურსმა 150 მლნ ევრო შეადგინა. აღნიშნული რესურსიდან პირველი ტრანში 75 მლნ ევროს ოდენობით თითქმის უპირობოდ იქნა გამოყოფილი შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმებისთანავე და ის საქართველომ უკვე აითვისა.
ასათვისებელი რესურსის მეორე ნაწილის ასევე 75 მლნ ევროს გამოყოფის წინაპირობად კი გაცილებით მკაცრი კრიტერიუმები იქნა დადგენილი ჯერ კიდევ ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში. კერძოდ, სხვა ნაკლებად პრობლემურ და შედარებით მარტივად დაკმაყოფილებად პირობებთან ერთად, მეორე ტრანშის გამოყოფის წინაპირობად მემორანდუმში მითითებულ იქნა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულებისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების კონკრეტული მახასიათებლები.
2020 წელს ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლება, სასამართლო სისტემის რეფორმების შესახებ 2017 და 2019 წლებში მიღებული ორი პაკეტის შესაბამისად, იღებდა შემდეგ ვალდებულებებს:
ა) გააძლიერებს გამჭვირვალობას და დამსახურებაზე დაფუძნებულ შერჩევის კრიტერიუმებს პირველადი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა დანიშვნისას, კერძოდ, მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ დასაბუთების გამოქვეყნებით, ერთიანობისა და კომპეტენციის კრიტერიუმების გათვალისწინებით;
ბ) წარუდგენს პარლამენტს კანონპროექტს უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის N949/2019 დასკვნის შესაბამისად, რომელიც ეხება დანიშვნისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენის დასაბუთების საჭიროებას;
გ) თავს შეიკავებს უზენაეს სასამართლოში ამჟამად არსებული წესების ფარგლებში დანიშვნების განხორციელებისაგან;
დ) მიიღებს კანონმდებლობას, რომელიც განახორციელებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებას 2019 წლის ივნისიდან, სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული წესის შემუშავებით.
საყურადღებოა, რომ მემორანდუმით განსაზღვრული ზემოხსენებული პირობები ე.წ „შარლ მიშელის შეთანხმებაში“ უცვლელად აისახა. აღნიშნულმა კიდევ უფრო ნათლად აჩვენა, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს დასავლელი პარტნიორებისთვის სასამართლოს სისტემის რეფორმირებას და დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნას.
ზემოხსენებული პირობების მიხედვით, მოსამართლეთა დანიშვნა უნდა შეჩერებულიყო იმ დრომდე, სანამ ვენეციის რეკომენდაციების გათვალისწინება არ მოხდებოდა. 28 აპრილს ვენეციის კომისია კანონში შეტანილ ცვლილებებს მიესალმა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ პროცესის შემდგომ გაგრძელებამდე, საჭიროა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ცვლილება და მოსამართლეობის კანდიდატებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფის მიზნით, კონკურსის ხელახლა ჩატარება. საყურადღებოა, რომ აღნიშნული რეკომენდაციები მმართველმა გუნდმა არ შეასრულა და 2021 წლის 12 ივლისს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მწვავე კრიტიკისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულებისკენ პირდაპირი მოწოდებების მიუხედავად, პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში 6 მოსამართლე უვადოდ დანიშნა (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
მოგვიანებით, 2021 წლის 31 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირიდან მისაღები 150- მილიონიანი მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანშს - 75 მლნ ევროს ოდენობით, აღარ მიიღებს. პრემიერ-მინისტრმა, ამ გადაწყვეტილების მიზეზად, საგარეო ვალის შემცირება და 2021 წლის პირველ კვარტალში სწრაფი ეკონომიკური ზრდა დაასახელა.
ხელისუფლების გადაწყვეტილების საპასუხოდ, 31 აგვისტოს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში სპეციალური ბრიფინგი გამართა. გავრცელებული განცხადების მიხედვით, „ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დასაბუთებას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ არ მოითხოვოს მაკროფინანსური დახმარების ნაწილი. პატივს ვცემთ რა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამავე დროს აღვნიშნავთ, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი“.
როგორც 19 აპრილის შეთანხმება, ასევე ევროკავშირსა და საქართველოს შორის, მიკრო-საფინანსო დახმარების შესახებ გაფორმებული მემორანდუმი, ადასტურებს, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის საკითხი, საქართველოს დასავლელი პარტნიორებისთვის ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენს. ამაზე მეტყველებს თავად ის ფაქტიც, რომ სასამართლო სისტემის რეფორმირება, ფინანსური დახმარების წინაპირობად განისაზღვრა.
შესაბამისად, ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვაზილ ჰუდაკის განცხადება, რომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა არ არის „ცენტრალური მნიშვნელობის“ საკითხი, რომელიც საქართველოს მიმართ საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულებას ცვლის, არის ტყუილი.