სოციალურ ქსელში ამერიკელი პილოტის ვიდეომიმართვა გავრცელდა, რომელშიც ის სავალდებულო ვაქცინაციის საწინააღმდეგო პოზიციასთან დაკავშირებით საუბრობს. შონ ენდრიუ ვოქერის თქმით, იგი აშშ-ს მთავრობამ ულტიმატუმის წინაშე დააყენა: იგი ვალდებულია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრას, იმ შემთხვევაში, თუ მას ავიაკომპანიაში პილოტად მუშაობის გაგრძელება სურს. რეალურად, ვიდეოში წარმოდგენილი პირის მოქმედ პილოტად იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.
თავდაპირველად შონ ენდრიუ ვოქერის ვიდეო TikTok-ის პროფილზე გამოქვეყნდა- @cellsaucenutrition, რომელმაც მოკლე დროში 57 000 ნახვა, ხოლო Twitter-ზე გაზიარების შემდეგ 2 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ვოკერი ვიდეოში ამბობს: „მეუბნებიან, რომ თუ ავიაკომპანიის პილოტად კარიერის გაგრძელება მინდა, მაშინ ვაქცინირებული უნდა ვიყო, რაც ნიშნავს, რომ მე არჩევანი უნდა გავაკეთო ჩემი ოჯახის გამოკვებასა და თავისუფლებას შორის. დღეს შექმნილი მდგომარეობა ჯანმრთელობის საკითხებს სცილდება. ჩვენ, ამერიკელი ხალხი, 257 წლის განმავლობაში თავისუფლებისთვის ვიბრძოდით. ჩვენ, მსოფლიოში თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეას ვავრცელებთ, ჩვენ ვეხმარებით სხვა ქვეყნებსა და ხალხებს, იბრძოლონ თავიანთი თავისუფლებებისთვის, მაშინ როდესაც ჩვენი თავისუფლება აღკვეთილია... თქვენ ფიქრობთ, რომ პირბადის ტარების ან ვაქცინაციის დაძალება უმნიშვნელოა. მაგრამ მაშინ, როდესაც მანდატის მიხედვით დაიწყებთ მოქმედებას და თავისუფლებას თავისუფლებაზე დაკარგავთ, ეს ყველაფერი თქვენთვის მნიშვნელოვანი გახდება“.
როგორც NEWSWEEK-ი წერს, შონ ენდრიუ ვოქერის სოციალური ქსელებში (Facebook, Twitter, TikTok) მოცემული ინფორმაციით, მისი (მოქმედ) პილოტად იდენტიფიცირება ვერ ხდება. მაგალითად, ვოქერი TikTok-ის ანგარიშზე (რომელზეც სოც.ქსელში გავრცელებული ვიდეოა გამოქვეყნებული) საკვები დანამატების კომპანიის პოპულარიზაციისთვის ჩაწერილი ვიდეოებია განთავსებული, ასევე ვიდეოები, რომელშიც ის კვებისა და ვარჯიშის შესახებ რჩევებს გასცემს. ვოქერის Facebook და Twitter-ის ანგარიშების მიხედვით, ის Copywriting-ის სფეროში დასაქმებული თუ შტატგარეშედ მომუშავე პირებისთვის, მათ შორის - მარკეტერებისთვის, კონსულტაციებს ატარებს.
მის პროფესიულ საქმიანობაში ავიაკომპანიებთან კავშირი მხოლოდ LinkedIn-ის პროფილზე იკვეთება. კონკრეტულად, LinkedIn-ზე მოცემული ჩამონათვალის მიხედვით, ის პილოტი 2004 წლიდან American Eagle Airlines-ში (ახლა კომპანიას Envoy) იყო. შემდგომ ჩამონათვალში კი მისი საქმიანობა ძირითადად ონლაინ მარკეტინგის სფეროსთან არის დაკავშირებული. მაგალითად, ის 2019 წლის სექტემბრიდან CopySkills.com-ს ვებსაიტის მფლობელად არის მოხსენიებული, რომელიც ახლა აღარ ფუნქციონირებს. Newsweek-მა American Airlines-ს მიმართა იმის გადასამოწმებლად, არის თუ არა შონ ენდრიუ ვოქერი მოქმედი პილოტი, თუმცა ამის შესახებ Newsweek-ს პასუხი არ მიუღია. ამრიგად, შონ ენდრიუ ვოქერისა და რომელიმე ავიაკომპანიას, მათ შორის - American Eagle Airlines-თან (დღევანდელი Envoy), ამჟამად რაიმე სახის კავშირი არ დასტურდება. შესაბამისად, არც ის ფაქტი, რომ ვოქერი მოქმედი პილოტია.
შონ ენდრიუ ვოქერის ვიდეო სოციალურ ქსელებში განსაკუთრებულად ვირუსულად მემარჯვენე პირების მუდმივი სპეკულაციის ფონზე გავრცელდა. მანიპულაციის თანახმად, Southwest Airlines-ის ფრენების მასობრივი გაუქმება და შეფერხებები, პილოტებისა და საჰაერო მოძრაობის მაკონტროლებელი პირების ვაქცინაციის გასაპროტესტებლად წასვლამ გამოიწვია. რეალურად ფრენების გაუქმება და სხვა სახის შეფერხებები ამინდის გაუარესებით იყო გამოწვეული. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში გავრცელებულ მანიპულაციას ოფიციალურად გამოეხმაურნენ როგორც SouthWest Airlines-ი და Southwest Airlines-ის პილოტთა ასოციაციის, ისე ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის მხრიდან, კონკრეტული საკითხით სპეკულაცია კვლავ გრძელდებოდა (მაგალითად, ამ ყალბ მტკიცებას ავრცელებდნენ ტაკერ კარლსონი და ტედ კრუზი, პირები, რომლებიც აქამდეც არიან შემჩნეულნი კონსპირაციული თეორიების, ყალბი და დეზინფორმაციული შინაარსის ინფორმაციის გავრცელებაში).
რაც შეეხება აშშ-ში ავიაკომპანიების მიერ თანამშრომლებისთვის დაწესებულ კოვიდრეგულაციებს, ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით, ფედერალური კონტრაქტორი ავიაკომპანიების თანამშრომლები COVID-19-ის ვაქცინებით მიმდინარე წლის 8 დეკემბრამდე უნდა აიცრან. ამდენად, დიდმა კონტრაქტორმა კომპანიებმა - American, Southwest, JetBlue, Alaska Airlines ფედერალური მანდატიდან გამომდინარე, თანამშრომლებს განუცხადეს, რომ კოვიდვაქცინაცია უნდა ჩაიტარონ. სხვა მცირე კონტრაქტორი კომპანიები, რომლებიც ავიაგადაზიდვებს დიდი კომპანიებისთვის მცირე მანძილზე ახორციელებენ, ჯერჯერობით პერსონალის სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არიან და შესაბამისად, მათი თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ამ დრომდე არ გამხდარა. აღსანიშნავია, რომ ამ მცირე ავიაგადამზიდებში შედის სწორედ ზემოთ ნახსენები American Eagle Airlines, ახლანდელი Envoy-ც, რომელთან კავშირი შონ ვოქერსაც აქვს. ამდენად, იმ შემთხვევაშიც თუკი შონ ენდრიუ ვოქერი ნამდვილად მოქმედი პილოტია და ამ ავიაკომპანიაში მუშაობს, დღევანდელი მდგომარეობით, მას სავალდებულო ვაქცინაციას დამსაქმებელი არ სთხოვს.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.