იტვირთება

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლებმა Khatuna Saginashvili-მა და Nina Marji-მ რუსული სუბტიტრებით გერმანულენოვანი ვიდეო გამოაქვეყნეს. ვიდეოში მოცემულია ნაწყვეტი პრესკონფერენციიდან, რომელშიც „გერმანელი მეცნიერები“ Pfizer-ისა Johnson-ის ვაქცინებზე საუბრობენ. ვიდეოში გაჟღერებული მტკიცების თანახმად, ვაქცინებში გაურკვეველი წარმოშობის მოძრავი ნაწილაკებია, რომლებმაც 3 თვის შემდეგ ჩიპის მსგავსი ლითონის ფორმა მიიღეს. ვიდეოში გაჟღერებული მტკიცება, რომ თითქოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ნანოტექნოლოგიებს, ჩიპის მსგავს ლითონებს შეიცავს, სიმართლეს არ შეესაბამება.

„პათოლოგთა კონფერენცია“ და მისი წევრები

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო საკმაოდ ვრცელი პრესკონფერენციის მცირე მონაკვეთია. 2021 წლის 20 სექტემბერს, გერმანიაში ყოფილი ექიმი პათოლოგების არნე ბურკჰარდტისა და ვალტერ ლანგის თაოსნობით კონფერენცია სახელწოდებით „სიკვდილი ვაქცინაციით/ COVID-19-ის ვაქცინის უცნობი კომპონენტები“ გაიმართა. პრესკონფერენციისთვის მათ სპეციალური ვებგვერდიც კი შექმნეს. პენსიაზე გასული ექიმ-პათოლოგები, ათი ადამიანის ავტოფსიის შედეგებზე დაყრდნობით ირწმუნებოდნენ, რომ ამ ადამიანის გარდაცვალების მიზეზი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გახდა. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ლითონებით არის დაბინძურებული.

კონფერენციაზე არნე ბუკჰარდტიმ განაცხადა, რომ ის როიტლინგენის პათოლოგიურ ინსტიტუტს 18 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ხოლო ვალტერ ლენგი ჰანოვერში, თავისივე დაარსებულ პათოლოგიის კერძო ინსტიტუტს 25 წლის განმავლობაში უძღვებოდა. ამასთან, ორივე მათგანი, ბურკჰარტდი და ლენგი, ასოციაციის „მედიკამენტები და მეცნიერები ჯანმრთელობის, თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის“ (MWGFD) წევრები არიან. ასოციაცია შემჩნეულია საეჭვო კონტაქტებში პირბადის სერტიფიკატების (პირბადის ტარებისგან განმათავისუფლებელი საბუთი) გაცემის საკითხში. ამავე ასოციაციის წევრია სუჰარიტ ბახდიც, რომელიც კორონავირუსის პანდემიასთან, ნიღბებთან და ვაქცინებთან დაკავშირებული დეზინფორმაციული და ყალბი მტკიცებების გავრცელებით არის ცნობილი. მის შესახებ „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა.

აღსანიშნავია, რომ ბუკჰარდი და ლანგი გერმანიის პათოლოგთა ასოციაციის წევრებიც არიან (der Deutschen Gesellschaft für Pathologie (DGP). თუმცა როგორც გერმანულ ფაქტების გადამმოწმებელ პლატფორმასთან - CORRECTIV.Faktencheck -თან ასოციაციამ აღნიშნა, ისინი ასოციაციის წევრები არიან, მაგრამ რაიმე საქმიანობას არ ეწევიან. თავად DGP-მ ე.წ. პათოლოგთა კონფერენციაზე გაჟღერებული მტკიცებებისგან დისტანცირდა და განაცხადა, რომ კონფერენციაზე პირადი მოსაზრებები გამოითქვა და ამ მოსაზრებებს ასოციაციის პოზიციებთან საერთო არ აქვს.

კონფერენციას ასევე ე.წ. „კორონა-კომიტეტის ფონდიდან“ იურისტი ვივიან ფიშერი ესწრებოდა. ამ ინიციატივას კი ადვოკატი რაინერ ფიულმიხი უდგას სათავეში, რომელიც პანდემიის დაწყების დღიდან არაერთი ყალბი და დეზინფორმაციული მტკიცებების გავრცელებაშია შემჩნეული.

კონფერენციაში მონაწილეობას ასევე იღებდნენ ექიმები უტა ლანგერი და მარია ჰუმბერ-მოგგი, ავსტრიული მაუწყებელი ServusTV, იურისტი ჰოლგერ ფიშერი, ასევე რობერტ ციბისი OVALmedia-დან. კონფერენციაში მოდერატორი უტა ლანგერი იყო. ექიმები აქსელ ბოლანდი და მაიკლ დიქტა კი ვიდეოზარით იყვნენ ჩართულები.

პრესკონფერენციაში მონაწილე პირები

კონფერენციაზე წარმოდგენილი ნიმუშები და სამეცნიერო ორგანიზაციების შეფასებები

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ათი ადამიანის აუტოფსიის შედეგები, რომლებიც თითქოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შედეგად დაიღუპნენ. როგორც კონფერენციის წევრები ამბობდნენ, კონკრეტული ნიმუშები ავსტრიიდან და გერმანიიდან იყო წარმოდგენილი, თუმცა დამატებითი ინფორმაცია თუ როგორ და რა მეთოდებით იყო გამოკვლეული კონკრეტული ნიმუშები, უცნობია.

არნე ბუკჰარდის მტკიცებით, ათი ავტოფსიის შედეგიდან, ხუთ შემთხვევაში გარდაცვალებასა და Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას შორის კავშირი „ძალიან სავარაუდოა“, ხოლო ორ შემთხვევაში უბრალოდ „სავარაუდო“. თუმცა, როგორც გერმანელ პათოლოგთა ფედერალური ასოციაცია (Der Bundesverband Deutscher Pathologen (BDP)) აცხადებს, ვიდეოში ექიმების მიერ წამოჭრილი მტკიცებები მეცნიერული დასაბუთებას მოკლებულია და კონკრეტული დასკვნის გამოსატანად, ნებისმიერი ნიმუშის წარმოდგენა და განხილვა საკმარისი მონაცემების საფუძველზე სპეციალურ წრეებში უნდა მოხდეს.

ჰამბურგ-ეპენდორფის სასამართლო სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორის, ბენჟამინ ონდრუშკაც ეთახმება იმ მოსაზრებას, რომ კონფერენციაზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არამეცნიერულია. მეტიც, მისი თქმით, ჰამბურგის ინსტიტუტში თითქმის 60 ავტოფსია ჩატარდა, რომლიდანაც მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოხდა გარკვეული მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენა ვაქცინაციასა და გარდაცვალებას შორის, სხვა შემთხვევები კი მხოლოდ კრიტიკული განხილვის საგანი გახდა. ონდრუშკას განცხადებას მხარს უჭერს გერმანიის პათოლოგთა ასოციაციის გენერალური დირექტორი იორგ მაასიც: „ჩვენ, ისევე როგორც ჰამბურგის სასამართლო მედიცინის ჩვენმა კოლეგებმა, ვაქცინაციასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის შესამჩნევი კორელაციის დადგენა ვერ მოვახერხეთ“.

„პათოლოგთა კონფერენციის“ მიგნებები და ექსპერტების შეფასებები

არნე ბუკჰარდიმ კონფერენციის დროს განაცხადა, რომ ვაქცინებმა ადამიანის ყველა ორგანოში ანთებითი რეაქციები გამოიწვია, რის დასასაბუთებლად გარკვეულ ფოტოებს წარადგენს. მისი თქმით, ამ ანთებით პროცესზე - „ლიმფოციტების ამიოკზე“ პასუხისმგებელი სისხლის თეთრი უჯრედებია, რომლის დაგროვება მაგალითად ღვიძლსა და თირკმელებში მოხდა.

თუმცა, როგორც გერმანიის ავტოფსიის რეესტრის გუნდმა განაცხადა, კონფერენციაზე წარმოდგენილ ფოტოებზე უჩვეულო არაფერია და ის არასწორად იყო ინტერპრეტირებული. ამასთან დიაგნოზი სახელწოდებით „ლიმფოციტური ამიოკი“ საერთოდ არ არსებობს. მათი თქმით, ექსპერტები მსგავსს ლიმფოციტების დაგროვებას ბევრი გვამის გაკვეთის შემთხვევაში ხვდებიან.

აღსანიშნავია, რომ მტკიცებები იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინაციის შედეგად ადამიანის სხვადასხვა ორგანოში ნივთიერებების დაგროვება ხდება, აქამდეც აქტიურად ვრცელდებოდა. თუმცა რეალურად, არანაირი მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს, რომ COVID-19-ის ვაქცინა სხვადასხვა დაავადებას იწვევს. გლობალურად ვაქცინაციის მონიტორინგის პროცესმა აჩვენა, რომ კოვიდვაქცინები ძალზე უსაფრთხოა. ნებისმიერ ფარმაცევტულ პროდუქტს, მათ შორის ვაქცინას, გვერდითი რეაქციები ახასიათებს. COVID-19-ის ვაქცინით აცრის შემდეგ, შესაძლოა, მსუბუქი ეფექტები გამოვლინდეს, როგორიცაა: სისუსტე, ინექციის ადგილის ტკივილი, შეშუპება ან სიწითლე, ტემპერატურის მატება. ყველაზე ძლიერი გვერდითი ეფექტი, რაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს, ანაფილაქსიური ალერგიული რეაქციების განვითარებაა. თუმცა მსოფლიოში გამოყენებული სხვადასხვა ვაქცინის შესწავლის საფუძველზე დადგენილია, რომ ვაქცინის კომპონენტებზე სისტემური ალერგიული რეაქციები ძალიან იშვიათია. ასევე, დაფიქსირებულია თრომბოემბოლიის შემთხვევები, რომლებიც Johnson & Johnson-სა და AstraZeneca/ Vaxzevria-ს ვაქცინებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, როგორც Johnson & Johnson, ისე AstraZeneca-ს ვაქცინით თრომბის განვითარების რისკი მინიმალურია - AstraZeneca-ს შემთხვევაში - 0.0004%, ხოლო Johnson & Johnson-ის - მილიონში ერთზე ნაკლები. იმის გათვალისწინებით, რომ რისკი მინიმალურია და სარგებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე შესაძლო გვერდითი რისკები, კონკრეტული ვაქცინებით იმუნიზაციის პროცესი ჩვეულებრივ მიმდინარეობს.

დაუსაბუთებელი სპეკულაცია ვაქცინების მეტალით დაბინძურების შესახებ

ქართულ სოციალურ სივრცეში გავრცელებული ვიდეო, მთლიანი პრესკონფერენციის ბოლო ნაწილიდანაა ამოჭრილი, რომ თითქოს ვაქცინაში მეტალის შემცველი ნივთიერებები და ნანოტექნოლოგიებია. ამ მტკიცების დასასაბუთებლად, პრეზენტაციის დროს სხვადასხვა სურათია წარმოდგენილი, რომ თითქოს ვაქცინაში „ყუთისებრი“, „ძაფისებრი“ ან „ნემსისებრი“ ფორმის უცხო სხეულებია.

ზემოაღნიშნულ მტკიცებას ულმის ბუნდესვერის საავადმყოფოდან, კონრად შტაინესტელი twitter-ზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ მსგავსი სურათების მიღება ჩვეულებრივი ჭუჭყიანი ტექსტილის ბოჭკოს დაკვირვების შემთხვევაშიც არის შესაძლებელი.

რეალურად, ვაქცინები არავითარ უცხო მეტალის თუ ლითონის სხეულებს არ შეიცავს. მეტალი, რომელიც კორონავირუსის ზოგიერთი ვაქცინის შემადგენლობაშია - ალუმინია, უფრო სწორედ კი, მისი მარილები. ალუმინის მარილები გამოიყენება ადიუვანტების სახით - ნივთიერებების, რომელიც ადამიანის იმუნურ რეაქციას აძლიერებს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრში აღნიშნავენ, რომ ალუმინის გამოუყენებლობის შემთხვევაში, ვაქცინების დოზების ზრდა გახდებოდა საჭირო. ვაქცინა ალუმინის უსაფრთხო დოზას შეიცავს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ალუმინი არ შედის Pfizer, Moderna, AstraZeneca/Oxford, Johnson & Johnson-ის ვაქცინების შემადგენლობაში, თუმცა ალუმინის ჰიდროქსიდს (ალუმინის მარილს) შეიცავს ჩინური კომპანია Sinovac-ის ვაქცინა CoronaVac და Sinopharm-ის ვაქცინა. როგორც უკვე აღინიშნა, ვაქცინაში ალუმინის შემცველობა ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველი არაა. ვრცლად აღნიშნული საკითხის შესახებ იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

ამასთან, მტკიცებაც, რომ რომელიმე ნივთიერება ვაქცინაში მოგვიანებით ჩიპად გარდაიქმნება, რეალობას ასევე არ შეესაბამება. ადამიანების „დაჩიპვის“ შესახებ კონსპირაციები Microsoft-ის დამფუძნებლის ბილ გეითსის სახელთან არის დაკავშირებული. დეზინფორმაციის საფუძველი ბილ გეითსის საქველმოქმედო საქმიანობაა, რომელიც საზოგადოებრივ ჯანდაცვას, მათ შორის ვაქცინების განვითარებას უკავშირდება. არ არსებობს ლოგიკური საფუძველი იმის, რომ ვაქცინაციით ადამიანების ე.წ. „დაჩიპვა“ შესაძლებელია. თავად ბილ გეითსმა განცხადება მასთან და ვაქცინაში ნანო ჩიპების არსებობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2020 წლის ივნისში გააკეთა. „იმდენად გულუბრყვილო და უცნაური მტკიცებაა, რომ მისი უარყოფა თითქმის შეუძლებელია. მისი გამეორებაც კი სანდოობას მატებს მას“,- განაცხადა გეითსმა. ვაქცინის მეშვეობით ნანო ჩიპის შეყვანის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია საფუძველს მოკლებულია და მისი დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

ამრიგად, როგორც Facebook-ზე გავრცელებული ვიდეოს, ასევე მთელი პრესკონფერენციის განმავლობაში გავრცელებული მტკიცებები არამეცნიერულია და სიმართლეს არ შეესაბამება.

------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3378 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
23%
ყალბი ამბავი
18%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი