12-15 წლის ბიჭებში „ფაიზერით“ აცრის შემდეგ მიოკარდიტის განვითარების რისკებთან დაკავშირებით ინფორმაცია მანიპულაციურად ვრცელდება
ვერდიქტი: მანიპულაცია
სოციალურ ქსელში 12-15 წლის თინეიჯერ ბიჭებში აცრის შემდეგ მიოკარდიტის განვითარების მაღალ რისკთან დაკავშირებით დაუზუსტებელი სტატისტიკა აქტიურად ვრცელდება (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3). აღნიშნული ინფორმაცია ერთ-ერთ წინასწარ კვლევას ემყარება, რომლის თანახმადაც, მიოკარდიტის რისკი 12-15 წლის ბიჭებში „ფაიზერით“ აცრის შემდეგ დაახლოებით 4-6-ჯერ მეტია, ვიდრე COVID-19-ის გამო მათი ჰოსპიტალიზაციის ალბათობა. Facebook-პოსტების ნაწილს თანდართული აქვს Guardian-ის სტატია. ეს ინფორმაცია ამერიკულმა ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციამ - Politifact-მა გადაამოწმა.
ამერიკული აკადემიური სამედიცინო ცენტრის, კლინიკა მაიოს (Mayo Clinic) განმარტებით, მიოკარდიტი გულის კუნთოვანი გარსის, მიოკარდიუმის ანთებაა. ანთებითი ცვლილებები გულის ფუნქციის შესუსტებას იწვევს. კერძოდ, გულის შეკუმშვითი ფუნქცია ქვეითდება, გული სუსტდება და ორგანიზმს საკმარისი ოდენობის სისხლით ვერ ამარაგებს, ირღვევა გულის ნორმალური რიტმი. მიოკარდიტის გამომწვევ მიზეზებს შორის განსაკუთრებული ადგილი ვირუსებს უჭირავს.
ამჟამად, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) მიოკარდიტის შემთხვევებს იმ მოზარდებში იკვლევს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ი-რნმ ტიპის ვაქცინებით აიცრნენ. თუმცა, კვლევას, რომელზეც Facebook-პოსტებშია საუბარი, რეცენზია ჯერ არ აქვს გავლილი. აღნიშნულმა კვლევამ სპეციალისტების და ექიმების კრიტიკა დაიმსახურა. მათი თქმით, კვლევაში გამოყენებული მეთოდოლოგია გაუმართავია, გამოტანილი დასკვნები VAERS-ის პირველად, დაუმუშავებელ მონაცემებს ეყრდნობა.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგმა ნიკოლას ვადამ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა: „კვლევის სათაურის წაკითხვის შემდეგ მშობლები იფიქრებენ, რომ ვაქცინაცია უფრო სახიფათოა მათი შვილებისთვის, ვიდრე კორონავირუსით ინფიცირება. რეალურად, ეს დასკვნა სიმართლეს არ შეესაბამება და შესაძლოა, სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს“.
კვლევაში გამოყენებული მეთოდოლოგია და დასკვნები:
კვლევა სათაურით „SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ი-რნმ ვაქცინასთან ასოცირებული მიოკარდიტის შემთხვევები 12-17 წლამდე მოზარდებში: ეროვნული მონაცემთა ბაზის ანალიზი“ 8 სექტემბერს MedRxiv-ზე გამოქვეყნდა. MedRxiv არის პლატფორმა, სადაც მკვლევრები ერთმანეთს კვლევის წინასწარ ვერსიებს უზიარებენ. პლატფორმაზე განთავსებულ კვლევებს რეცენზია გავლილი არ აქვს და სამეცნიერო ჟურნალებში გამოსაქვეყნებლად ჯერ მზად არ არის.
მოცემული კვლევა კონკრეტულად 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 18 ივნისის ჩათვლით პერიოდს მოიცავდა და მოზარდებში ვაქცინაციის შემდეგ გამოვლენილ გულთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტების 257 შემთხვევას სწავლობდა. კვლევა VAERS-ის მონაცემებს ეყრდნობოდა. შემთხვევების მიმოხილვამ აჩვენა, რომ 12-15 წლის ბიჭებში ვაქცინის გვერდითი ეფექტის განვითარების ალბათობა 100000 კაცზე 16.2-ს უდრის. გოგონების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალი აღმოჩნდა, კერძოდ 100000 კაცზე 1.3 შემთხვევა. შედეგად, კვლევის ავტორებმა დაასკვნეს, რომ ჯანმრთელ ბიჭებში ი-რნმ ტიპის ვაქცინებით ვაქცინაციის შედეგად გულის პრობლემების განვითარების ალბათობა 3.7-6.1-ჯერ მეტია, ვიდრე კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში მათი ჰოსპიტალში გადაყვანის ალბათობა.
რატომ არის კვლევის მიგნებები არასრულყოფილი:
კვლევის გამოქვეყნების შემდეგ ექიმებმა და მკვლევრებმა განაცხადეს, რომ კვლევის მიგნებები არ იყო სრულყოფილი და ის დასკვნები, რასაც საზოგადოება ამ მიგნებებზე დაყრდნობით აკეთებენ, შემაშფოთებელი და სახიფათოა.
კვლევასთან დაკავშირებით შემდეგი პრობლემები გამოიკვეთა:
• კვლევა ეყრდნობა VAERS-ის დაუზუსტებელ მონაცემებს. VAERS (Vaccine Adverse Event Reporting System) არის ღია სისტემა, სადაც ვაქცინაციის შედეგად გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება ნებისმიერ პირს შეუძლია. სისტემა მკვლევრებს ვაქცინაციის შემდეგ განვითარებული გვერდითი ეფექტების მონაცემების შეგროვებაში და გარკვეული შაბლონების შექმნაში ეხმარება, თუმცა VAERS-ის მონაცემები არ არის ვერიფიცირებული და სრულყოფილი. სწორედ ამიტომ VAERS-ის მონაცემები ვაქცინებზე ცრუ ინფორმაციის გავრცელების საფუძველი არაერთხელ გამხდარა. თავად VAERS-ის ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ იმის დასადგენად, იწვევს, თუ - არა ვაქცინა კონკრეტულ გვერდით მოვლენას, პლატფორმაზე წარმოდგენილი მონაცემები არ არის საკმარისი.
ნიკოლას ვადამ Politifact-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ამ კონკრეტულ კვლევაში გამოყენებულ მონაცემებს შესაბამისი შემოწმება არ გაუვლია. ამასთან ერთად, კვლევაში არც სხვა წყაროს მონაცემები გაანალიზებულა.
• კვლევაში გამოყენებული მონაცემები ეყრდნობა 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 18 ივნისამდე 12-17 წლის აცრილი მოზარდების აცრის შედეგებს ეყრდნობა. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ 12-15 წლამდე ასაკის მოზარდების ვაქცინაცია ოფიციალურად 10 მაისამდე არ იყო დაშვებული. 10 მაისის შემდეგაც აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში მხოლოდ „ფაიზერით“ აცრის რეკომენდაცია გაიცა. ეს ნიშნავს, რომ რეალურად, კვლევაში 16 წლამდე მოზარდების მხოლოდ 5 კვირის შედეგები გაანალიზდა და არა 5 თვის. იანვარ-აპრილის შუალედის მონაცემები კი მხოლოდ 16 და 17 წლის მოზარდების შედეგებს ასახავს, რომლებზეც Pfizer-ისთვის დეკემბერში მიცემული საგანგებო გამოყენების ავტორიზაცია მოქმედებდა. შესაბამისად, მცირე ზომის, სპეციფიკურ ჯგუფზე დაკვირვებით მიღებული შედეგების მთლიან პოპულაციაზე განზოგადება, არამართებულია და რეალურ სურათს არ ასახავს.
ამასთან ერთად, კვლევაში აღნიშნულია, რომ გამოყენებული მასალა აერთიანებს ნებისმიერი არსებული ვაქცინის ერთი დოზით მაინც აცრილი მოზარდების მონაცემებს. ეს კი ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს, კვლევაში განხილულია მრავალი სხვადასხვა შემთხვევა. რეალურად, კი კვლევის საკვლევი დროის ჩარჩო ნათელს ხდის, რომ ვაქცინირებულთა მცირე ჯგუფი გაანალიზდა, რომლის წევრებიც მხოლოდ ერთი კონკრეტული ვაქცინით, კერძოდ „ფაიზერით“ იყვნენ აცრილები.
• როგორც გაირკვა, კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ჯოშ სტივენსონი აფილირებულია ჯგუფთან, სახელად Rational Ground. აღნიშნული ჯგუფი ეწინააღმდეგება კოვიდშეზღუდვებს, სავალდებულო ვაქცინაციას. ჯგუფის ვებგვერდზე სტივენსონი წარმოდგენილია, როგორც მონაცემთა ვიზუალიზაციის ექსპერტი, აუდიო ინჟინერიის ბაკალავრის ხარისხით.
• ყველა ზემოთ ჩამოთვლილთან ერთად, კვლევის პრობლემურ ნაწილს ის ფაქტიც წარმოადგენს, რომ ვაქცინაციის შედეგად განვითარებული მიოკარდიტის შემთხვევის შედარება კორონავირუსით გამოწვეულ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევასთან არამართებულია. ბავშვთა კარდიოლოგმა, ექიმმა ფრანკ ჰანსმა Politifact-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ვაქცინაციის შედეგად განვითარებული მიოკარდიტების შემთხვევები ხშირ შემთხვევაში არის მსუბუქი. ექიმის თქმით, „ასეთი პაციენტების უმრავლესობა სწრაფად გამოჯანმრთელდა და ინტენსიური მონიტორინგი არ დასჭირდათ“.
რაც შეეხება ბავშვებს, რომლებსაც კორონავირუსის მძიმე ფორმები აქვთ, CDC-ის თანახმად, შესაძლოა, განუვითარდეთ სუნთქვის უკმარისობა, მიოკარდიტი, შოკი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ორგანოების უკმარისობა. ასეთ დროს შესაძლოა, პაციენტის მართვით სუნთქვაზე გადაყვანა გახდეს საჭირო.
CDC მოზარდებში ვაქცინაციისა და მიოკარდიტების კავშირის შესახებ:
2021 წლის ივლისში CDC-მ ი-რნმ ვაქცინებისა და მიოკარდიტის განვითარების რისკთან დაკავშირებით ანალიზი გამოაქვეყნა. VAERS-ის გადამოწმებულ და დადასტურებულ მონაცემებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ შესაძლოა არსებობდეს კავშირი ვაქცინაციასა და მიოკარდიტის განვითარებას შორის, განსაკუთრებით მოზარდ ბიჭებში. CDC-ის თანახმად, ყოველ მილიონ დოზაზე სრულად ვაქცინირებულ 12-17 წლის ბიჭებში ვაქცინამ უნდა უზრუნველყოს დაახლოებით კორონავირუსის 5700 შემთხვევის პრევენცია, 215 ჰოსპიტალიზაციის, 71 ICU-ის (დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც პაციენტი გადაჰყავთ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში) საჭიროების და 2 გარდაცვალების პრევენცია. მიოკარდიტის განვითარების შემთხვევა კი იგივე მონაცემებზე გაანგარიშებით, სავარაუდოდ, 56-69 უნდა იყოს. გოგონების შემთხვევაში ეს რიცხვები გაცილებით დაბალია.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თვითონ კორონავირუსით ინფიცირების დროს მაღალი რისკია მიოკარდიტისა და პერიკარდიტის განვითარების. ამ შემთხვევაში კი გულის დაზიანება ხშირად საკმაოდ მძიმეა.
CDC-ის სპიკერმა, მარტა შარანმა Politifact-თან საუბარში განაცხადა, რომ „CDC 12 წლის და უფროსი მოზარდების ვაქცინაციის რეკომენდაციას გასცემს. კორონავირუსით ინფიცირება და თანმხლები გართულებები, როგორებიცაა: ჯანმრთელობის გრძელვადიანი პრობლემები, ჰოსპიტალიზაცია და უარეს შემთხვევაში გარდაცვალება, ვაქცინის შესაძლო გვერდითი მოვლენების რისკებს (მათ შორის მიოკარდიტის ან პერიკარდიტის განვითარებას) საგრძნობლად აღემატება. CDC-ის ანალიზის შედეგები ამჟამად ერთ-ერთ რეცენზირებულ ჟურნალში გადის განხილვას.
-----------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.