ირაკლი კობახიძე: „საჭიროა მსხვერპლი“, „გვჭირდება ლექსო ლაშქარავა კვადრატში“, - ეს არის ფრაზები „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ახალგაზრდული ფრთის, მათ შორის „სირცხვილიას“ წევრების საუბრებიდან და ჩატებიდან
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
15 სექტემბერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ბრიფინგი გამართა, რომელიც თითქმის მთლიანად ოპოზიციის კრიტიკას დაუთმო. მან „ნაციონალური მოძრაობის“ და მოძრაობა „სირცხვილიას“ მხრიდან შესაძლო პროვოკაციებზე ისაუბრა, რის შესახებაც ინფორმაცია, მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებიდან ყოველდღიურად ჟონავს.
„განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საუბრები მძიმე პროვოკაციაზე, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციაში უკანასკნელ პერიოდში სულ უფრო აქტიურად წარიმართება - „საჭიროა მსხვერპლი, გვჭირდება ლექსო ლაშქარავა კვადრატში“- ეს არის ფრაზები „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ახალგაზრდული ფრთის, მათ შორის, „სირცხვილიას“ წევრების საუბრებიდან და ჩატებიდან, რის შესახებაც ინფორმაცია ყოველდღიურად ჟონავს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებიდან.
გვაქვს ინფორმაცია რომ შედგა საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის იმის შესახებ, რომ პარტიისა და პარტიული ტელევიზიების შენახვა ყოველწლიურად ათეულობით მილიონი დოლარი უჯდებათ, როცა, ვციტირებ, „ამის მეათედ თანხად შეიძლება ქილერის აყვანა და ვინმე მათიანის გაგორება“, ეს არის ციტატა.
ასევე, სირცხვილიას ერთ-ერთ წარმომადგენელს ნაც. მოძრაობის ლიდერებმა სთხოვეს რამდენიმე ჩათში ამ იდეის დატესტვა“, - განაცხადა კობახიძემ.
მოძრაობა „სირცხვილია“ ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, თუმცა ორგანიზაციაში ბრალდებებზე სერიოზულად პასუხის გაცემას „სასაცილოდ“ მიიჩნევენ.
„ირაკლი კობახიძის განცხადება მოძრაობა „სირცხვილიასთან“ დაკავშირებით ტყუილია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი შინაარსის კომუნიკაცია „სირცხვილიას“ არც ერთ წევრს, არც ერთ საკომუნიკაციო არხსა თუ რეალურ სივრცეში არასდროს განუხორციელებია, რადგან მათგან განსხვავებით, კარგად ვიცით ადამიანის სიცოცხლის ფასი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მოძრაობის შეფასებით, „ქართულ ოცნებაში“ ჩვეულ პროპაგანდისტულ ხერხებს მიმართავენ და ცდილობენ, საზოგადოებას საკუთარი ტყუილი სიმართლედ შეასაღონ.
„თუ აქამდე მსგავსი დეზინფორმაციული კამპანიებისთვის ფეისბუქზე ყალბ ანგარიშებსა და სამთავრობო მედიებს იყენებდნენ, ახლა თავად ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მოგვევლინა ტროლის როლში (სიზუსტისთვის უნდა ვთქვათ, რომ ეს შემთხვევა პირველი არ არის, თუმცა ამჯერად ბრალდებები კიდევ უფრო მძიმეა)“.
კობახიძის ბრიფინგთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება გაკვირვებას არ იწვევს: „ვფიქრობ, ბატონი კობახიძის ეს განცხადება არ იწვევს გაკვირვებას, უბრალოდ, მათი ფონი იმდენად მძიმე არის, რომ შესაძლოა, უფრო მძაფრად ჩანს ის სიგიჟე, რომელიც შესაძლებელია სჭირდეს ადამიანს ჯანსაღ გონებაში. აი, ეს კი ნამდვილად შეიძლება იყოს სიახლე. დააკვირდით ძვირფასო თანამოქალაქეებო ბატონი კობახიძის რიტორიკას, მის ზღვარგადასულ პროპაგანდისტულ გზავნილებს და გადაწყვეტილების მიღება არავის არ გაურთულდება. ეს სიბოროტე, სივერაგე უნდა დამარცხდეს“, - აღნიშნა მან.
ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებები და ბრალდებები უსაფუძვლოა და ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული მორიგ მადისკრედიტებელ კამპანიის ნაწილად უნდა მივიჩნიოთ, რამდენადაც მას არ წარმოუდგენია არც რაიმე ხელშესახები ფაქტი ბრალდებების გასამყარებლად, არც შესაბამისი უწყებებისთვის მიუმართავს. მეტიც, მან სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა უმძიმეს ბრალდებებს, რომლის წყაროდაც, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებიდან გამოჟონილი ინფორმაციის გარდა, ვერაფერი დაასახელა.
აქვე საინტერესოა, თუკი ინფორმაცია მართლაც ყოველდღიურად ჟონავს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებიდან, ანუ კობახიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიახლე არაა, რატომ არ დგება საუბრებში მონაწილე პირთა პასუხისმგებლობის საკითხი?
თუ კობახიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საკმარისი არ გახდა, სულ მცირე, გამოძიების დასაწყებად მაინც, მაშინ რატომ აკეთებს მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბრიფინგზე განცხადებებს (ზუსტი ციტირებებით), ფაქტობრივად, უმძიმესი ბრალდებებით, რომელთა საფუძველიც, დაუდასტურებელი ინფორმაციაა?
ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებების უსაფუძვლობაზე მიანიშნებს ისიც, რომ „ქართულ ოცნებას“ აქამდეც არაერთხელ გაუკეთებია მძიმე ბრალდებები ოპონენტების წინააღმდეგ, თუმცა, ამ ბრალდებებთან დაკავშირებით, დღემდე არავის დაკისრებია პასუხისმგებლობა. „ფაქტ-მეტრი“ ასეთი საქმეებიდან რამდენიმეს შეგახსენებთ.
ე.წ. „საბურავების“ საქმე
აღნიშნულის ერთ-ერთი ცნობილი მაგალითია ე.წ. „საბურავების“ საქმე. 2014 წლის 7 აპრილს, გაზეთ Prime Time-თან ინტერვიუში, იმ დროისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ, ქვეყანაში შესაძლო დესტაბილიზაციაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ევრომაიდანის სცენარს“ ამუშავებდა და არსებობდა ინფორმაცია, რომ ამ მიზნით უკვე დაწყებული იყო საბურავების მომარაგება. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ იგეგმებოდა „ზონდერჯგუფების“ ჩამოყალიბება და ეს ჯგუფები ქვეყანაში აურზაურის გამოწვევას შეეცდებოდნენ.
ამის შემდგომ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით წარიმართა, რაც ძალადობრივი ქმედებით ხელისუფლების შეცვლის მცდელობას გულისხმობს.
თუმცა, მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომვე განმარტა, რომ კოდექსი არ ითვალისწინებს შესაძლებლობას, იურიდიული პირის, პოლიტიკური პარტიის მიმართ დაწყებულიყო გამოძიება.
აღსანიშნავია, რომ დღემდე საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი ე.წ. „საბურავების საქმის“ მსვლელობის დეტალები, თუ რა ეტაპზეა ამჟამად გამოძიება ან საერთოდ გრძელდება, თუ - არა ის.
გიგა ბოკერიას წინააღმდეგ საქმის აღძვრის დაანონსება
ჯერ კიდევ 2013 წელს, იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, გიგა ბოკერიას მიმართ საქმის აღძვრა დააანონსა. ივანიშვილის მტკიცებით, ბოკერიამ საქართველოს ბიუჯეტიდან
„ნაციონალური მოძრაობის“ პიარისთვის, ლობისტებზე, მხოლოდ 2012 წელს, 16 მილიონი ლარი დახარჯა. მისივე თქმით, ბოკერიასთან კითხვები აუცილებლად იქნებოდა.
გიგა ბოკერია პროკურატურაში, მოწმის სახით, არაერთხელ დაიბარეს, თუმცა, საჯაროდ გავრცელებული ბრალდებების მიუხედავად, მას სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაკისრებია.
აღსანიშნავია, რომ საქმეს, რომელიც ეხება გიგა ბოკერიას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობის პერიოდში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს, საიდუმლო გრიფი აქვს მინიჭებული.
ბრალდებები ამბოხზე „გავრილოვის ღამესთან“ დაკავშირებით
უახლოესი წარსულიდან საყურადღებო იყო მმართველი გუნდის ბრალდებები ოპონენტების წინააღმდეგ „გავრილოვის ღამესთან“ დაკავშირებით. ხელისუფლების მაღალჩინოსნები ამ დრომდე ახსენებენ ამბოხს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და სხვა მძიმე ბრალდებებს 20-21 ივნისის მოვლენებზე საუბრისას. მიუხედავად ამისა, ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისა და ხელში ჩაგდების (სსკ-ის 315-ე მუხლის მე-3 ნაწილით) ბრალდებით ამ დრომდე არავინ მიცემულა პასუხისგებაში.
ირაკლი კობახიძე „ხელისუფლების აყირავების“ გეგმაზე
„ხელისუფლების აყირავების“ კიდევ ერთ მცდელობაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ მიმდინარე 4 ივნისს, „რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. მისი მტკიცებით, ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების წინ ოპოზიციურ პარტიას ალტერნატიული მთავრობის შექმნა ჰქონდა დაგეგმილი და მათ ეს ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ მოქმედ პრემიერს, გიორგი გახარიას, არ გაუმხილეს, რადგან მასზე ეჭვები გაუჩნდათ.
მიუხედავად იმისა, რომ კობახიძის მიერ აღწერილი გადატრიალების გეგმა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, გავრცელებულ ფაქტებზე გამოძიება არ დაწყებულა.
გამომდინარე იქიდან, რომ ირაკლი კობახიძე ყოველგვარი დამაჯერებელი საფუძვლის გარეშე, საჯაროდ ავრცელებს ბრალდებებს, რაზეც გამოძიებაც არაა დაწყებული; ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ მმართველ გუნდს აქამდე არაერთხელ მიუმართავს ოპონენტების წინააღმდეგ დეზინფორმაციისა და კონსპირაციის გამოყენებით დისკრედიტაციისთვის, განსაკუთრებით, არჩევნების წინ, „ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული განცხადების გადამოწმება გადაწყვიტა. ჩვენი მეთოდოლოგიიდან პოლიტიკოსების განცხადებების შეფასებისთვის განკუთვნილი ვერდიქტები, ირაკლი კობახიძის განცხადებას არ მიესადაგება, ვინაიდან ეს განცხადება წარმოადგენს კონსპირაციულ თეორიას და დეზინფორმაციის კლასიკური მაგალითია. შესაბამისად, ირაკლი კობახიძის მოცემული განცხადება, „ფაქტ-მეტრის“ მიერ, შეფასდა როგორც ყალბი ამბავი.
-------------------
გამოუძიებელ საქმეებზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები არქივიდან:
• გამოუძიებელი საქმეების ქრონიკა - https://bit.ly/39gWbRf
• გამოუძიებელი საქმეების ქრონიკა (ნაწილი 2) - https://bit.ly/3u1ritC