13 სექტემბერს Facebook-მომხმარებელმა ბექა ვარდოსანიძემ პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც პირბადეების ეფექტურობას ეხებოდა. პოსტის თანახმად, ქირურგიული სახის ნიღბები მხოლოდ 10%-ით ეფექტურია კორონავირუსის პრევენციაში. „ვატერლოოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ქსოვილის ნიღბების უმეტესობა მხოლოდ 10%-ით არის ეფექტური“. პოსტს თანდართული აქვს ფოტომასალა, სადაც ერთმანეთთან არის დაპირისპირებული ზემოთაღნიშნული კვლევის შედეგები და ამირან გამყრელიძის განცხადება, სადაც იგი ამბობს, რომ პირბადე გვიცავს. მასალა ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს პირბადეები პანდემიის მართვის დროს არაეფექტური იარაღია.

2021 წლის 21 ივლისს აშშ-ის მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე კვლევა გამოქვეყნდა. კვლევა მიზნად ისახავდა, დაედგინა და შეეფასებინა დახურულ სივრცეში კორონავირუსის გადაცემის შემცირებაში სხვადასხვა ტიპის ნიღბისა და ვენტილაციის როლი და ეფექტურობა. მკვლევრებმა დიდი ფართობის მქონე ოთახში მანეკენის გამოყენებით სიმულაციური ექსპერიმენტი ჩაატარეს. კვლევის დროს მანეკენს 5 სხვადასხვა ტიპის ნიღაბი მოარგეს. კვლევამ აჩვენა, რომ ექსპერიმენტში გამოყენებული ყველა ტიპის ნიღაბი იცავს მომხმარებელს დაინფიცირებისგან. ამასთან ერთად, კორონავირუსის პანდემიის დროს ფართო მოხმარებისთვის განკუთვნილ არც ერთი ტიპის სახის ნიღაბს არ აქვს ფილტრაციის იდეალური მაჩვენებელი. ეს იმიტომ, რომ ნიღბები საკმარისად მჭიდროდ არ ეკვრის სახეს. პირბადეებსა და სახეს (ყბის, ცხვირის და ლოყის მიდამოები) შორის რჩება სივრცე, საიდანაც ხდება მცირე ზომის ნაწილაკების გაჟონვა. თუმცა გაჟონვის მაჩვენებელი და შესაბამისად, პირბადის ეფექტურობა ნიღბის ტიპის მიხედვით განსხვავდება. კვლევის თანახმად, ყველაზე მაღალი ეფექტურობა აქვს R95 და KN95 სახის ნიღბებს, შესაბამისად, 60% და 46% (აღნიშნული ტიპის ნიღბების ეფექტურობა გაჟონვის არ არსებობის პირობებში არის 95% და 96%). ფართოდ გამოყენებადი ნაჭრის პირბადეების ეფექტურობა 10%-ა, ხოლო ქირურგიულ სახის ნიღბების - 12%.

მოცემული კვლევის ხელმძღვანელმა და მექანიკური ინჟინერიის პროფესორმა, სერხი იარუსევიჩმა განაცხადა: „ეჭვგარეშეა, რომ ნებისმიერი ტიპის სახის ნიღაბი, რომელიც კარგად ფარავს სახეს, ოთახში როგორც ახლო, ისე შორმანძილზე ვირუსული ნაწილაკების გავრცელების შესამცირებლად სასარგებლო და ეფექტურია. თუმცა, სერიოზული განსხვავება არსებობს სხვადასხვა ტიპის პირბადეების ეფექტურობას შორის. იარუსევიჩმა განაცხადა, რომ „ქირურგიულ ნიღბებთან შედარებით N95 და KN95 სახის ნიღბები უფრო მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა. ამიტომ უკეთესი იქნება, რომ დახურულ სივრცეში, როგორიცაა სკოლები, სამუშაო ადგილები მოქალაქეებმა სწორედ მეორე ტიპის ნიღბები ატარონ“.

გარდა ამისა, კვლევაში ოთახის ვენტილაციის მნიშვნელობაზეც გამახვილდა ყურადღება. კვლევამ აჩვენა, რომ დახურულ სივრცეში შესაბამისი ვენტილაცია საგრძნობლად ამცირებს ვირუსის გადადების ალბათობას. აქედან გამომდინარე, კვლევის ხელმძღვანელმა, იარუსევიჩმა დაასკვნა, რომ დახურულ სივრცეში ვირუსული ნაწილაკების რაოდენობის მაქსიმალურად შესამცირებლად იდეალური ვარიანტია მაღალი ხარისხის სახის ნიღბების ტარება და სივრცის სათანადო ვენტილაცია.

სტატიას თან ერთვის ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, თუ რა რაოდენობის ვირუსული ნაწილაკები გამოიფრქვევა 1. მაშინ, როდესაც ადამიანი საერთოდ არ ატარებს სახის ნიღაბს, 2. როდესაც ატარებს KN95 სახის ნიღაბს და 3. როდესაც ატარებს ქირურგიულ ნიღაბს.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) ინფორმაციით, ქირურგიული ნიღბის საშუალებით დიდი ზომის ნაწილაკების გარემოში მოხვედრის თავიდან არიდება შესაძლებელია. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ნიღაბი მჭიდროდ არ ეკვრის სახეს, ის ვერ ფილტრავს ან ბლოკავს ძალიან მცირე ზომის ნაწილაკებს, მიკრობებს, რომლებიც შეიძლება გამოიფრქვეს ხველების, ცემინების დროს. CDC COVID-19-ის გავრცელების შეფერხებისთვის, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების მასობრივ გამოყენებას უწევს რეკომენდაციას.

2021 წლის 13 სექტემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ თუ ქვეყანა პირბადის ტარების მაჩვენებლით 90-95%-ზე ავა, დეკემბრამდე 200-250 ადამიანის სიცოცხლე გადარჩება. „ხომ დავრწმუნდით, რომ საკმაოდ ვერაგი ვირუსია, ხომ დავრწმუნდით, რომ ეს პირბადე ერთ-ერთი ყველაზე დამცველი საშუალებაა, მოდით გავითავისოთ! ყველაზე მარტივი აღსასრულებელი საკითხია, რასაც ჰქვია პირბადის ტარება, ამდენს რომ ვამბობთ - იცავს, ბატონო, იცავს, ამიტომ ვატაროთ ყველამ ეს პირბადე“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამრიგად, კვლევამ აჩვენა, რომ სახის ნებისმიერი ტიპის ნიღაბი ვირუსული ნაწილაკების გავრცელებას ამცირებს, თუმცა შემცირების ხარისხი დამოკიდებულია ნიღბის ტიპზე. საქმე იმაშია, რომ დღეისათვის ფართო მოხმარებისთვის გამიზნული არცერთი ტიპის ნიღაბი იმდენად მჭიდროდ არ ეკვრის სახეს, რომ მაქსიმალური დაცულობა უზრუნველყოს. პირბადეებსა და სახეს შორის რჩება სივრცე, საიდანაც ხდება მცირე ზომის ნაწილაკების გაჟონვა. კვლევაში კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ როდესაც საქმე მცირე ზომის ვირუსული ნაწილაკების ფილტრაციას ეხება, N95 და KN95 სახის ნიღბებს დაცვის უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს, ვიდრე ქირურგიულ ნიღბებს. კვლევა არ ამბობს, რომ სახის ნიღბები არაეფექტური იარაღია პანდემიის მართვის დროს. პირიქით, კვლევის ერთ-ერთი ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ტიპის პირბადე დახურულ სივრცეში ვირუსული ნაწილაკების გავრცელების შესამცირებლად სასარგებლო და ეფექტურია.

------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.