სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება ვიდეო-მასალა, რომელშიც Facebook-მომხმარებელი აცხადებს, რომ მობილურ ტელეფონზე სხვადასხვა კოდის აკრეფის შემთხვევაში, შესაძლებელია იმის დადგენა, ისმინება, თუ - არა აბონენტის ნომერი და ამასთან, თუ რომელი ნომრიდან უსმენენ მას. Facebook-პოსტს 30 ათასზე მეტი ნახვა და ათასობით გაზიარება აქვს.
გავრცელებულ ვიდეო-მასალაში სოციალური ქსელის მომხმარებელი ამტკიცებს, რომ იმის დასადგენად, ისმინება, თუ - არა ტელეფონის ნომერი, აბონენტმა უნდა აკრიფოს კოდი: *#43#. ხოლო, იმის დასადგენად, თუ რომელი ნომრიდან ხდება მოსმენა, აბონენტმა უნდა აკრიფოს კოდი: *#62#. ამასთან, ვიდეო მასალაში გაჟღერებული კიდევ ერთი მტკიცების მიხედვით, ##2# კოდის გამოყენებით, აბონენტს შეუძლია საკუთარი ტელეფონის ნომერსა და იმ ნომერს შორის კავშირის გაწყვეტა, რომელიც მას უსმენდა. Facebook-ის აღნიშნული მომხმარებლის მტკიცებით, მან ამ ხერხით გაარკვია, რომ ტელეფონზე „უსმენდნენ“ ნომრიდან: 577 708 011. მოგვიანებით კი, ვიდეოს ავტორმა აღნიშნული ტელეფონის ნომერი „მობილურის ნომრების ბაზის“ აპლიკაციის მეშვეობით გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ ბაზაში ნომერი დამახსოვრებული იყო სახელით - „მისმენს/მოსმენა“.
„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, თუ რამდენად შეესაბამება აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს და ინფორმაციის გადამოწმების მიზნით კომპანია ჯეოსელს დაუკავშირდა. ჯეოსელის წარმომადგენლის თანახმად, *#62# კოდის მეშვეობით აბონენტებს ზარის გადამისამართების მომსახურების ჩართვა შეუძლიათ (აბონენტებს შემოსული ზარების სხვა ნომერზე გადამისამართება მაშინ შეუძლიათ, როდესაც რაიმე მიზეზით საკუთარ მობილურ ტელეფონს ვერ იყენებენ), ხოლო ნომერი, რომელიც ამ დროს ჩნდება, ე.წ. სისტემური ნომერია, რომელიც „გამოტოვებული ზარებისა“ და „ხაზზე ვარ“ სერვისების დროს სადგურზე სწორი გადამისამართებისთვის გამოიყენება. შესაბამისად, ვიდეოს ავტორის მიერ დასახელებული ნომერი 577 708 011, კომპანია ჯეოსელის ე.წ. სისტემური ნომერია, რომელსაც კომპანია საკუთარი აბონენტებისთვის სხვადასხვა სერვისის მისაწოდებლად იყენებს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ცნობები იმის შესახებ, რომ *#21# კოდის მეშვეობით შესაძლებელია იმის დადგენა, ისმინება, თუ - არა ტელეფონის ნომერი, საერთაშორისო მასშტაბით არის გავრცელებული, რაზეც ფაქტების გადამმოწმებლები ადრეც მუშაობდნენ. მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ზარის გადამისამართების მომსახურების მოსმენებთან დაკავშირება სრულიად არარელევანტურია. მომსახურების ფუნქციების გამააქტიურებელ კოდებს კი სხვადასხვა დანიშნულება აქვთ, მათ შორის, მოწყობილობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, დაფარული მენიუს ჩვენება და ა.შ.
რაც შეეხება „ნომრების ბაზის“ აპლიკაციას, აღნიშნულ ონლაინ რესურსზე წვდომა ყველა დაინტერესებულ პირს აქვს და მასში ნომრებს სახელები იმის მიხედვით აქვს მინიჭებული, როგორც ეს აპლიკაციის მომხმარებლების მოწყობილობებში ფიქსირდება.
---------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.