საქსტატმა 15 სექტემბერს საშუალო ხელფასის შესახებ განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2021 წლის II კვარტალში საშუალო ნომინალურმა ხელფასმა 1,328 ლარი [1] შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით 15.5%-ით მეტია. აღნიშნულს საქართველოს ეკონომიკის მინისტრიც გამოეხმაურა. მან ნომინალური საშუალო ხელფასის ზრდაზე „ეკონომიკური გაჯანსაღების“ კონტექსტში, როგორც ბუნებრივ მოვლენაზე ისაუბრა და აღნიშნული ხელისუფლების დამსახურებად წარმოაჩინა. თუმცა არ გახსენებია ფულის მსყიდველუნარიანობის ეფექტი, რომლის მხედველობაში მიღების გარეშე ანაზღაურების ზრდაზე მსჯელობა აბსურდულია და არც იმის თქმის შესაძლებლობას იძლევა, დასაქმებულთათვის ანაზღაურება ნამდვილად გაიზარდა, თუ - არა.

სინამდვილეში, 2021 წლის მეორე კვარტალში რეალური ხელფასი, (ფასების დონის ცვლილების გათვალისწინებით) პანდემიურ 2020 წელთან შედარებით, მხოლოდ 6.7%-ითაა გაზრდილი, 2019 წლის დონისთვის (ნაკლებია 2.4%-ით) ჯერაც არ მიუღწევია და პრაქტიკულად 2018 წლის მეორე კვარტლის ნიშნულზეა.


რატომ არის მნიშვნელოვანი ინფლაციის მხედველობაში მიღება?!

ხელფასის ან ნებისმიერი სხვა სახის შემოსავლის ცვლილებისას, მოქალაქის ინტერესია არა ის, ფიზიკურად რამდენ ლარს მიიღებს, არამედ, ამ ანაზღაურებით რის შეძენას შეძლებს. შესაბამისად, როდესაც საუბარია შემოსავლის ცვლილებაზე, არსებობს ორი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინდიკატორი, რომელიც ერთდროულად უნდა იქნას მხედველობაში მიღებული:

1. როგორ შეიცვალა პირის ნომინალური შემოსავალი?

2. როგორ შეიცვალა ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების დონე (ინფლაცია)?

ნომინალური ხელფასი გვიჩვენებს, თითოეული მოქალაქე ფულად ფორმაში რა ანაზღაურებას იღებს. თუ ნომინალური ხელფასი იზრდება, მოქალაქე უფრო მეტ ანაზღაურებას იღებს, თუმცა ეს ინფორმაცია არაფერს გვეუბნება იმაზე, მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუ - არა, რადგან ფასების დონის ცვლილების ეფექტს არ ითვალისწინებს. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, გაზრდილი ხელფასის პირობებში, უფრო მნიშვნელოვანია, მოქალაქე უფრო მეტი პროდუქციის შეძენას შეძლებს, თუ - არა და არა უშუალოდ ხელფასის გაზრდის ფაქტი.

მხოლოდ ერთი ფაქტორის, ნომინალური ხელფასის განხილვით ტენდენციის შეფასება მანიპულაციურია და მიზანშეწონილია რეალურ ხელფასზე [2] დაყრდნობით მსჯელობა, რომელიც უკვე მოიცავს ფასების დონის ცვლილებით გამოწვეულ მსყიდველუნარიანობის შემცირების გავლენას.

მაგალითად, თუ მოქალაქის თვიური ხელფასი 100 ლარია, 1 კგ. პურის ფასი კი 1 ლარი, ადამიანს შეუძლია თვის განმავლობაში 100 ერთეული პურის შეძენა. თუ ნომინალური ხელფასი გაიზარდა 150 ლარამდე (ნომინალური შემოსავლის ზრდა), მაგრამ პურიც გაძვირდა და 2 ლარი ღირს (ინფლაცია), თვის განმავლობაში მოქალაქე მხოლოდ 75 ერთეული პურის შეძენას მოახერხებს. შესაბამისად, ხელფასის ზრდის მიუხედავად, მაგალითში განხილული მოქალაქის კეთილდღეობა შემცირდა და მას გაზრდილი ხელფასის პირობებში ნაკლები პროდუქტის შეძენა შეუძლია. აღნიშნულიდან გამომდინარე, არასწორია მტკიცება, რომ მას ხელფასი გაეზარდა.


როგორ შეიცვალა სახელფასო ანაზღაურება რეალურად

მთლიანად ეკონომიკის მასშტაბით სახელფასო შემოსავლის ცვლილების ტენდენციის შეფასებისთვის, შემოსავლის ცვლილების ინდიკატორად - დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება, ფასების დონის ცვლილებისათვის კი - სამომხმარებლო ფასების ინდექსი გამოიყენება, ორივე აღნიშნულ მონაცემს საქსტატი ამუშავებს და აქვეყნებს. აღნიშნულ სიდიდეებზე დაყრდნობით გაანგარიშებულ მონაცემებს გრაფიკი 1 ასახავს.

გრაფიკი 1. დაქირავებით დასაქმებულთა საშუალოთვიური ხელფასის ცვლილება

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2021 წლის II კვარტალში ნომინალური ხელფასი 1,328 ლარს შეადგენს, რაც შესაბამისად 178 და 148 ლარით მეტია 2020 და 2019 წლების მაჩვენებელზე. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამავე პერიოდში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპიც საკმაოდ მაღალია. კერძოდ, 2019 წლის აპრილ-ივნისში (II კვარტალი) ინფლაციამ საშუალოდ 6.5%, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი საშუალოდ 8.3% შეადგინა. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2021 წლის მეორე კვარტალში საშუალოთვიური რეალური ხელფასი პრაქტიკულად 2018 წლის ნიშნულზეა და 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.4%-ით ჩამოუვარდება. რეალური ხელფასი 2021 წლის II კვარტალში ბოლო წლებიდან მხოლოდ 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით არის გაზრდილი (6.7%-ით).


რას გვეუბნება საშუალო თვიური ხელფასი?

მეთოდოლოგიის მიხედვით, 2021 წლის მეორე კვარტლის საშუალო ხელფასი - 1,328 ლარი - წარმოადგენს დარიცხულ ანაზღაურებას და საშემოსავლო გადასახადს მოიცავს. შესაბამისად, საშუალოდ ხელზე ასაღები ანაზღაურება 1,062 ლარია. თუმცა ხშირია ამ მონაცემის ინტერპრეტირებისას დაშვებული ხარვეზები. კერძოდ, დაქირავებულთა საშუალო ანაზღაურების სიდიდე მოქალაქეთა მხრიდან ხშირად აღიქმება/ინტერპრეტირდება საკუთარ ინდივიდუალურ შემოსავალთან შედარების გზით და სკეფსისის საფუძველი ხდება.

სინამდვილეში, ცალკეული პირის ინდივიდუალურ შემოსავლებთან შესაბამისობის თვალსაზრისით, ამ მონაცემზე მსჯელობა შინაარსს მოკლებულია და ის მხოლოდ ზოგადი სურათის აღმწერ მონაცემად, ქვეყანაში არსებული ზოგადი სურათისა და ტენდენციის შესაფასებლად არის გამოყენებადი, როგორც ტექნიკური მაჩვენებელი.

ის რომ საშუალო ხელფასი 1,328 (1,062) ლარია, არ ნიშნავს, რომ საქართველოში დასაქმებულთა ანაზღაურება ამ მაჩვენებლისაგან არსებითად არ განსხვავდება. რეალურად, საშუალო ხელფასი ცალკე აღებულად, დასაქმებულთა მიერ მიღებულ ანაზღაურებაზე წარმოდგენის შესაქმნელად ზოგადად ქვეყნის მასშტაბითაც არ არის იდეალური მაჩვენებელი, ვინაიდან მონაცემები საშუალო მაჩვენებლისგან არსებითად არის გადახრილი როგორც მეტობის, ასევე ნაკლებობის მიმართულებით. მოქალაქეთა ნაწილის ანაზღაურება გაცილებით მეტია, მეორე სავარაუდოდ უფრო დიდი ნაწილის კი - გაცილებით ნაკლები. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, ხელფასის მიმღებთა დიდი ნაწილი საშუალოზე გაცილებით ნაკლებ ანაზღაურებას იღებს. უფრო სრულყოფილი წარმოდგენის შესაქმნელად მიზანშეწონილი იქნებოდა, საშუალო სიდიდის სხვა შემფასებლების, მათ შორის მედიანური [3] მაჩვენებლის, ერთობლივად გაანალიზება, თუმცა მსგავსი სახით ინფორმაციის დამუშავებას საქსტატი არ ახდენს.

[1] დარიცხული ხელფასი - მოიცავს საშემოსავლო გადასახადს.

[2] ხელფასი რეალურ გამოსახულებაში, სამომხმარებლო ფასების (ინფლაციის) ცვლილების გათვალისწინებით.

[3] თუ ყველა დასაქმებულის ხელფასი დალაგდება ზრდადობით, მედიანური ხელფასი არის ის მაჩვენებელი, რომელიც რიგითობით შუაზე ყოფს ზრდადობით დალაგებულ მწკრივს. საშუალო ხელფასის შემთხვევაში კი იკრიბება ყველა ინდივიდის ხელფასი და იყოფა ხელფასის მიმღებთა ოდენობაზე. მაგ. 101 ადამიანის ხელფასს თუ დავალაგებთ ზრდადობით 51-ე მონაცემი იქნება მედიანური ხელფასი. საშუალო ხელფასი კი ნიშნავს 101 მონაცემის შეკრებას და გაყოფას 101-ზე.

როდესაც ხელფასის მიმღებთა დიდი ნაწილი იღებს მცირე ხელფასს, ხოლო მცირე ნაწილი რამდენჯერმე მაღალს საშუალოზე, როგორც წესი, მედიანური ხელფასი უფრო დაბალია, ვიდრე საშუალო.