ყალბი ვიდეომტკიცებულება ავსტრალიაში ბავშვების იძულებითი ვაქცინაციის შესახებ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ აშორებს პოლიცია მოზარდ გოგონას ზრდასრული მამაკაცისგან. ვიდეოში ასევე ჩანს, რომ პროცესში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც მონაწილეობენ, რომლებიც ემოციური სტრესის ქვეშ მყოფი ბავშვის ჯერ მამაკაცისგან იზოლირებას, შემდეგ კი დამშვიდებას ცდილობენ. პოსტის ავტორის მტკიცებით, ვიდეოში იძულებითი ვაქცინაციის პროცესია ნაჩვენები, თანაც, დასძენს, რომ ამირანმა (იგულისხმება ამირან გამყრელიძე - საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი) საქართველოშიც იგივე დააანონსა და შემოდგომიდან ბავშვებს „ფიზიკური განადგურება“ ემუქრებათ.

პოსტს Facebook-ზე 600-ზე მეტი გაზიარება აქვს.

აღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელებშიც (Facebook, Twitter) სხვა ენებზეც ვირუსულად ვრცელდებოდა. მომხმარებელთა ერთი ჯგუფი ამტკიცებდა, რომ ვიდეოში ნაჩვენები იყო იძულებითი ვაქცინაციის პროცესი, ხოლო მეორე ნაწილის მტკიცებით, მოზარდს ძალის გამოყენებით მას შემდეგ აშორებდნენ მშობელს, რაც მას (მოზარდს) კოვიდტესტზე დადებითი პასუხი გამოუვლინდა.

ვიდეო იმდენად რეზონანსული აღმოჩნდა, რომ ის ცნობილმა ადამიანებმაც გააზიარეს. მაგალითად, ვიდეო საკუთარ Twitter-ზე ცნობილმა ბრიტანელმა კრიკეტის მოთამაშემ, კევინ პიტერსენმა (რომელსაც 4 მილიონამდე გამომწერე ჰყავს Twitter-ზე) გამოაქვეყნა, რომელმაც ვიდეოს „ამაზრზენი“ უწოდა და პოსტზე ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი მონიშნა.

დასახელებულ ვიდეოს ავსტრალიის პოლიციის დეპარტამენტი მალევე გამოეხმაურა, რომელმაც განმარტა, რომ გავრცელებული მოსაზრებები აღნიშნულ ვიდეოში ასახულ პროცესებთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება. ავსტრალიის პოლიციის განცხადებით, ვიდეოს საერთო არაფერი აქვს კოვიდთან, მათ შორის, არც ვაქცინაციასა და ტესტირებასთან. ასევე აღნიშნეს, რომ ვიდეოში მონაწილე პირების პირადი ინფორმაციის უსაფრთხოების დაცულობის უზრუნველყოფის მიზნით, ისინი აღნიშნული საქმის დეტალებს ვერ გაასაჯაროებენ, თუმცა ცალსახად უარყოფენ მტკიცებას, რომ ვიდეოში ასახული მოვლენები კოვიდთან ან მის საწინააღმდეგო ვაქცინასთან არის დაკავშირებული.

შესაბამისად, ვიდეოს აღწერაში გავრცელებული მტკიცებები იმის თაობაზე, რომ ავსტრალიაში ბავშვებს იძულებით ცრიან და მალე საქართველოშიც იგივე გველოდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

---------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.