შალვა გოგიტიძე: მე მაგას არ ვეთანხმები, რომ ეს [ასლან აბაშიძის მმართველობა] დანაშაულებრივი რეჟიმი იყო.
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, შალვა გოგიტიძის განცხადება არის ტყუილი.
რეზიუმე: ასლან აბაშიძე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 1991-2004 წლებში მართავდა. როცა მან ქვეყანა დატოვა, ბრალი რამდენიმე დანაშაულში ედებოდა, მათ შორის: 1991 წლის აპრილში უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ნოდარ იმნაძის მკვლელობა, აუცილებელი მოგერიების გადაცილებით; უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა და ხელმძღვანელობა; სასამართლო გადაწყვეტილებების განზრახ შეუსრულებლობა. საუბარია თენგიზ ასანიძის საქმეზე, რომელიც აბაშიძემ 1993 წელს დააკავა, ხოლო 1999 წელს ედუარდ შევარდნაძემ შეიწყალა. აჭარის პირველმა პირმა პატიმარი არც შევარდნაძის შეწყალების და არც ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ არ გაათავისუფლა. ასანიძე, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, 2004 წელს გათავისუფლდა და სახელმწიფოსგან ფულადი კომპენსაცია მიიღო.
ამის გარდა, ასლან აბაშიძის ხელმძღვანელობით სასტიკად დაარბიეს 2004 წლის მაისში ოპოზიციის მიერ გამართული საპროტესტო აქცია, ააფეთქეს ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდები. ამასთანავე, როგორც ოპოზიციის ლიდერები ვარაუდობდნენ, აბაშიძესთან დაპირისპირების გამო, პოლიტიკურ ნიადაგზე, მოკლეს აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის უფროსი თემურ ინაიშვილი.
2004 წლის მაისშივე, საყოველთაო პროტესტის ფონზე, ასლან აბაშიძემ ქვეყანა დატოვა და თავი რუსეთის ფედერაციას შეაფარა. მისი საქმის განხილვა 2016 წელს დასრულდა და ბათუმის საქალაქო სასამართლომ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ანალიზი: შუახევის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა შალვა გოგიტიძემ, რომელიც პარტიამ „საქართველოსთვის“ წარადგინა, „გაზეთ ბათუმელებთან“ განაცხადა: „მე მაგას არ ვეთანხმები, რომ ეს [ასლან აბაშიძის მმართველობა] დანაშაულებრივი რეჟიმი იყო“.
„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა და გადაწყვიტა, მკითხველს ასლან აბაშიძის მმართველობის პერიოდი და მის სახელთან დაკავშირებული რამდენიმე საქმე გაახსენოს.
ასლან აბაშიძე აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოს მოვალეობის შემსრულებლად 1991 წელს, ზვიად გამსახურდიას მხარდაჭერით, დაინიშნა. ამ დროს ის, საარჩევნო ბლოკ „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოდან“ საბჭოს წევრი იყო და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტზე ხელიც კი ჰქონდა მოწერილი.
პირველი და მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც ასლან აბაშიძის დანაშაულებრივ რეჟიმს უკავშირდება, არის 1991 წლის აპრილში მაშინდელი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ნოდარ იმნაძის მკვლელობა. ქუთაისისკენ მიმავალ იმნაძეს მანქანის ტელეფონით დაუკავშირდნენ და უზენაეს საბჭოში მისვლა სთხოვეს. შენობაში შესული კი მოკლეს. იმნაძეს ზურგიდან ექვსი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.
აჭარის პირველი პირის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, მაგრამ გაჭიანურდა. ედუარდ შევარდნაძე აცხადებდა, რომ ასლან აბაშიძეს ამისთვის ომს ვერ გამოუცხადებდა. მკვლელობიდან მრავალი წლის შემდეგ, 2016 წელს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის ა/რ ყოფილ მეთაურს თხუთმეტი წელი მიუსაჯა. აქედან ორი წელი და შვიდი თვე - იმნაძის საქმესთან დაკავშირებით.
2004 წელს აბაშიძის წინააღმდეგ საქმე კიდევ რამდენიმე ბრალდებით იყო აღძრული. მას ასევე ბრალს დებდა თენგიზ ასანიძე, რომელიც მოგვიანებით ევროპის სასამართლომ პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნია.
ბათუმის ყოფილი მერი თენგიზ ასანიძე, თამბაქოს საწარმოში ფინანსური მაქინაციების ბრალდებით, ასლან აბაშიძემ 1993 წელს დააკავა. მას თავისუფლება რვა წლით აღუკვეთეს. 1999 წელს ედუარდ შევარდნაძემ შეიწყალა, თუმცა აბაშიძემ პატიმარი მაინც არ გაათავისუფლა. თენგიზ ასანიძემ ევროპის სასამართლოს მიმართა. 2004 წელს სტრასბურგის ადამიანთა უფლებების სასამართლომ ის პოლიტპატიმრად ცნო და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა. ასანიძე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით გათავისუფლდა და მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, ფულადი კომპენსაცია მიიღო.
კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც მიუთითებს, რომ ასლან აბაშიძე ავტონომიური რესპუბლიკის დანარჩენი საქართველოდან იზოლირებას ცდილობდა და ფაქტობრივად, სახელმწიფოს სამართლებრივ საფუძვლებს არ ცნობდა, იყო ჩოლოქის ხიდზე ბლოკპოსტის განთავსება. საქართველოს მოქალაქეებს, პირადობის დამადასტურებელი საბუთის გარეშე, აჭარის ტერიტორიაზე შესვლა არ შეეძლოთ. აბაშიძე და მისი ხელისუფლება ამას ავტონომიურ რესპუბლიკაში სიმშვიდისა და წესრიგის შენარჩუნების მოტივით ხსნიდა.
2003 წლის 24 ნოემბერს ასლან აბაშიძემ აჭარაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამას წინ უძღოდა 2 ნოემბრის არჩევნები, რომლის შემდეგაც, აჭარის კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა და აბაშიძეს უმაღლესი პოლიტიკოსისა და სამხედრო პირის თანამდებობა მიენიჭა. თანდათან დაიძაბა ცენტრალურ ხელისუფლებასთან ურთიერთობა, რასაც აჭარის მეთაურის მხარდამჭერი მიტინგები მოჰყვა. ასლან აბაშიძემ 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. დეკემბრის დასაწყისში კი რუსეთმა აჭარასთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი დააწესა.
2004 წელს ასლან აბაშიძის წინააღმდეგ ოპოზიციამ მოძრაობა „ჩვენი აჭარა“ დააარსა. საპროტესტო მუხტი ძლიერდებოდა. ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებმა იმატა. 18 იანვარს აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის უფროსი თემურ ინაიშვილი პირდაპირ ქალაქის ცენტრში მოკლეს. როგორც ოპოზიციის ლიდერები და მოგვიანებით, მოკლულის ოჯახის წევრები აცხადებდნენ, მკვლელობა პოლიტიკური მოტივით იყო ჩადენილი.
იმავე წლის 14 მარტს აჭარაში მიხეილ სააკაშვილი გაემგზავრა, თუმცა მას ადმინისტრაციულ საზღვარზე შეიარაღებული ჯგუფი დახვდა და პრეზიდენტი აიძულა, უკან გაბრუნებულიყო. ამ დროს ბათუმში აქციები მიმდინარეობდა. ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ლექტორების ნაწილი შიმშილობდა. დაუდგენელი პირები უნივერსიტეტში შეცვივდნენ და მოშიმშილეები დაარბიეს. ამის შემდეგ მოვლენები სწრაფად ვითარდებოდა. ასლან აბაშიძესა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის არსებული დაპირისპირება იმდენად გაღრმავდა, რომ სააკაშვილმა მას და მის მომხრეებს „კრიმინალების ერთი ჯგუფი“ უწოდა, ხოლო აბაშიძემ შეიარაღებული ძალების მობილიზება დაიწყო. მისი ბრძანებით, 2 მაისს ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდები ააფეთქეს. როგორც აბაშიძე განმარტავდა, ხიდების აფეთქების გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები აჭარაში არ შეჭრილიყვნენ.
სააკაშვილმა აბაშიძეს განიარაღება მოსთხოვა. აჭარის „განდგომილი“ მეთაური დათანხმდა. თუმცა გადადგომამდე, 4 მაისს, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ბათუმში გამართული მშვიდობიანი აქცია სასტიკად დაარბია. ამას ოპოზიციამ და მოსახლეობამ კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი პროტესტით უპასუხა და ასლან აბაშიძის გადადგომა მოითხოვა.
5 მაისს ასლან აბაშიძემ, რუსეთის ფედერაციის მთავრობის წარმომადგენლის, იგორ ივანოვის თანხლებით, ქვეყანა დატოვა. მან თავი რუსეთს შეაფარა.
შენიშვნა: რატომ იყო ასლან აბაშიძის რეჟიმი სეპარატისტული და ძალადობრივი, ეს ვრცელი თემაა და ჩვენი სტატიის ფარგლებში მას სრულად ვერ განვიხილავდით. განცხადების გადამოწმებისას ჩვენ უბრალოდ შეგახსენეთ ის რამდენიმე ფაქტი, რომლებიც აჩვენებს, რომ პარტია „საქართველოდან“ შუახევის მერობის კანდიდატის განცხადება ტყუილია, რადგან ასლან აბაშიძეს არაერთ დანაშაულში ედება ბრალი, მათ ნაწილზე კი განაჩენიც დამდგარია.