წაიკითხეთ, რატომ მიიჩნევს „ფაქტ-მეტრი“, რომ არჩილ ჩიქოვანმა ერთ განცხადებაში აღიარა ის, რასაც აქამდე ხელისუფლება ბათუმის განვითარებად მიიჩნევდა და ამით თავს იწონებდა?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემის მიზნით, აღნიშნული განცხადება დეტალურად განვიხილეთ.

არჩილ ჩიქოვანის განცხადება: „[ამბასადორი ბათუმი] მსგავსი ტიპის ურბანული ქაოსი რომ არ მოხდეს, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებების მიღება რომ არ მოხდეს, რომ არ იყოს გადაწყვეტილებები სუბიექტური, სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ათეული წლების პრობლემა, რომელიც იყო დაგროვებული და დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც ჩვენი ქალაქი დააყენა ამ ქაოტურმა განაშენიანებამ, ერთადერთი გამოსავალი და ნათელი წერტილი, ეს არის, ბუნებრივია, განაშენიანების გენერალური გეგმა, ჩარჩო დოკუმენტი, კონსტიტუცია, რომელიც ჩვენთვის, ჩვენი შვილებისათვის, ჩვენი მომავალი თაობებისათვის და ბათუმის მომავლისათვის იქნება განმსაზღვრელი დოკუმენტი, რომელზეც უკვე დასრულებულია პროცედურები და ხელმოწერილია ხელშეკრულება“.

ერთ წელზე მეტია, რაც არჩილ ჩიქოვანი ბათუმის მერის მოვალეობას ასრულებდა. ახლა ის ბათუმის მერობის კანდიდატია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“. ქალაქში მიმდინარე და დასრულებულ მშენებლობებზე გაცემული ნებართვების სამართლებრივი საფუძვლების შესახებ რომ კითხვები და პროტესტი არსებობდა, მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ეთერში სტუმრობისას მან რეალობა ისე წარმოაჩინა, თითქოს დღემდე არ არსებობს რაიმე დოკუმენტი, რომელიც ქალაქს ქაოსური განაშენიანებისგან დაიცავდა. ქალაქი რომ ქაოსურად და უსისტემოდ ვითარდება, ეს კი იმავე განცხადებაში სამჯერ აღიარა.

კერძოდ, არჩილ ჩიქოვანმა თქვა:

1.„[ამბასადორის] მსგავსი ტიპის ურბანული ქაოსი“ - ამ შეფასებით არჩილ ჩიქოვანმა აღიარა, რომ ბათუმის ბულვარში მშენებარე ცხრამეტსართულიანი (აქედან - სამი მიწისქვეშა სართული) შენობა, რომლის წინააღმდეგაც არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, საზოგადოება „ბათომის“, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, აქტივისტებისა და საქმეში ჩახედული ადამიანების მიერ არაერთი განცხადება თუ წერილი მომზადდა, ურბანული ქაოსის ნაწილია.

ამის შესახებ ჩვენ პროტესტისა და თვითმმართველი ორგანოს გადაწყვეტილებების კვალდაკვალ ვწერდით. ბათუმის ბულვარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და მას მსგავსი ტიპის ჩარევებისგან კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ იცავს. მიუხედავად ამისა, კომპანია „ამბასადორი ბათუმი“ პირდაპირ ბულვარის ტერიტორიაზე მშენებლობას განაგრძობს. მართალია, საკრებულოს თავმჯდომარემ თქვა, რომ ის ტერიტორია, რომელზეც კომპანია მშენებლობას ახორციელებს, ბათუმის ბულვარს არ ეკუთვნის, მაგრამ „ფაქტ-მეტრმა“, არგუმენტირებულ წყაროებზე დაყრდნობით, დაადგინა, რომ სულიკო თებიძემ იცრუა. იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია 1, სტატია 2 და სტატია 3.

„რომ არ იყოს გადაწყვეტილებები სუბიექტური“ - ესეც მეორე აღიარება, რომ მშენებლობის ნებართვების გაცემა სუბიექტურად წყდებოდა. ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიმღები მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებს ფართო განხილვის საგნად არ აქცევდა და პროფესიონალების კრიტიკულ მოსაზრებას არ ითვალისწინებდა.

პრინციპში, ამ სუბიექტური და კორუფციის ნიშნების შემცველი გადაწყვეტილებების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები იყო სწორედ იმ დამოკიდებულების მიზეზი, რომელიც ადგილობრივი თუ ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მხრიდან არაერთხელ მოვისმინეთ. თანამდებობის პირების შეფასებების ადრესატები კრიტიკულად განწყობილი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ, რომლებიც თავიანთი კითხვებითა და საჯაროდ გაჟღერებული პოზიციით ბათუმის „ურბანულ ქაოსზე“ პასუხისმგებელ პირებს დისკომფორტს უქმნიდნენ.

მაგალითად: თანამდებობიდან გადამდგარმა ყოფილმა მერმა ლაშა კომახიძემ, სანამ ის ქალაქის პირველი პირი იყო, ტელეეთერიდან გვითხრა, რომ ყველას, ვისაც ბათუმის სანაპირო ზოლის ჩაბეტონება არ მოგვწონს, ცათამბჯენების კომპლექსი გვაქვს. შემდგომში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ცნობილი ანდაზით: „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ გვამცნო, რომ ხელისუფლება საპირისპირო აზრის გათვალისწინებას არ აპირებდა და ქაოსურ მშენებლობებს გააგრძელებდა. თუმცა მაშინ ამ პროცესს ქაოსურს არ უწოდებდნენ.

გავიხსენოთ „ქართული ოცნების“ ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბათუმში სტუმრობაც. 2020 წლის საპარლამენტო და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენისას გახარიამ თქვა: „ბათუმის განვითარება ყველანაირი ჩვენ არ გვინდა და იმას, რაც ძველი ბათუმიდან დარჩენილია, უნდა გავუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ... მორჩა ფულის კეთების დრო, უკვე აუცილებელია, რომ ვიფიქროთ ბათუმის იერსახეზე და რაც დაგვრჩა, ის მაინც შევინარჩუნოთ“.

დავუშვათ, რომ „ფულის კეთების დროში“ გახარიამ ბიუჯეტის შევსების პრიორიტეტულობა იგულისხმა და არა - კორუფცია. თუმცა ქალაქის არსებული განაშენიანება ვერ გვარწმუნებს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემისას ბათუმისა და ბათუმელების ინტერესები გათვალისწინებული ყოფილიყო. ბიუჯეტი კი სწორედ ქალაქისა და მისი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას უნდა ემსახურებოდეს. იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

„ათეული წლების პრობლემა, რომელიც იყო დაგროვებული და დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც ჩვენი ქალაქი დააყენა ამ ქაოტურმა განაშენიანებამ,“ - ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი (ყოფილი) ამბობს, რომ ეს პრობლემა ათეულობით წელია, ქალაქს აქვს, გროვდება და ურბანულ ქაოსს იწვევს. ბათუმში მიმდინარე და დასრულებულ მშენებლობებთან დაკავშირებულ გარემოებებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც მიუთითებს. ანგარიშში, რომელიც 2016-2018 წლებს მოიცავს, საუბარია უნებართვო მშენებლობებზე, უკვე აშენებულ ობიექტებზე გაცემულ ნებართვებზე, კონტროლის სისტემის გაუმართაობაზე, შესაბამისი პირების მიერ, მუნიციპალიტეტის ინტერესების საზიანოდ, არამართლზომიერი ქმედების რისკებსა და სხვა ფაქტებზე. იხ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

და განცხადების ბოლო ნაწილი, რომელიც პრობლემის მიზეზად ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის არარსებობას მიიჩნევს და სიტუაციას ისე წარმოაჩენს, თითქოს ბათუმს სხვა არც ერთი დოკუმენტი არ აქვს, რომლებიც მშენებლობების რეგულაციებში მოქცევის საშუალებას იძლევა: „ერთადერთი გამოსავალი და ნათელი წერტილი, ეს არის, ბუნებრივია, განაშენიანების გენერალური გეგმა, ჩარჩო დოკუმენტი, კონსტიტუცია, რომელიც ჩვენთვის, ჩვენი შვილებისათვის, ჩვენი მომავალი თაობებისათვის და ბათუმის მომავლისათვის იქნება განმსაზღვრელი დოკუმენტი, რომელზეც უკვე დასრულებულია პროცედურები და ხელმოწერილია ხელშეკრულება“.

ბათუმელების დიდი ნაწილისთვის რომ ქაოსური ურბანული განაშენიანება პრობლემაა, ეს კარგად იცოდნენ ყველა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე მერობის კანდიდატებმა. სწორედ ამიტომ, ამომრჩეველთან შეხვედრებსა თუ ტელეეთერებიდან, ისინი სწორედ განაშენიანების გენერალური გეგმის მომზადების პირობას დებდნენ. თუმცა ასეთი დოკუმენტი ჯერაც არ გვაქვს. ნაწილი თვლის, რომ ხელისუფლება ამ დოკუმენტის შექმნასა და დამტკიცებას მიზანმიმართულად აჭიანურებს, რათა კანონსაწინააღმდეგო, კორუფციული გზებით პირადი მოგება ნახოს და მეტი ნებართვის გაცემა მოასწროს.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტის პროექტზე საკონსულტაციო ცენტრმა „გეოგრაფიკმა“ 2007-2008 წლებში იმუშავა. მან აეროგადაღება ჩაატარა, უახლესი აეროგადაღების მასალები, საველე ტოპო-გეოდეზიური და საკადასტრო მონაცემები გამოიყენა და სრულყოფილი განახლებადი გეომონაცემების ბაზები შექმნა. ეს ბაზები ქალაქის სოციალური და კულტურული ინფრასტრუქტურის ობიექტების, მათი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას აერთიანებს. ასევე მოიცავს სატრანსპორტო და საინჟინრო ქსელების სქემებს, გარემოს დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებს, ახალი მშენებლობებისა და რეკონსტრუქციის ზონებსა და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას.

„გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებულ „პერსპექტიული განვითარების ხედვაში“ აღნიშნულია, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალების ფარგლებში, ოთხი ერთმანეთთან დაკავშირებული დოკუმენტი დამუშავდა: ტექსტური ნაწილი, ზონირების ნაწილი, საინჟინრო ნაწილი და თემატური ნაწილი.

სწორედ ზონირების ნაწილი მოიცავს ტერიტორიის ზოგად ფუნქციურ ზონებად დაყოფას ანუ ტერიტორიას მიწათსარგებლობის ტიპის მიხედვით დაყოფს და განაშენიანების ძირითად ასპექტებს განსაზღვრავს. ამავე ნაწილში მოცემულია ზონირების რუკის დეტალიზაცია, ასახულია ქალაქის განვითარების არსებული ვითარება და უახლესი განვითარების პერსპექტივა. ზონირების ნაწილი უნდა გამხდარიყო სივრცით-ტერიტორიული განვითარების ასპექტების მქონე გადაწყვეტილებების მიღებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის საფუძველი. 2017 წელს საკრებულომ „ბათუმის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების თაობაზე“ დადგენილება გამოსცა. მასში ფუნქციური ზონები და კონკრეტული ფუნქციური ზონების კოეფიციენტებია გაწერილი.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ფუნქციურ ზონას თავისი დადგენილი კოეფიციენტი აქვს, კომპანიები, უკვე მშენებარე ობიექტისთვის, არაერთხელ მიმართავდნენ ნებართვის გამცემ ორგანოს და K2-ის (ინტენსიური განაშენიანების კოეფიციენტი, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების სართულების ჯამური ფართობის შეფარდება მიწის ნაკვეთის ფართობთან) გაზრდას ითხოვდნენ. ამ ნებართვას გარკვეული პერიოდი, ბათუმის მერია აჭარის ა/რ მთავრობის შუამდგომლობის საფუძველზე გასცემდა. მას შემდეგ, რაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებაში კორუფციის ეჭვი გაჩნდა, მთავრობამ ეს პასუხისმგებლობა მოიხსნა და მთლიანად მერიას გადააბარა.

მოქმედი ხელისუფლება ყოველი საპროტესტო აქციის პასუხად იმეორებდა, რომ სანაპირო ზოლის გასწვრივ მრავალსართულიანი შენობების ჩადგმა წინა ხელისუფლებამ დაიწყო. თუმცა თითქმის ათი წელი არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ეს პროცესი შეეჩერებინა და განაშენიანების გენერალური გეგმა დაედო.

განაშენიანების გენერალური გეგმის მომზადებაზე შესყიდვა 2019 და 2020 წლებში გამოცხადდა, აქედან პირველი არ შედგა, ხოლო მეორე შეწყდა.

ბოლოს 2021 წლის აპრილში, ქალაქ ბათუმის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის შემუშავების მიზნით, კიდევ ერთი ტენდერი გამოცხადდა, რომელშიც ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ გაიმარჯვა. მასთან მერიამ 2 495 700-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა. მიმწოდებელმა დოკუმენტზე მუშაობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 370 დღეში უნდა დაასრულოს. დასრულებულმა პროექტმა, დამტკიცებამდე, შესაბამისი პროცედურები უნდა გაიაროს. ამას გარკვეული დრო სჭირდება. და სანამ ბათუმს განაშენიანების გენერალური გეგმა ექნება, რომელიც მას ურბანული ქაოსისგან დაიცავს, მანამდე ქალაქში კულტურული მემკვიდრეობის კიდევ ერთი ძეგლი დაანგრიეს. როგორც „ბათუმელები“ იუწყება, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შენობის რეაბილიტაციის ნებართვა ჰქონდა გაცემული, ხოლო შენობა დაინგრა. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ტერმინს „რეაბილიტაციის ნებართვა“ ქართული კანონმდებლობა საერთოდ არ იცნობს და გაუგებარია, რისი ნებართვა გასცეს სააგენტოში.