„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ა/რ უმაღლეს საბჭოში ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბათუმის განაშენიანების პროცესსაც შეეხო. „ბათუმის განვითარება ყველანაირი ჩვენ არ გვინდა და იმას, რაც ძველი ბათუმიდან დარჩენილია, უნდა გავუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ... მორჩა მარტო ფულის კეთების დრო, უკვე აუცილებელია, რომ ვიფიქროთ ბათუმის იერ-სახეზე და რაც დაგვრჩა, ის მაინც შევინარჩუნოთ.“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ბათუმს აუცილებლად უნდა ჰქონდეს განაშენიანების გენერალური გეგმა“ და „ბათუმის განაშენიანების გეგმას ჩემი მერობის დროს აუცილებლად დავდებ“ - ამ დაპირებას ყოველი არჩევნების წინ ისმენენ ბათუმელები. მათ ნაწილს აღარც სჯერა, რომ ქალაქის ქაოსური განაშენიანება როდესმე დასრულდება, მაგრამ აქტივისტები ბრძოლას არ წყვეტენ და ბათუმის „ჩაბეტონების“ (როგორც თვითონ უწოდებენ) მსურველებს დისკომფორტს აშკარად უქმნიან.

წინასაარჩევნო დაპირებების მომგებიანი მესიჯი - ბათუმს ურბანული განაშენიანების გეგმა სჭირდება

ბათუმს რომ განაშენიანების გენერალური გეგმა სჭირდება, ამის შესახებ არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები საუბრობენ, არამედ ყოფილი და არსებული ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

მაგალითად, ბათუმისთვის განაშენიანების გენერალური გეგმის მომზადების აუცილებლობაზე ისაუბრა ფაქტ-მეტრთან 2017 წელს ლაშა კომახიძემ, რომელიც მაშინ ბათუმის მერობის კანდიდატი იყო. კომახიძე ამ საკითხს მერობის დროსაც დაუბრუნდა, თუმცა თანამდებობიდან ისე გადადგა, რომ დაპირება არ შეასრულა.

მანამდე, 2014 წელს, ბათუმის განაშენიანების გეგმის მომზადება თავის დაპირებებში შეიტანა კიდევ ერთმა კანდიდატმა გიორგი ერმაკოვმა, რომელიც მერის თანამდებობაზე კენჭს იყრიდა და მერე, როცა მერი გახდა, დაპირების შესრულება დაავიწყდა.

სხვათა შორის, ჩვენთან ინტერვიუს დროს, ქალაქის სწორ ურბანულ განვითარებასა და ძველი უბნების იერ-სახის შენარჩუნებაზე ამახვილებდა ყურადღებას ბათუმის მერობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ანთაძე.

გამოდის, რომ წინა და ახალმა ხელისუფლებებმა ყოველთვის კარგად იცოდნენ ბათუმელების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნის შესახებ, რომელიც ქალაქის გეგმაზომიერ და სწორ განვითარებას გულისხმობს. ამიტომ ამომრჩეველს იმ მესიჯებს უგზავნიდნენ, რომლებიც მისი კეთილგანწყობის მოპოვებაში დაეხმარებოდა.

რატომ ვერ მომზადდა ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმა და ვინ აკეთებს ფულს ქაოსურ მშენებლობებზე?

არაერთი კანდიდატის არაერთგზის დაპირების მიუხედავად, ბათუმს განაშენიანების გენერალური გეგმა დღემდე არ აქვს.

ამის მიზეზად სხვადასხვა არგუმენტი სახელდება. ყველაზე ხშირად - ფულის გაკეთების სურვილი. საზოგადოების ნაწილი, არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია ხშირად ხმამაღლა საუბრობს, რომ ბათუმის დამახინჯებაში ბრალი ხელისუფლებას მიუძღვის, რომელიც ქალაქის ურბანული განვითარების გეგმას, უკვე მრავალი წელია, სპეციალურად არ ამტკიცებს. კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება მიიჩნევს, რომ ხელისუფლება და მშენებლობის ნებართვის მაძიებელი კომპანია კორუფციულ გარიგებაში შედიან. სწორედ ამიტომ ახერხებს მშენებელი ნებართვის მოპოვებას ისეთ ლოკაციაზე, სადაც მრავალსართულიანი შენობის ჩადგმა, უკვე არსებული რეგულაციებით, მათ შორის, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონით, დაუშვებელია. რამდენიმე შემთხვევაში, არ არის დაცული საჭირო დისტანცია შენობებს შორის, ხდება ურბანული მემკვიდრეობის ხელყოფა, ნადგურდება და ზიანდება ძეგლები, მიტაცებულია ტროტუარები, ირღვევა სამშენებლო რეგულაციები და უსაფრთხოების ნორმები...

ქალაქის ტერიტორიაზე რომ უკანონო (უნებართვო) მშენებლობები მიმდინარეობს და მათ შესაჩერებლად ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები არანაირ რეაგირებას არ ახდენენ, ეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშიც აღინიშნა. დოკუმენტი 2016-2018 წლების მდგომარეობას აფასებს. მასში ნათქვამია, რომ რიგ შემთხვევებში ნებართვები უკვე აშენებულ შენობებზე გაიცემა.

ყოველი მსგავსი ფაქტის შესახებ დასმულ კითხვაზე მერიის პასუხი იყო, რომ კომპანია დაჯარიმდა. თუმცა ჯარიმის გადახდის შემდეგ, მშენებლობა კვლავ გრძელდება, რაც აჩენს ეჭვს, რომ ხელისუფლება და დეველოპერი არამართლზომიერ გარიგებაში შედიან, ორმხრივი ინტერესებიდან გამომდინარე.

ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმის შექმნა გაურკვეველი დროით გადაიდო. ლაშა კომახიძემ, მერობის მესამე წელს განაცხადა, რომ საზოგადოებას ცათამბჯენების კომპლექსი ჩამოუყალიბდა. ამ დროს, სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის მიუხედავად, ბათუმის ისტორიულ ნაწილში, ზღვისპირა ზოლში, მაღალსართულიანი შენობების ჩადგმაზე არაერთი ნებართვა იყო გაცემული, ხოლო ძველი ბათუმის დამცველებს ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა დამაკნინებელ კონტექსტში მოიხსენიებდნენ. ამ პერიოდს უკავშირდება აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის, მიმართვა ძველი ბათუმის დამცველებისადმი: „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“.

თორნიკე რიჟვაძემ ჯერ კიდევ 2018 წელს განაცხადა, რომ ქალაქს გენერალური გეგმა სჭირდება, თუმცა იქვე დაამატა: „კატეგორიულად მიუღებელია გაჩერდეს პროექტები, მეწარმეებს შეექმნას პრობლემები, მშენებლებს - განსაკუთრებით... ორი მთავარი მიდგომა - ეს არის ბიზნესის თავისუფლება და ვერავინ გაბედავს, რომ მათ ჯიბეში ხელის ფათური დაუწყოს. მეორე არის, რომ ყველა ჩინოვნიკს მოეთხოვება გულგრილობისთვის და თუნდაც გადაწყვეტილების მიუღებლობისთვის პასუხი“.

ამ განცხადების შემდეგ საზოგადოებას გაუჩნდა განცდა, რომ მთავრობის თავმჯდომარე ლაშა კომახიძის მიმართ არაკეთილგანწყობილი იყო და უკვე იმ დღიდან ბათუმელების ნაწილი მერის გადადგომას ელოდებოდა. მთავარი კითხვა კი, ვინ აფათურებდა ხელებს ბიზნესის ჯიბეში, პასუხგაუცემელი დარჩა. თუმცა ბათუმის ისტორიული ნაწილის დამცველები აშკარად საუბრობდნენ, რომ ხელისუფლება გენერალური გეგმის მიღებას სპეციალურად აგვიანებს, რათა მშენებლობების ნებართვების გაცემა არ შეზღუდოს და მეტი ფული აკეთოს.

აქვე კიდევ ერთი საინტერესო დეტალიც: 2007 წელს „გეოგრაფიკმა“ მოამზადა ქალაქის მრავალფუნქციური განვითარების მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებს მოიცავს. ამ დკუმენტის საფუძველზე მოხდა ზონირება და შეიქმნა მონაცემთა ბაზა. 2017 წელს ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ იმავე კომპანიას 20 000 ლარი გადაუხადა საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაში, რომელიც ისტორიული განაშენიანებისა და განაშენიანების რეგულირების დაცვის ზონებს განსაზღვრავს.

მერიამ დოკუმენტი წარუდგინა საკრებულოს, რომელმაც ის მოიწონა და შითანხმა. ამის შემდეგ, პროცედურის თანახმად, პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგინა. სწორედ მაშინ გაირკვა, რომ ბათუმის მერმა პროექტი თვითნებურად შეცვალა და ისტორიული ზონის მასშტაბებიდან ის ადგილები ამოიღო, რომელთა ათვისებაც მსხვილ კომპანიებს მაღალსართულიანი შენობებით ჰქონდათ განზრახული. ამიტომ სამინისტრომ პროექტი დაახარვეზა და მერიას შენიშვნებით დაუბრუნა. იმის გამო, რომ ხარვეზები არ გამოსწორდა, პროექტი არ დამტკიცდა. ამის შესახებ ფაქტ-მეტრმა უკვე დაწერა.

პროექტიდან ერთ-ერთი სწორედ ის ადგილი ამოიღეს, სადაც „სილქ როუდ ჯგუფს“ ხუთი ცათამბჯენის აგება აქვს გადაწყვეტილი. ბათუმის რივიერად წოდებულ კონცხზე მაღალსართულიანი შენობების ჩადგმას არაერთი სპეციალისტი დაუშვებლად მიიჩნევს. მერიამ, აქტივისტებისა და საზოგადოების ნაწილის პროტესტის ფონზე, კომპანიას განაშენიანების რეგულირების გეგმა დაუმტკიცა. აღმოჩნდა, რომ პროექტის განხორციელებას მხარს უჭერდა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც პროტესტის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს „ნაციონალური მოძრაობისგან“ მართულები უწოდა. ამან გაამძაფრა ეჭვი, რომ თორნიკე რიჟვაძე ცენტრიდან მიღებულ დირექტივას ასრულებდა და ლაშა კომახიძე, პროექტის წინააღმდეგიც რომ ყოფილიყო, მაინც ვერაფერს გახდებოდა.

ჩავარდნილი შესყიდვა

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვს დოკუმენტაციის შემუშავების თაობაზე ტექნიკური დავალება 2018 წელს მომზადდა. ის სივრცითტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავებისთვის საჭირო კვლევების ჩატარებას ითვალისწინებს, რომელთა საფუძველზეც გეგმარებითი დავალება უნდა მომზადდეს.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავების 1-ლი ეტაპის შესყიდვის მიზნით, კონკურსი, რომლის ღირებულებაც 1 101 694 ლარი იყო, 2019 წლის 18 მარტს გამოცხადდა, მაგრამ მონაწილეობა არავინ მიიღო.

ამდენად, ლაშა კომახიძის დაპირება, რომ ბათუმს განაშენიანების გენერალურ გეგმას დაუტოვებდა, არ შესრულდა. კითხვა, როდის ექნება ქალაქს დოკუმენტი, რომელიც, გიორგი გახარიას მიერ გაცემული რეკომენდაციით, ფულის კეთებას დაასრულებს და ძველი ბათუმიდან რაც დარჩა, იმის შენარჩუნებას უზრუნველყოფს, კვლავ პასუხგაუცემელია. საზოგადოების ნაწილი კი ვერ გარკვეულა, რა იგულისხმა პრემიერმა „ფულის კეთებაში“, ვის გაუგზავნა მესიჯი. უკვე გაჩნდა მოლოდინი, რომ რეგიონში არაერთი თანამდებობის პირის სავარძელი გათავისუფლდება.

თეგები: