ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას სპეციალისტებიც და მოქალაქეებიც ხშირად საყვედურობენ, რომ მან განაშენიანების გენერალური გეგმა აქამდე ვერ მოამზადა. ადგილობრივი ხელისუფლება მუდმივად იმეორებს, რომ სამუშაოები მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში დოკუმენტი მზად იქნება. მანამდე კი უსისტემო, ყოველგვარი რეგულაციების დაცვის გარეშე მიმდინარე მშენებლობებს ეწირება საზოგადოებრივი სივრცეები, რეკრეაციული ზონები, ზღვის ხედი, ჰაერი და სინათლე ჩვენს ფანჯრებში.

ქალაქის მრავალფუნქციური განვითარებისთვის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებს მოიცავს, კომპანია „გეოგრაფიკმა“ ჯერ კიდევ 2007 წელს დაამუშავა. შედეგად, მოხდა ქალაქის ზონირება, შეიქმნა გეომონაცემთა ბაზა, რომელმაც გააერთიანა ინფორმაცია ქალაქის სოციალურ-კულტურული ინფრასტრუქტურის ობიექტების და მათი ადგილმდებარეობის შესახებ. ამ პროექტების ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები გათვალისწინებულია ბოლო საპროექტო დოკუმენტაციაში, რომელიც ისტორიული განაშენიანებისა და განაშენიანების რეგულირების დაცვის ზონების დასამტკიცებლად მომზადდა. მერიამ ეს მომსახურება საკონსულტაციო ცენტრ „გეოგრაფიკისგან“ 2017 წლის სექტემბერში 20 ათას ლარად შეისყიდა.

დოკუმენტის მიხედვით, ბათუმის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონის საზღვარი სანაპირო ზოლს მიუყვება. ამ ზონის ფართობი, რუკის მიხედვით, 183,8 ჰა-ს შეადგენს, ხოლო განაშენიანების რეგულირების ზონა - 41,2 ჰა-ს. რუკა შედგენილია 2017 წლის 24 დეკემბერს.

პროექტის პრეზენტაცია მიმდინარე წლის 14 მარტს გაიმართა. შეხვედრაზე ითქვა, რამდენად აუცილებელია, რომ მომავალში ქალაქს ჰქონდეს დოკუმენტი, რომელიც დეველოპერს სამოქმედო გეგმას განუსაზღვრავს. ქალაქის მერმა განაცხადა, რომ პროექტს, უმნიშვნელო ცვლილებებით, საკრებულოს წარუდგენდა.

საკრებულომ საკითხი 30 მარტს განიხილა და „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტაცია მოიწონა. განკარგულება, შემდგომი ღონისძიებების გატარების მიზნით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაეგზავნა.

როგორც აღმოჩნდა, მერიამ ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონის საზღვარი შეცვალა და საკრებულოს რუკის სხვა ვარიანტი წარუდგინა. შესაბამისად, სამინისტროშიც ეს ვარიანტი გააგზავნა. ცვლილებები შეეხო სამ ლოკაციას - მერიამ ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონის საზღვრიდან სანაპირო ზოლის ტერიტორია, ანბანის კოშკისა და დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიები ამოიღო, სწორედ ის ლოკაციები, სადაც „ცათამბჯენების“ აგება იგეგმება. აღსანიშნავია, რომ, ზონის საზღვრების ცვლილების მიუხედავად, ისტორიული განაშენიანების დაცვისა და განაშენიანების რეგულირების ზონის ფართობები უცვლელია. ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა ამ ფაქტს ტექნიკური შეცდომა უწოდა.

დოკუმენტაციაში ცვლილება საზოგადოება „ბათომმა“ აღმოაჩინა და ინფორმაცია გაავრცელა. „ბათომის“ წევრებმა მიიჩნიეს, რომ ლაშა კომახიძემ უფლებამოსილებას გადაამეტა, რადგან გადაწყვეტილება თვითნებურად, საზოგადოებასთან საჯარო განხილვების გარეშე მიიღო. 7 ოქტომბერს საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეებმა ხელისუფლებას ბათუმის დამახინჯების შეწყვეტისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებისკენ მოუწოდეს. ქალაქის მერმა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ცვლილება მსჯელობის შედეგად განახორციელა. მისი თქმით, დელფინარიუმთან, ასევე ანბანის კოშკთან, უკვე არის „ცათამბჯენები“, ამიტომ ამ ტერიტორიებს ქალაქის ისტორიულ ნაწილთან საერთო არაფერი აქვს. ლაშა კომახიძემ ისიც განაცხადა, რომ საზოგადოებას „ცათამბჯენების კომპლექსი აქვს“.

„გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებულ საპროექტო დოკუმენტაციაში შეტანილი „უმნიშვნელო ცვლილებები“ არც კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის აღმოჩნდა მისაღები. მან ბათუმის საკრებულოს მიერ მოწონებული (შეთანხმებული) საპროექტო დოკუმენტაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გადაუგზავნა. სააგენტოს ექსპერტებმა დოკუმენტაცია შეისწავლეს და ბათუმის მერიას ხარვეზების გასასწორებლად დაუბრუნეს. პარალელურად, ამის შესახებ საზოგადოება „ბათომსაც“ ეცნობა. წერილით, რომელიც ფაქტ-მეტრს „ბათომმა“ მიაწოდა, ირკვევა, რომ მერიას სააგენტოს წინადადებებისა და შენიშვნების შესაბამისად კორექტირებული დოკუმენტი კულტურის სამინისტროსთვის არ წარუდგენია.

7 ოქტომბრის აქციის მონაწილეებმა მწვანე კონცხის ერთ-ერთი მონაკვეთისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის შეცვლაც გააპროტესტეს. 20 366 კვმ ფართობის ტერიტორია პირდაპირი მიყიდვის წესით საქართველოს მთავრობამ შპს „ელიტ კონსტრაქშენ გრუპს“ 931 000 ლარად გადასცა (1 კვ მ - დაახლოებით 46 ლარი). გარდა ამ ტერიტორიისა, მწვანე კონცხზე, ბიზნესპროექტების განხორციელების მიზნით, ნაკვეთები კიდევ რამდენიმე კომპანიამ შეიძინა. როგორ უკავშირდება თითოეული მათგანი ბიძინა ივანიშვილის სახელს, ამაზე საუბარია სტუდია Rec-ის მიერ მომზადებულ ფილმში. საზოგადოების ნაწილი ამ გადაწყვეტილებებს სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებს და კორუფციულ კვალს ხედავს. ქალაქის მერი კი საპროტესტო ტალღას ოპოზიციის მიერ მართულად მიიჩნევს.

აქციაზე საზოგადოება „ბათომმა“ ხელისუფლებას ოთხი მოთხოვნა წაუყენა: საკრებულომ მოიწვიოს სხდომა და შეითანხმოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონა კვლევის შედეგად დადგენილ საზღვრებში; მანამდე შეჩერდეს დემონტაჟისა და სამშენებლო ნებართვების გაცემა; დაუბრუნდეს მწვანე კონცხის ნაკვეთს სარეკრეაციო ზონის სტატუსი; ზემოაღნიშნულ ტერიტორიებზე განსახორციელებელი პროექტები შეთანხმდეს საჯარო განხილვის შედეგად.

საკრებულომ 19 ოქტომბერს „ღია კარის სხდომა“ დააანონსა. ფორმატის მიხედვით, მოქალაქეების მიერ დასმულ საკითხებზე დებატები არ გაიმართება. კითხვის დასმის უფლება მხოლოდ სხდომის თავმჯდომარეს აქვს. ოქმში დაფიქსირდება მოქალაქეების მიერ წამოჭრილი საკითხები, რომლებსაც შემდეგ ბიურო შესაბამის კომისიებს და/ან მერიას წარუდგენს. საზოგადოება „ბათომის“ წევრი და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ჟურნალისტი ირმა ზოიძე მიიჩნევს, რომ ამ ფორმატის სხდომას ფორმალური სახე ექნება და თვითმმართველობის გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს. მისივე თქმით, გამორიცხული არაა, ხელისუფლებამ რაიმე სახის პროვოკაციის ორგანიზება მოახდინოს. ამ ტიპის მოლოდინი საზოგადოებაშიც არსებობს. არსებობს აზრი, რომ პროტესტის გაგრძელების შემთხვევაში, ხელისუფლება აქციის მონაწილეებს თავის მომხრეებს დაუპირისპირებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქალაქის ძველ უბანში მოსახლეობის ნაწილი ძველ და ამორტიზებულ სახლებში ცხოვრობს, რომელთა დემონტაჟის წინააღმდეგაც „ბათომი“ ხშირად გამოდის, რაც ამ სახლების მობინადრეების გულისწყრომას იწვევს, კონტრაქციის მობილიზება რთული არ იქნება.

„ბათომი“, ხელისუფლების მხრიდან მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აპირებს, სამართალდამცავ ორგანოებს მიმართოს. სასამართლოსთვის მიმართვას აპირებენ ის მოქალაქეებიც, რომლებიც ბათუმის მერიის მიერ გაცემული სამშენებლო ნებართვების შედეგად „ჩაბეტონებული“ აღმოჩნდნენ.

ინფორმაციისთვის, „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებულ დოკუმენტაციაში წერია, რომ საჭიროა თავის შეკავება განაშენიანებაში ისეთი ახალი ობიექტების ჩართვისგან, რომლებიც ამცირებენ ძეგლთა არქიტექტურულ-კომპოზიციურ როლს ქალაქის, ქუჩებისა და მოედნებისთვის იერის შენარჩუნებაში. ამ ეტაპზე ძნელია იმის თქმა, გაითვალისწინებს, თუ - არა ბათუმის მერია იმ რეკომენდაციებს, რომლებისთვისაც, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული, „გეოგრაფიკს“ ბიუჯეტიდან სოლიდური თანხები გადაუხადა.

თეგები: